რუსეთის „საუკუნის“ შეთანხმება

რუსეთის „საუკუნის“ შეთანხმება

უკრაინაში ჩატარებული წარმატებული არჩევნების მიუხედავად, რუსეთი უკანდახევას არ აპირებს, სწორედ არჩევნების შემდეგ, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, უკრაინელ მესაზღვრეებსა და რუსული მხარის შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება მოხდა. პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე ფიქრობენ - არაფორმალურ შეკრებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამ ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ეკონომიკურს. (ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამი სტადია აქვს განსაზღვრული, რომელიც ამჟამად მეორე სტადიაზე იმყოფება. აღნიშნული ეტაპი ითვალისწინებს ზომების გატარებას ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მისამართით. მესამე სტადია კი, რომელზეც ევროკავშირი ჯერ არ გადასულა, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს). ჯერ კიდევ უკრაინის არჩევნებამდე რუსეთმა გრანდიოზული ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან გაზის მიწოდებაზე.

გადადის თუ არა რუსეთი თავდაცვის რეჟიმზე და როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი პოლიტიკა რეგიონში, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთისთვის? არის ეს ის ხელშეკრულება, რომლის იმედითაც რუსეთს შეუძლია, კიდევ უფრო ხისტი თამაშის წესებისთ იმოქმედოს და შესაბამისად, ამით აინაზღაუროს დასავლური სანქციებით მიღებული ზარალი?

- ეს არის ხელშეკრუკლება, რომელსაც მსოფლიო მედიაში ერთგვაროვანი შეფასება არ მოჰყოლია. მოსაზრებები მკვეთრად იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის ფინანსურადაც და ეკონომიკურადაც მომგებიანი რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც და ამავდროულად, დამაზარალებელი დასავლეთისთვის, რაც პირდაპირი შედეგია ამერიკის გავლენის შესუსტებისა მსოფლიო პოლიტიკაზე.

მეორენი ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება ეკონომიკურად მომგებიანი არ არის არც ერთი მხარისთვის, არც რუსეთისთვის და პოლიტოლოგების ნაწილს პირდაპირ მოჰყავს კონკრეტული ციფრები, რომლის მიხედვითაც, ეს გრანდიოზული, „საუკუნის შეთანხმება“ მომგებიანი არ არის, პირიქით - დემპინგური ფასია. ანუ, პუტინი იძულებული იქნება, იმისათვის, რომ „გაზპრომი“ წაგებაზე არ დასვას, ეს პროექტი გაათავისუფლოს გარკვეული გადასახადებისგან.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავად ჩინეთის კომპანიებიც არ არიან კმაყოფილები ამ კონტრაქტზე ხელის მოწერით, რადგან ეს ჩინეთისთვის ძალიან დიდი თანხაა, რომელიც უნდა გადაიხადოს რუსულ გაზში.

შუალედური პოზიციები ნაკლებად გვხვდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ბუნებრივია, ისმის კითხვა - ვინც აპელირებას აკეთებენ, რომ ეს წამგებიანი ეკონომიკური პროექტია, მაშინ, რა არის ამ პროექტის მიზანი. თუ ეს ასეა, ძალზე ძნელია, ამ გადასახედიდან ვიმსჯელოთ, ერთი შეხედვით, გლობალური და გრანდიოზული პროექტის პარამეტრებზე.

მაგრამ, თუ ეს ასეა და ეკონომიკური პარამეტრები მართლაც დამაზარალებელია კონტრაქტში მონაწილე ორივე მხარისთვის - მაინც ვფიქრობ, რომ ზარალიანია უფრო რუსეთისთვის, რადგან რუსეთი ყოველთვის ერიდებოდა ჩინეთზე ძირითადი ფსონის დადებას. იგივე, ენერგეტიკულ სფეროში ჩინეთთან, რუსეთს არც თუ წარმატებული გამოცდილება დაუგროვდა. მაგალითად, იყო ერთ-ერთი პროექტი ჯერ კიდევ ანატოლი ჩუბაისის დროს, რომელიც ჩინეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებდა. 5 წლის მანძილზე ფასზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები და ხელშეკრულების ხელმოწერას ვერ მიაღწიეს.

რაც შეეხება გაზის პროექტს, დიდი ხანია, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიდის და ძირითადი პრობლემა იყო გაზის ფასი, რომელიც რუსეთისთვის სულ მცირე, ხარჯების ანაზღაურებასაც ვერ უზრუნველყოფდა. აქ მხოლოდ გაზის მიწოდებაზე არ არის საუბარი. სწორედ ამ პროექტისთვის უნდა ამუშავდეს ის საბადოები, რომლებიც ჯერ არ არის მწყობრში შესული. ანუ, გაზის ფასი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს არა მარტო ტრანსპორტირების, არამედ ახალი საბადოების ამუშავების და გახსნის ხარჯებსაც.

