კახა კუკავა: „მთავარია, მოვახერხოთ და ნარმანიასთან დავრჩეთ პირისპირ“

კახა კუკავა: „მთავარია, მოვახერხოთ და ნარმანიასთან დავრჩეთ პირისპირ“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. მალე თბილისს ახალი მერი ეყოლება. რამდენად ობიექტურ საარჩევნო გარემოში ჩაივლის არჩევნები, ვის დაუჭერს ხალხი მხარს, სამიოდე კვირაში გამოჩნდება. მანამდე კი საინტერესოა, რას სთავაზობენ დედაქალაქის მერობის კანდიდატები ამომრჩეველს.

„ახალმა მემარჯვენეებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაასახელეს. „არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი ყველასგან ბევრი ნიშნით არის გამორჩეული. ჩვენი კანდიდატი კახა კუკავა იქნება. ამ კანდიდატის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციაში დიდი ხანია საუბრობენ“, - ასე შეაფასა მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ მერობის კანდიდატი წარდგენისას. შეგახსენებთ, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი - „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ შექმნეს...

For.ge ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობის კანდიდატს, კახა კუკავას ესაუბრა.  

ბატონო კახა, ამომრჩევლისთვის საინტერესოა თქვენი საარჩევნო პროგრამის ძირითადი ასპექტები, რა მნიშვნელოვან თემებს გამოყოფდით?

- ჩვენი პროგრამა გამოქვეყნებულია პუნქტობრივად, თუმცა შემიძლია გამოვყო ძირითადი მიმართულებები. პირველი, ეს არის ეკონომიკური ბლოკი, სადაც აქცენტს ვაკეთებთ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაზე - ფიქსირებული გადასახადის შემოღება გვინდა მცირე მეწარმეებისათვის. გარდა ამისა, გვინდა მცირე სესხების გაცემა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული იმ კაბალურ პირობებთან, რომელიც დაწესებული აქვთ კომერციულ ბანკებს.

სოციალურ სფეროში ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ე.წ. ძვირადღირებული ჯიპებისა და პრემიებისთვის საბოლოო წერტილის დასმა თბილისის მასშტაბით და გამოთავისუფლებული თანხებით დამატებითი სოციალური პროექტების დაფინანსება. პირველ რიგში, ეს არის, მწვავე ოპერაციების დაფინანსება არასრულწლოვანებისათვის, სტუდენტური გრანტების, ასევე მრავალშვილიანების დაფინანსება.

ჩვენი პროგრამის მესამე ბლოკი მოიცავს ქალაქის ეკოლოგიურ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ისტორიულ და მწვანე ზონაში შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა, ხოლო ქალაქის დანარჩენი ნაწილის განაშენიანება გაგრძელდეს მხოლოდ გენერალური გეგმის ფარგლებში.

წინა ხელისუფლების დროს ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ დედაქალაქში სააკაშვილის გემოვნებით შენდებოდა უცნაური შენობა-ნაგებობები. საზოგადოება განსაკუთრებით რიყის სახეცვლილებით იყო აღშფოთებული. თქვენს გეგმებში ხომ არ შედის ამ უბნის სახის კორექტირება?

- უკვე აშენებული შენობა-ნაგებობები სერიოზული პრობლემაა, რადიკალური გადაწყვეტილების მომხრე ვიქნებით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუმცა ამასაც კომპეტენტური ორგანოების დასკვნა სჭირდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ დემონტაჟი შეიძლება ჩატარდეს, მაგალითად, „შანგრილას“ შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს კორექტირება - მშვიდობის ხიდს რაც შეეხება, შეიძლება, თვითონ ხიდი დარჩეს, მაგრამ იმ საფარზე, რაც იწვევს არქიტექტურული ანსამბლის დარღვევას, უმჯობესია, იმსჯელონ არქიტექტორებმა - რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, ამ საფარის დემონტაჟი.

გარდა ამისა, არის ზოგიერთი შენობის გადატანის ვარიანტი, რიყეზე რომ კეთდება საკონცერტო დარბაზი, კონკრეტულად მის გადატანასთან დაკავშირებით სპეციალისტები მუშაობენ და მეც ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელ სიმახინჯეს წარმოადგენს და თუკი მოხერხდება მინიმალური დანახარჯებით მისი გადატანა, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი თემა იყო აქტუალური, სკვერებში ჩადგმული პოლიციის შენობები, ამასთან დაკავშირებით როგორი პოზიცია გაქვთ?

