„კახეთში ხუმრობენ - მილიარდერი ავირჩიეთ და ღარიბაშვილი შეგვრჩა ხელშიო“.

„კახეთში ხუმრობენ - მილიარდერი ავირჩიეთ და ღარიბაშვილი შეგვრჩა ხელშიო“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება გამოუძიებელი საქმეებით, მინისტრების გაზრდილი პრემიებით თუ ხელფასებით და პრემიერ-მინისტრის დაპირებით, რომ ნაცმოძრაობასთან სამარცხვინო კოაბიტაცია უნდა დასრულდეს.

„ვინ გიშლით, ბატონებო, ხელს, რომ კოაბიტაცია დაასრულოთ?!“ - ეს შეკითხვა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ოპონენტის, ნინო ბურჯანაძისთვისაა აქტუალური, საზოგადოების ნაწილიც ეჭვის თვალით შეჰყურებს მომავალს და აინტერესებს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რეალურად დასრულდება კი უკვდავი კოაბიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ 27 ოქტომბრის შემდეგ უნდა ჩაბარებოდა პოლიტიკურ სანაგვეს?

იმის მიუხედავად, რომ კოაბიტაციამ თავისი თავი უკვე ამოწურა, ინერციით ხომ არ გაგრძელდება კოაბიტირება ყოფილ ხელისუფლებასთან და ისევ ხომ არ მოვისმენთ შეჩვეულ ფრაზებს - დასავლეთი ნაცმოძრაობის წევრთა გასამართლებას რადიკალურად ეწინააღმდეგება?! ეს მაშინ, როცა დასავლეთში სწორედ საკუთრების დაცვაა დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა, რისი უფლებაც ნაციონალებმა საკუთარ ხალხს შეულახეს.

ნებისმიერ ხელისუფლებას შემაკავებელი ფაქტორი სჭირდება. ამდენად, რა უნდა იქცეს ასეთ ფაქტორად „ქართული ოცნებისთვის“, რათა გამარჯვებებით თავბრუდახვეულებმა ნაციონალების შეცდომა არ გაიმეორონ, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში მონსტრად ჩამოყალიბდა?!

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ჩანს და ის ვერ გახდება „ქართული ოცნების“ შემაკავებელი ფაქტორი. ასე მოხდა სულ ახლახანს, როცა მინისტრების პრემიებმა ამ ღატაკ ქვეყანაში პიკს მიაღწია და ისეთი ავტორიტეტული პირი არავინ აღმოჩნდა, ვინც მათ ამის გამო მორალურ ვალდებულებებს მაინც შეახსენებდა.

რაც შეეხება მესამე ძალას, ის იმდენად ძლიერი არ არის, რომ მისი ფაქტორი შემაკავებელი აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“, ნაციონალების კრიტიკა კი ისევ ნაციონალებისთვისაა საზიანო, რადგან მათ ხალხში დასაყრდენი არ ჰყავთ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ მონსტრად იმაზე სწრაფად ყალიბდება, ვიდრე თავის დროზე - ნაცმოძრაობა. ჩვენს საზოგადოებას კი ამ ერთპარტიულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება აქვს. ერთპარტიული იყო კომუნისტური რეჟიმი, გამსახურდიას არშემდგარი ხელისუფლება, შევარდნაძის, სააკაშვილის მმართველობები, დღეს კი ასეთი პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის არჩევნების დროს გადაიდგა, როცა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ილუზიონისტმა, შლაპიდან უცებ ბაჭიას მსგავსად გამოიყვანა მარგველაშვილი. პირადად „ოცნებისა“ და ივანიშვილ-ღარიბაშვილისთვის ეს არცთუ წარმატებული ნაბიჯი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილს ასეთი ბევრი შლაპები აქვს. მეორე შლაპიდან მან უცბად გამოიყვანა დავით ნარმანია, რაც ერთხელისუფლებიანობისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო.

პოლიტოლოგის აზრით, მარგველაშვილი ლირიული გადახვევაა ივანიშვილისთვის, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ელემენტარულად, არანაირი ძალა არ გააჩნია, მაგრამ სულ სხვაა დედაქალაქის მერის ძალა. მით უმეტეს, დედაქალაქის მერი არცთუ დამსახურებულად იქნება აღზევებული. „სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლა, ათასი ბარიერი გადალახა, ნარმანიას კი რა ბრძოლა გადაუტანია?!“, -  აინტერესებს პოლიტოლოგს, რომლის თქმითაც, ნარმანიას სამი წლის წინ კაციშვილი არ იცნობდა.