ასეთ შემთხვევაში მართლაც ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ მოაწრა რუსეთმა ხელი ამ ხელშეკრულებას?

- როგორც ვარაუდობენ, სადღაც, 5 წლის შემდეგ დაიწყება გაზის სრულყოფილი გაშვება, თუმცა ამ დროისთვისაც სათუოა მოცულობის სიდიდე - ვარაუდობენ, რომ ეს იქნება 25% იმ გაზისა, რაც რუსეთს ექსპორტზე გააქვს ევროპაში. ანუ, თუ საუბარია ჩანაცვლებაზე, არც მოცულობით და არც ფასით ეს ევროპულ ექსპორტს ვერ ჩაანაცვლებს.

ამ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ წამყვან როლს თამაშობს პიარ-სტრატეგია. მეორე მხრივ, კი ის სტრატეგიული მიზანი, რომლის მიხედვითაც პუტინი ისწრაფვის, გახდეს ორპოლუსიანი სამყაროს მიზიდულობის ცენტრი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.

ამ პროექტიდან გამომდინარე, ასეთი ვარაუდიც გამოითქვა - ხომ არ ნიშნავს ეს რუსეთის შემობრუნებას აღმოსავლეთისკენ. შესაძლებელია, რუსეთის პოლიტიკის ამ ჭრილში განხილვა?

- ასეთი კატეგორიულიც ვერ ვიქნები, თუმცა პუტინს დღეს სჭირდება რაც შეიძლება მეტი არგუმენტები საკუთარ მოსახლეობასთან სასაუბროდ და თუ რუსი მოსახლეობის თვალით შევხედავთ, ეს კონტრაქტი პუტინის ბოლოდროინდელი გამარჯვებების სიაში ეწერება, დაწყებული სირიისა და ირანის თემაზე რუსეთის საშუამავლო როლით, რომელმაც ფაქტობრივად, სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შემოატრიალა. გარდა ამისა, უკრაინაში განვითარებული პროცესებით, ყირიმის მოვლენებით, რასაც ამ ჯაჭვის შემდგომ რგოლად განიხილავს რუსული პიარი და პოლიტტექნოლოგიები. შესაბამისად, რუსი ამომრჩეველიც პუტინის ამ ნაბიჯს, მისი, ასე ვთქვათ, ტრიუმფალური გამარჯვებების რიგში აყენებს.

თუმცა არავინ იცის, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ეს რითი მოუბრუნდება პუტინს. დასავლელი პოლიტოლოგები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ პროექტის მიმართ, მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში ყოველთვის იქნება დაქვემდებარებულის როლში. ანუ, რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობებში ვერასოდეს ვერ იქნება, ვერც ეკონომიკურ და ვერც პოლიტიკურ ჭრილში, წამყვანი.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ლოკალური თვალსაზრისით, ეს პუტინს გამარჯვებად ჩაეთვლება საკუთარი ამომრჩევლის თვალში. იგივე, მესამე სამყაროს ქვეყნებთან ურთიერთობისთვისაც ეს კარგი სიგნალია, რომ რუსეთი განიხილონ, როგორც მიზიდულობის ახალი ცენტრი. თუმცა, კიდევ ვამბობ, ამ პროექტის მომგებიანობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუ ამ პროექტის ეკონომიკური წარმატებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი ისედაც განიცდის ეკონომიკურ ზარალს. ამასთან, გამორიცხული არ არის, სანქციები კიდევ გამკაცრდეს და ეკონომიკური ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, პუტინის შემდგომი ნაბიჯების გათვლა? შეიძლება მისი პოლიტიკა შეიცვალოს რეგიონში?