- ვფიქრობ, რომ პოლიციის შენობები არ უნდა იყოს ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილი. არ ვარ იმისი მომხრე, რომ ნგრევით დაიწყოს ახალმა მერიამ მუშაობა, მაგრამ ახალი გენერალური გეგმა როდესაც დამტკიცდება, იქ უნდა ჩაიწეროს, რომ პოლიციის შენობები არ უნდა იყოს ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი პოლიციის შენობების გახსნაზე საერთოდ არ გაიცემა ნებართვა, ხოლო რაც მოქმედი შენობაა, შესაძლოა, ზოგიერთს ფუნქცია, ზოგიერთის - ფასადი შეიცვალოს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რადგან არ შეიძლება, ერთ უკეთურებას მეორე უკეთურება დავუპირისპიროთ.

ტრანსპორტის კუთხით რა არის მოსაწესრიგებელი?

- ამ მიმართულებით გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა თბილისში და როდესაც ვთქვი, რომ ქალაქის განაშენიანება უნდა მოხდეს გენერალური გეგმის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, თბილისში აღარ უნდა აშენდეს აღაც საცხოვრებელი ფონდი და აღარც სავაჭრო ფართები. მთელი აუთვისებელი ტერიტორია უნდა მოხმარდეს რეკრეაციული ზონის, ავტოსადგომების და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თბილისს აღარ სჭირდება საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები, თბილისს სჭირდება მხოლოდ გზები და ავტოსადგომები.

დღესაც ვიყავით ნავთლუღში, რამდენიმე დღის წინ კი დიდუბეში, ვესტუმრეთ იმ ობიექტებს, სადაც პირდაპირ ტროტუარებზე შენდება სავაჭრო ცენტრი ან სულაც ავტოსადგომის ადგილას.

ეს არის პირდაპირ, კომერციული მშენებლობის ნებართვები, რომელსაც გასცემენ „ოცნებისა“ და ნაციონალების ჩინოვნიკები და რაც იწვევს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დამახინჯებას. 

როდესაც გენერალურ გეგმაში გათვლილია, რომ რომელიღაც უბანს ემსახურება რომელიღაც მაგისტრალი, ეს ყველაფერი არის გათვლილი. როდესაც იმ უბანს ამატებ საცხოვრებელ კორპუსებს ან სავაჭრო ცენტრებს და არ ამატებ კომუნიკაციებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ კომუნიკაციები გადაიტვირთება ნორმის ზევით.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, რამდენად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოა და რა შეიცვალა ამ კუთხით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

- თუ შევადარებთ 2012 წლის საარჩევნო გარემოს, პროგრესი არის ის, რომ ფიზიკური ძალადობა არ ხორციელდება ოპოზიციის მომხრეების მიმართ. ეს საარჩევნო გარემო უფრო ჰგავს 2010 წლის საარჩევნო გარემოს, წინა ადგილობრივ არჩევნებს, როდესაც ფიზიკური ძალადობა არ იყო, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადმინისტრაციული რესურსის, ფინანსების და მედიის მონოპოლიზაციის გზით მიიღო სასურველი შედეგი.

დღეს საარჩევნო გარემო არის ისეთი, რომ „ოცნებას“ სურს, მხოლოდ ორი ოპონენტის აღიარება, ეს არის ბურჯანაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველანაირად ცდილობს, რეალურ ოპოზიციურ პარტიებს მოუსპოს არსებობის საშუალება.

დღეს ოცნების მთავარი კონკურენტები ვართ ჩვენ, რადგან არ გვაქვს მათთან რაღაც კულუარული შეთანხმება და სწორედ ამიტომაც დაპირისპირების ყველაზე მწვავე ხაზი გადის სწორედ „არასაპარლამენტო ოპოზიციასთან“.

ალბათ ამჩნევთ, რომ არც ერთ ტელეარხზე არ გადის ჩვენი რეკლამა, არც ერთ სატელევიზიო დებატებში არ იწვევენ „არასაპარლამენტო ოპოზიციას“, არც ერთი ბილბორდი და არც ერთი პლაკატი არ არის, სადაც პირველი ნომრის რეკლამა იქნებოდა გაკეთებული.