„ახალი ხელისუფლების აღზევებას შეაკავებს ჩვენი საზოგადოება, თუკი ჩვენს საზოგადოებას ეყოფა პოლიტიკური განათლება, რომ აღვირი ამოსდოს ერთპარტიულ მმართველობას. მაგრამ ეს უკვე ილუზიებია, რადგან საიდან მოვლენ მაღალი პოლიტიკური კულტურის ადამიანები? ჩვენი უნივერსიტეტები იძლევიან ამდენ განათლებას?! ის დრო, რაც სააკაშვილს დასჭირდა, რომ მისი პარტია მონსტრად ქცეულიყო, ახლა ძალიან შეიზღუდა. მახსოვს, 2004 წელს ვიყავი სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, მას ყოველდღიურად ვხედავდი, ხან თვითონ მეძებდა, თუმცა 2005 წლის შემდეგ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა ვერტიკალი. 2008 წლის ომამდე, რასაკვირველია, ოპოზიციაც იყო, მოსმენებიც იყო, მაგრამ ასეთი უკმაყოფილება, როგორც დღეს არის, არ ყოფილა. უკმაყოფილება აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს მოჰყვა, როდესაც წითელ ხაზს გადააბიჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. დღეს ეს ძალიან მალე მოხდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ნაციონალების მოსვლისას ასეთი მოლოდინი არ იყო. ახლა კი, როდესაც ამოდენა დაპირებები გასცა „ქართული ოცნებამ“, ის თავიდანვე რეიტინგის დაცემისკენ იყო განწირული. გრაფი მონტე-კრისტოს ხელგაშლილობით რას აღარ გვპირდებოდნენ. ჟირინოვსკის არ იყოს, არჩევნებში თავის ხალხს ჰპირდებოდა -  „კაჟდოი ბაბე პა მუჟიკუ, კაჟდომუ მუჟიკუ პა ბუტილკე ვოდკი“. ვიცოდი, რომ „ოცნებას“ არ შეეძლო დაპირებული ტარიფების შემცირება, მაგრამ ასეთ ნეპოტიზმს არ მოველოდი“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ ავურიეთ ერთმანეთში მართლმსაჯულების აღსრულება და სამართლიანობის აღდგენა. პირველი მათგანი პროკურატურის, სასამართლოს პრეროგატივაა და არა - ხელისუფლების. ხოლო მეორე - სამართლიანობის აღდგენა, თანასწორობა კანონის წინაშე. ამ დროს კი, რომელ თანასწორობაზეა საუბარი, როცა მინისტრი, რომელსაც ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, პენსიონერის 20 წლის პენსიის ტოლა პრემიას იღებს ერთ თვეში?! ამის შემდეგ ზოგიერთ მინისტრს ყოფნის ცინიზმი და თავხედობა, რომ ეს გაამართლოს, თუ არ მივეცით ამოდენა ფული, წავა კერძო სექტორშიო.

„ერთი ამიხსენით, ჩვენ ამერიკაში ვცხოვრობთ თუ საქართველოში? ეს ხალხი ვის რა ჭირად უნდა კერძო სექტორში? ეს ამერიკაში ხდება, მინისტრი გადადგება და მისი ადგილი უკვე არის „ჯენერალ ელექტრიკის“ პრეზიდენტად და სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ტოტალური უმუშევრობაა. ესენი უკვე მონსტრად გადაიქცნენ. აქ ნეპოტიზმი მძლავრობს, რაც სააკაშვილის პირველ პერიოდში არ ყოფილა. ეს დალოცვილი ივანიშვილი, თუ წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, სულ წავიდეს, თუ არადა, სანახევროდ წასვლა არ გამიგია, ყოფილიყო პრემიერად. კახეთში ხუმრობენ, ასე გამოვიდა, მილიარდერი ავირჩიეთ და ღარიბაშვილი შეგვრჩა ხელშიო. არ არის ცუდი ბიჭი ღარიბაშვილი, ცდილობს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა, გამოუცდელია, დამოუკიდებელი აზროვნების სკოლა, ეს ყველაფერი დროს, ასაკს და გამოცდილებას მოაქვს. ჩვენ ცაიტნოტში ვართ, არ გვაქვს დრო, რომ მინისტრმა გამინისტრების შემდეგ ისწავლოს საქმე. შევარდნაძე ამბობდა ერთ მინისტრზე, როგორც იქნა ისწავლა მუშაობა და ახლა მოვხსნაო?! ამიტომ ჩვენ მივდივართ ერთპარტიული მმართველობისკენ. არცერთ პარლამენტს საქართველოში არ ჰქონია ავტორიტეტი, მაგრამ ამან ყველას გადაუჯოკრა“,- აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლება ნაციონალების მსგავსად, მონსტრად არ იქცეს, ფორმულა მარტივია-  თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველს სამი არჩევანი აქვს გასაკეთებელი და, თუ ის ყველა კვერცხს ერთ ბუდეში არ ჩადებს, მაშინ განსხვავებული აზრი იარსებებს ქვეყანაში.

„არა მგონია, წელს ასე უპირობოდ რომელიმე ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხოს სავარძლების სრული მონოპოლიზაცია. ცხადია, იქნება განსხვავებული აზრი არჩევნების დროსაც. რასაკვირველია, გარკვეული უპირატესობა გააჩნია ჩვენს ხელისუფლებას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტრადიციული ჩვენი გამოცდილება ამას გვკარნახობს, არამედ იმიტომაც, რომ ჯერჯერობით ორგანიზებულ და მყარ გუნდს წარმოადგენს და არ ეწევა საკუთარი გუნდის წევრების ექსპორტს რომელიმე ქვეყანაში მრჩევლების სახით. ამიტომ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა, უნდა მივცეთ ხმა, ვინც მიგვაჩნია უკეთესად და მერე მასთან ერთად ვაგოთ პასუხი მისსავე მოქმედებაზე“, - გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მესამე ძალა წარმოდგენილია ათამდე სუბიექტით, რამდენიმე კოალიციის სახით და მათი შეუთანხმებლობა წყალს ასხამს მხოლოდ დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლებების წისქვილზე. ექსპერტის აზრით, ვერავის ვერ დავაბრალებთ ასეთ რეალობას, საკუთარი თავის გარდა. სწორედ ასეთი მაჩვენებელი ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ კულტურას. ამდენად, სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, კიდევ რამდენიმე არჩევნები დაგვჭირდეს, რომ სირცხვილად ვაღიაროთ ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში 230-მდე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, არჩევნებში მონაწილე ჩვენმა სუბიექტებმა წარადგინონ კვალიფიცირებული დასკვნა კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობაზე მოხვედრის 50-ზე მეტი მსურველი აღარ იქნება და სერიოზულად შემცირდება კანდიდატების რაოდენობა“.