რუსეთმა აფხაზეთისთვისაც მოიცალა

რუსეთმა აფხაზეთისთვისაც მოიცალა

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დე-ფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა იძულებული გახდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს - „პრეზიდენტის“ გადადგომას.

დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ აშუბას განცხადებით, ყველანაირი ზომის მიღება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით განიმუხტოს. მოქმედმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების ძალისმიერი გზით გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. თავად ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმი გვიან ღამით დატოვა და ბოლო ინფორმაციით გუდაუთაში იმყოფება.

მთავრობის გადადგომასთან ერთად, აფხაზური ოპოზოციისმთავარი მოთხოვნა იმ ეთნიკური ქართველების გასახლება იყო, რომელთაც აფხაზური პასპორტები დარღვევებით აქვთ მიღებული. როგორც ცნობილია უკანონო პასპორტიზაციის სკანდალის შემდეგ, გალისა და ოჩამჩირის მკვიდრს დაახლოებით, 26 ათას ქართველს ე.წ. აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს, იმ მოტივით, რომ კანონდარღვევით ჰქონდათ აღებული.

ასევე, არ გასცემენ დოკუმენტებს სკოლადამთავრებულთათვის და ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას პრობლემები ექმნება პენსიებისა და ხელფასების მიღებასთან დაკავშირებითაც. აფხაზური ტელევიზიის ეთერით მიმართვისას დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ოპოზოციასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, თუმცა ქართველების გასახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს.

„ჩვენთან ადმინისტრაციაში მოვიდნენ მომიტინგეთა საკოორდინაციო საბჭოს წევრები – რაულ ხაჯიმბა, ახრა ბჟანია და სხვები. ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება. სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ. იყო კატეგორიული მოთხოვნებიც, რომ პოსტიდან უნდა გადავდგე. შემდეგ დავუბრუნდით იმ საკითხს, რომ შესაძლოა, უნდა გავათავისუფლოთ მინისტრთა კაბინეტი, ასევე, გენერალური პროკურორი და ორი რაიონის - გალისა და ტყვარჩელის რაიონების ხელმძღვანელები“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.

სოხუმში მიმდინარე აქციაზე ანქვაბის მთავარი ოპონენტი,აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გამოჩნდა. ხაჯიმბა ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომელიც აფხაზეთის ყველა საჭირო სტრუქტურის ფორმირებას განახორციელებს. შექმნილი ვითარების მიუხედავად „ხელისუფლება“ სიტუაციას აკონტროლებს. 

პარალელურად, სოხუმის ცენტრში დრამატული თეატრის წინ აფხაზური ოპოზიციის რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია გრძელდება, რომლის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბისა და მთლიანად მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. აფხაზურმა ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, რის შედეგადაც ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ შესასვლელი კარიც ჩაამტვრიეს და შიგნითაც შეაღწიეს. 

დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ტელევიზიის შენობები კვლავ შეიარაღებულ პირებს აქვთ დაკავებული. ისინი ე.წ. აფხაზური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სხვა მხრივ სიტუაცია რეგიონში შედარებით მშვიდია. 

მთავარი პრეტენზია რასაც ე.წ. ოპოზიცია ანქვაბს უყენებს რუსეთთან არასაკმარისი ინტეგრაციაა.აქციის ერთ-ერთი მონაწილის, პოეტ ვლადიმერ ზანთარიას განცხადებით, „აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ჩვენთვის უწმინდესი საქმეა“.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი გაბია კი აცხადებს, რომ ქვეყანა დოტაციაზე ცხოვრობს. მისი თქმით, იმ 900 მილიონი დოლარიდან, რომელიც რუსეთმა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისთვის გამოყო, დიდი ნაწილი პრეზიდენტმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა პასუხი გასცეს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და კრიზისიდან გამოსავალი ერთად მოვძებნოთ, ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მის გარდა ვერავინ გახდება პრეზიდენტი. ეს ხომ ჩრდილოეთ კორეა არაა, რომ დაუსრულებელი ერთპიროვნული მმართველობა იყოს. აფხაზეთი ცვლილებების მოლოდინშია“, - აცხადებს ვიტალი გაბია.

აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე რაშიდ ნურგალიევი ჩავლენ. აფხაზეთში შექმნილი ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩისლავ ჩირიკბამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს. კარასინის განცხადებით, აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ძალიან სწრაფად სტაბილიზაცია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების ინტერესშია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არსებული პოლიტიკური დაპირისპირება გალისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობის ინტერესების შელახვას არ გამოიწვევს.