- ამაზე საუბარი რთულია, რუსეთი შემდგომი ნაბიჯებისთვის ალბათ, ამუშავებს რამდენიმე სცენარს, მაგრამ რომელი სცენარის არჩევა მოუწევს, მოგვიანებით გამოჩნდება. დღეს პროცესები ისე ვითარდება, რომ თავად კარნახობს რუსეთს გარკვეულ პირობებს - იგივე აღმოსავლეთ უკრაინაში - ფაქტია, რომ რუსეთმა ტემპი შეანელა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები ელოდნენ ყირიმის სცენარის ძალიან სწრაფ განვითარებას, რუსეთმა ეს არ და ვერ გააკეთა. ვგულისხმობ იმას, რომ ისეთივე სწრაფი აღიარება და მიერთება ამ რეგიონებისა არ მომხდარა, როგორც ეს, მაგალითად, ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

თუმცა, ამას თუ შევხედავთ იგივე აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები რუსების ან უშუალოდ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები რუსების თვალით, უამრავი რუსი ეწირება ამ ავანტურას და პუტინი მათ გადასარჩენად ვერაფერს ვერ აკეთებს - ამიტომ ვამბობ, პროცესები დღეს ისე ვითარდება, რომ თავად განაპირობებს რუსეთის მოქმედებების ლოგიკას.

რუსი ექსპერეტების მხრიდან გაისმა ასეთი მოსაზრებაც , რომ შესაძლოა, უკრაინის მოვლენებმა წერტილი დაუსვას ევრაზიის კავშირის შექმნის შესაძლებლობას. რამდენად ლოგიკურია ასეთი შეფასება?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მოვლენებმა რუსეთის ექსპანსიონისტური ბუნება ყველას დაანახა და ყირიმის მოვლენების შემდეგ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმაც კი გამოხატეს შეშფოთება გარკვეულ დონეზე, რუსეთის მოქმედებების გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სახელმწიფოები უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან რუსეთის ამ იდეას.

თუმცა, მეორე თემაა და აქაც ცალსახად რაიმეს მტკიცება ძალიან ძნელია, რადგან გააჩნია, როგორად წარმოისახება რუსეთი მათ თვალში. თუ რუსეთი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ამ, თავისი გაფართოების პოლიტიკაში, რომ ეს სახელმწიფოები იძულებულები გახდნენ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინონ, პირიქით, ევრაზიული კავშირის შექმნის პერსპექტივა უფრო რეალური გახდება.

როგორ ფიქრობთ, უკვე გამოიკვეთა, რა პოლიტიკა შეიძლება აირჩიოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში?

- ამ ფონზე არანაკლებ საინტერესოა, რა მოხდება საქართველოში. ერთი მხრივ, პუტინი აცხადებს და ამას ხაზი ბაროზომაც გაუსვა, რომ ის ხელს არ შეუშლის საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მეორე მხრივ, სწორედ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფაქტობრივად, მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც, ქართველ ხალხს ხელშეკრულების ეკონომიკურ შედეგებზე აფრთხილებს. საუბარია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა აამოქმედოს საქართველოსთან მიმართებაში ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ.

ასე რომ, ჩვენთანაც ბევრი რამ გარკვეული არ არის. ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც შესაძლოა, არ იყოს იმისი ნიშანი, რომ საქართველო ფონს გავიდა და დაუძვრა რუსეთის შურისძიებას. ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ მთავარი მოვლენები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სწორედ ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერის შემდეგ არის მოსალოდნელი - ვგულისხმობ ეკონომიკური კუთხით ახალი შეზღუდვების შემოღებას.

თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კატა-თაგვობანას თამაშს აგრძელებენ - საუბარია, რომ 26 მაისიდან ქართული პროდუქციის ახალი სახეობები დაიშვება რუსულ ბაზარზე. ამიტომ რთულია, ამ ეტაპზე რეალობასთან ახლოს მდგომი პროგნოზების გაკეთება. ერთი, რაც ფაქტია - თუ ხელმოწერამდე გადავურჩით რუსეთის შურისძიებას, ხელმოწერის შემდეგ, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართ სხვა გეგმა მუშავდება. ამას მაფიქრებინებს სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ, ნახეთ, რა შედეგი მოჰყვება ამ ხელმოწერას.

თუმცა, ეკონომკურად ისე მჭიდრო კავშირები არ გვაქვს რუსეთთან, როგორც იყო 2006 წელს...

- მართალია, მაგრამ 2006 წელს განწყობებიც სხვანაირი იყო - მაშინ მოსახლეობას არ გაუპროტესტებია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, რადგან იმ დროს პატრიოტული ნოტები გაცილებით მაღალი იყო.

დღეს სხვა რეალობასთან გვაქავს საქმე - საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილმა უკვე იგემა რუსული ბაზრის სიკეთეები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამაგიეროდ, განწყობაა გაცილებით უფრო ანტიდასავლური და პრორუსული - ამ მიმართულებით რუსეთმა სერიოზულად იმუშავა. ეს განასხვავებს ამ სიტუაციას და გაცილებუით საშიშს ხდის 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.