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გაქვთ შენიშვნები?

- სიები არის იგივე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. რატომღაც ის ხალხი, რომელიც ამ სიებს აკრიტიკებდა წინა ხელისუფლების დროს, დღეს კმაყოფილია. ამიტომ ჩვენ მაინც და მაინც არ გვესმის, რაში მდგომარეობს მათი კმაყოფილების საფუძველი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი შანსი როგორია?

- ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ გავიდეთ მეორე ტურში და თუ მივაღწიეთ იმას, რომ მეორე ტურში აღმოვჩნდით, ნარმანიას აუცილებლად მოვუგებთ. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული - მთავარია, მოვახერხოთ და ნარმანიასთან დავრჩეთ პირისპირ.

წინა არჩევნების დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის წინასწარ იყო ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა, რადგან ხელისუფლება ყოველთვის ახერხებდა არჩევნების გაყალბების ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზით წარმატების მიღწევას. ამ არჩევნებზე როგორი პროგნოზი გაქვთ?

- არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა საქართველოში 1992 წლიდან მოყოლებული, ოღონდ ამის მიუხედავად, ხან მახინჯდება შედეგი, ხან - არა. გასაგებია, რომ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, ოღონდ გაყალბებასაც აქვს თავისი ლიმიტები. ამიტომ, აუცილებელია, ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი, მეორე ტურში დავრჩეთ „ოცნების“ პირისპირ.

არჩევნები რომ არ გაყალბდეს, მაშინ ეს ყველაფერი საბრძოლველი კი არა, გარანტირებული გვექნებოდა. რადგან ნარმანიას რეალური რეიტინგი დღეს ქალაქში არის დაახლოებით სამი პროცენტი. გასაგებია, რომ ის დააყენა მილიარდერმა, ამდენი მონოპოლიები და ტელევიზიები ემსახურებიან და ამიტომაც, აქვს საერთოდ, რაღაცის შანსი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი ხმები არ უნდა ასცდეს 30%-ს და აქედან გამომდინარე, ვიბრძვით იმისათვის, რომ მეორე კონკურენტი იყოს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“.

რას უნდა ელოდოს თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მოსახლეობა ისეთს, რასაც ვერ გააკეთებდა ხელისუფლების ან სხვა რომელიმე საარჩევნო ბლოკის მერობის კანდიდატი?

- ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ჩემი პროგრამა აქვთ გადაწერილი ქაღალდზე და რაც მე დავწერე, ყველა იმას ლაპარაკობს. მაგრამ ჩემი ბიოგრაფია კარგად იცის ქართველმა ამომრჩეველმა.

ბოლო ათი წლის მანძილზე, ვარ მუდმივად ოპოზიციაში, იმიტომ, რომ ვიცავ ჩემს პრინციპებს. ჩემი ოპონენტი არის ის ხალხი, რომელიც ზოგი დღეს არის ხელისუფლებაში, ზოგი ორი წლის წინ იყო ხელისუფლებაში, ზოგი - 5 წლის წინ და არც ერთი მათგანი არ გამოსულა თავისი ხალხის გვერდით არც 7 ნოემბერს, არც 9 აპრილს და არც 26 მაისს. მე ვიდექი მარტო და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნების შემდეგაც მელიაც, ნარმანიაც და სხვა კანდიდატებიც მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ მთელი ამ წლების მანძილზე - ხელისუფლებასთან ალიანსით იყვნენ დაკავებულები.

ჩვენ ერთადერთი ძალა ვართ „არასაპარლამენტო ოპოზიცია“, რომელსაც გვაქვს იმისი რესურსი, რომ რასაც ვიტყვით ის გავაკეთოთ. ჩვენ ვთქვით, რომ დავჭრით მანდატებს 2008 წელს - ეს იყო საკმაოდ მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილება და დავჭერით, მაგრამ ზოგიერთებმა არ დაჭრეს და გახსოვთ, ალბათ რა ნაბიჯიც გადადგეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის, როცა ხარ არჩევანის წინაშე, ადამიანს ენდო თუ არა, ყოველთვის უნდა გადახედო მის განვლილ გზას.