„რაც სოხუმში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს, რადგან დაძაბულობა აფხაზეთის ტერიტორიაზე არავის ინტერესებში არ შედის და შესაძლოა, გამოიწვიოს მხოლოდ დესტაბილიზაცია რეგიონში. იმედს გამოვთქვამთ, რომ დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანი ფორმით გამონახავენ საერთო ენას და ეს დაძაბულობა შეუქცევად პროცესში, ძალადობაში არ გადაიზრდება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ყირიმის სცენარით მიერთების საფრთხე არსებობს. მისივე განცხადებით, სოხუმში მიმდინარე პროცესი, იქ გაჟღერებული მოთხოვნები - აფხაზეთმა უნდა აირჩიოს რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის ზრდა, ეთნიკურად ქართველების აფხაზეთიდან გასახლება, ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე - წარმოშობს ძალიან რეალურ ეჭვს, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იგივე სცენარით, რა სცენარიც გამოყენებული იქნა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში.

„კერძოდ, ვითომდა, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან საბოლოოდ მიერთების და ანექსირების მიმართულებით. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, რომლის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. მე მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტოს უმოქმედოდ და ინერტულად ყოფნა და დღესვე დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი საფრთხე მინიმუმანდე იქნას დაყვანილი. მე მესმის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში პირდაპირი ჩარევის რესურსი არის ძალიან შეზღუდული, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მთავარი რესურსი – დიპლომატიური ზემოქმედება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დღესვე დაიწყოს აქტიური მუშაობა ყველა უცხოელ პარტნიორთან, რათა მინიმუმზე იყოს დაყვანილი რუსეთის მიერ აფხაზეთის შეერთების მცდელობის რისკი. რუსეთი რომ აფხაზეთში რეფერენდუმის გამართვის ნიადაგს ამზადებს, ამის შესახებ თავად აფხაზებიც საუბრობენ. მათი თქმით, უმრავლესობა რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ უჭერს.

„ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და არა იმისათვის, რომ საქართველოდან გამოვსულვიყავით და რუსეთს მივერთდებოდითო. რეფერენდუმს მხარს არც ანქვაბი უჭერს და მის მხარეს დგას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რადგან ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ამ პოზიციაზე დგას ანქვაბი.

მეტსაც გეტყვით, დღეს ანქვაბი და ის პოლიტიკა, რომელის გატარებასაც ანქვაბი ცდილობს, მიუღებელია რუსეთისთვის. ის რა დღეს ჩვენთან ხდება, ეს არის რუსეთის მიერ მართული. ხაჯიმბა რუსეთის პირდაპირი მარიონეტია და თუ ის გახდა სახელმწიფოს მეთაური, აფხაზეთი გახდება რუსეთის ნაწილი, რასაც ძალიან მძიმე შდეგები მოჰყვება აფხაზეთში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოხუმის მკვიდრმა ნოდარ კიახბამ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს დღეს არ აწყობს ახალი დაძაბულობა მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, აფხაზეთში სიტუაციის ესკალაციას გამორიცხავს. არეშიძე ამბობს, რომ სოციალურ-პოლიტიკური პროტესტის მიზეზი აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და შექმნილი სიტუაციით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ისარგებლა. თუმცა, არეშიძის აზრით, განსხვავებით 2003 წლისგან, დღეს ხაჯიმბას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად არ უჭერს მხარს.

„თავიდანვე, როდესაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას გეგმავდა, ანქვაბმა დაუშვა, ალბათ, ძალიან სერიოზული შეცდომა. მან გადაწყვიტა, რომ მთელი ის თანხა, რომელსაც მოსკოვიდან იღებდა - ეს არის ერთი მილიარდი რუბლი წელიწადში - ჩაედო ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ამით ირიბად უარი თქვა დანარჩენი დარგების განვითარებაზე, პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკას. ამან გამოიწვია ის სურათი, რომ რაღაცეები შენდება და კეთდება, მაგრამ ხალხის შეგნებაში ეს ვერ ჯდება, როგორც მათთვის გაკეთებული სიკეთე.

სხვათა შორის, საქართველოს წინა ხელისუფლებიდან აიღო ბევრი რამ ანქვაბმა. ეს განწყობაა ხალხში და ამას დამატებული ის, რომ კორუფციული სქემებით ხდება ფულის გადანაწილება, რაც ანქვაბის ხელისუფლების მიმართ საერთო აფხაზურ გაღიზიანებს იწვევს. ეს სიტუაცია კარგად გამოიყენა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც წინა პლანზე არ დგას, მაგრამ ჩანს ოპოზიციური ძალების გაერთიანების უკან“, - განაცხადა არეშიძემ. 

