ნატო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჯარების განლაგებას გეგმავს

ნატო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჯარების განლაგებას გეგმავს

The Sunday Times-ის ინფორმაციით, ნატო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჯარების განლაგების გეგმებზე მუშაობს. გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების 
თავდაცვის მინისტრები აღნიშნულ გეგმებს მიმდინარე კვირას ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. შეხვედრაზე სექტემბრის სამიტის პროგრამა უნდა მომზადდეს.

გამოცემაThe Sunday Times აღნიშნავს, რომ 1997 წელს ნატო-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ აქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დასავლეთის სახელმწიფოები არ განალაგებენ მნიშვნელოვან შეიარაღებულ ძალებს ელბას აღმოსავლეთით. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ეს პირობა დაცული იყო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ვითარება შეცვალა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაჩნდა, როდესაც რუსეთმა ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რაც აღქმულ იქნა, როგორც აბუჩად აგდება დასავლეთთან მიმართებაში, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

ნატოს მიერ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჯარების განლაგების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაიანის მოვლენებმა ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, მათ შორის ნატოს შიგნით და მოხდა შესაბამისი მიდგომების ცვლილება.

„ნატომ, ცივი ომის დამთავრების შემდეგ პირველად აღიარა, რომ რუსეთს აღიქვამს მოწინააღმდეგედ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ნატოს სტრატეგიული მიდგომის კუთხით. რაც შეეხება ჯარების განლაგებას, მოდით ჯერ დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან აქტიური მსჯელობები მიდის კონფიგურაციაზე და იმაზე, რომელ ქვეყნებში მოხდება გაძლიერება“, - აცხადებს მუჩაიძე.

კონკრეტულად პოსტსაბჭოთა სივრცის რომელ ქვეყნებში გეგმავს ნატო ჯარების განლაგებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება და მათ შორის ნატო-ს მომავალ სამიტზე.

„მე ვფიქრობ, რომ საუბარია, უფრო, ნატოს წევრ ქვეყნებზე - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, არ უნდა იყოს საუბარი ნატოს კონტიგენტის განლაგებასთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიაზე. ბოლოდროინდელი მოვლენები - დაწყებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციით, შემდგომში უკრაინაში განვითრებული მოვლენებით - რუსეთის მხარემ ყველანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებულ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემას და საერთოდ, ზოგადად, ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობას ფაქტობრივად, დიდი დარტყმა მიაყენა. აქედან გამომდინარე მოხდა ნელ-ნელა ნატოს ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ცვლილება. რუსეთი უკვე აღიქმება როგორც მოწინააღმდეგე, ხოლო მისი ქმედებები - როგორც ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ უკრაინა, პოლონეთი და ლიტვა ერთობლივ სამხედრო ბრიგადას ქმნიან და ერთობლივი სამხედრო შენაერთი ექნებათ, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისათვის.

„კონკრეტულად, რა წერტილებში განთავსდება ძნელი სათქმელია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურის განთავსებას სჭირდება გარკვეული დრო და პერიოდი. გადაწყვეტილების მიღებიდან მის რეალიზებამდე ელემენტალურად, ლოჯისტიკურად, ტექნიკურადაც, ამას რაღაცა პერიოდი სჭირდება და თუკი ეს მოხდება ალიანსის არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ამ ქვეყნებს საფრთხე არ შეუქმნას.

მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ალიანსის წევრი სახელმწიფოების გაძლიერებაზე და უფრო, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზეა საუბარი. თუმცა, თუ ის სახელმწიფოები, რომლებიც რისკის უფრო მაღალ ზონაში იმყოფებიან (ასეთ ზონაში არის საქართველოც), თავდაცვის შესაბამის საშუალებას მიიღებენ, ძალიან კარგია, რადგან ეს მათ თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ერთ რაუნდზე არ იქნას მიღებული და გარაკვეული დრო დასჭირდეს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ. ყველაზე მთავარი არის სამიტის დღის წესრიგი და რაც უფრო ნაკლები დრო რჩება უელსის სამიტამდე, უფრო მეტი რამ გვინდა იყოს ნათელი, მაგრამ რეალურად კითხვის ნიშნები უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე როგორ მოიქცევა რუსეთის ფედერაცია“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

უკავშირდება თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმები, რუსეთსა და ჩინეთის მიერ ბუნებრივი აირის მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, ფხალაძე თვლის, რომ ეს საკითხი ნატოს გეგმებთან კავშირში არაა.

„ნამდვილად არაა ეს მაინცდამიანაც ამ კონტექსტში. პირველი, ეს არის რუსეთის ქმედებები უკრაინაში. ნომერ პირველი პრობლემა არის ის, რომ რუსეთმა თავისი სრულიად თავხედური საქციელით, მთლიანად ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა. თანამედროვე სისტემა ისეა აგებული, რომ უნდა სრულდებოდეს ხელშეკრულებები და მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ვალდებულებები.

რუსეთის წყალობით ეს სიტემა დადგა საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ამას მოჰყვება ეს ქმედებები. როდესაც ვსაუბრობთ გაზის თემაზე, რა თქმა უნდა, ეს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ იმ გაზის კონტრაქტში მილიონი კითხვის ნიშანია და ჯერ კიდევ არავინ იცის რა აშენდება, როგორ აშენდება და როგორ განვითარდება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები. მაგრამ, ყველაზე მთავარია ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი ქმედებებით მოახერხა მთელი მსოფლიოსთვის დამეტკიცებინა, რომ ეს არაა ის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.