მისივე თქმით, 2003 წელს სერგეი ბაღაფშის „პრეზიდენტად“ არჩევამდე, ვლადიმერ პუტინი ცალსახად უჭერდა მხარს რაულ ხაჯიმბას, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეცვალა, განსაკუთრებით 2008 წლის მოვლენების შემდეგ.

„რასაკვირველია, რუსეთს არ აწყობს ახალი მაიდანი თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და არა მგონია, ხელი შეუწყოს სიტუაციის ესკალაციის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დარჩება აფხაზეთის შიდა გარჩევად და შეეცდებიან, რომ ასე დაამთავრონ – პრეზიდენტი ინარჩუნებს თავის თანამდებობას და ახალი მთავრობა მოდის, ისიც იმისთვის, რომ ბოლი გამოუშვან.

რაც შეეხება შემდგომში რა მოხდება, ვერავითარი ძირეული ცვლილება აფხაზურ სოციალურ სივრცეში ვერ გახორციელდება. ანქვაბი მოიყვანს იმ მთავრობას, რომელსაც ეს ოპოზიცია აირჩევს და იქნება მუდმივი დაპირისპირება და რაღაც კოაბიტაციის მაგვარი, რაც აფხაზეთისნაირი ღარიბი რეგიონისთვის კიდევ უფრო რთულია, ვიდრე დანარჩენ საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ დღეს რეალური ძალაუფლება აფხაზეთში რუსეთის ხიშტებს ემყარება. მისი თქმით, ის პროცესები რომელიც დღეს აფხაზეთში ხდება, რუსული დიპლომატიის დამახასიათებელი თვისებაა.

„რუსეთის ფედერაცია იბრძვის გავალენის სფეროების დამკვიდრებაზე და ყოველთვის ამზადებს რამდენიმე ვარიანტს. ერთ-ერთი არის ის, რომ ურჩი ხელისუფლება რომელიც ანქვაბის სახით არის წარმოდგენილი აფხაზეთში და, რომელმაც რუსებს ხელი არ მოუწერა მიწის დაკანონების და მათ შორის საზღვრების საკითხზე.

იცით, რომ რუსმა პოლიტ-ტექნოლოგებმა განიხილეს საკითხი შესაძლებელია თუ არა აფახაზეთში რუსეთთან მიერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარება. აღმოჩნდა, რომ ანქვაბის პირობებში ასეთი რამ ცოტა ძნელი გასაკეთებელი იქნება. მით უფრო, ნახეთ რა მოთხოვნას აყენებს ე.წ. ოპოზიცია, რა პრეტენზიას უყენებს ანქვაბს. საკმაოდ რთული და ცუდი პროცესია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იმართება მოსკოვიდან და არაა გამორიცხული, ეს პროცესი უფრო ღრმად წავიდეს“, - აცხადებს ფხალაძე.

კითხვაზე - შეძლებს თუ არა რუსეთი ანქვაბის ხაჯიმბათი ჩანაცვლებას, ფხალაძე პასუხობს: „იმ ტერიტორიაზე, სადაც ხელისუფლება რეალაურად ხორციელდება რუსი ჯარისკაცის ხიშტით, ყველაფერი შესაძლებელია“.

„ეს ტერიტორია დახურულია საერთაშორისო საზოგადოებისათვის, სამართლისთვის, სადაც ძალაუფლების წყაროს წარმოადგენს იარაღი და ხიშტი, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან. ანქვაბის ხელისუფლებაც არის ხიშტი და შესაბამისად, ამ საყრდენის მოცილებას ცდილობს რუსეთი. მას უნდა სხვა უფრო მართვადი მარიონეტი დასვას ამ ადგილზე, რომელიც მის ყველა ბრძანებას უპირობოდ შეასრულებს.

თუ მოვლენები ამ გზით წარიმართა, ამას ძალიან სერიოზული უარყოფითი შედეგი ექნება, თქვითონ აფხაზური ეთნოსისთვის, რადგან ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რაზედაც ანქვაბმა წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, ეს არის ე.წ. ჩამოსახლების თემა. ანუ, - რუსეთიდან სხვა ეთნოსის გადამოსახლება, რაც ხელოვნურად შეცვლის სურათს რუსეთის სასარგებლოდ.

ხაჯიმბას მოსვლის შემთხვევაში, ის უფრო ლოიალური იქნება, ვიდრე ანქვაბია დღეისათვის. ამ შემთხვევაში, აფხაზები კარაგად დაინახავენ რა ფასი აქვს მათ ე.წ. დამოუკიდებლობას და რეალუარად რას წარმოადგენენ ისინი მოსკოვისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.