სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში გარღვევაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა დაგეგმილ გრანტებსა და საგარეო ვალებს ვერ იღებს. წლის პირველ 4 თვეში შემოსულმა გრანტებმა 6-თვიანი გეგმის მხოლოდ 4% შეადგინა. სერიოზული გარღვევაა საგარეო ვალების გეგმასთან დაკავშირებით.
იმ პროექტებიდან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდება, თანხების ათვისება ვერ ხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით პრობლემა არ გააჩნია (პირველ კვარტალში გადასახადების ნაწილი გადაჭარბებითაც კი შესრულდა), წლის პირველ ნახევარს სახელმწიფო ბიუჯეტი გარღვევით დაასრულებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 2,611 მილიარდი ლარია, 2 კვარტლის ბიუჯეტი რომ შესრულდეს, დარჩენილ 2 თვეში 1,469 მილიარდი ლარის მობილიზებაა საჭირო; ანუ თვეში 735 მილიონი ლარი უნდა შემოვიდეს. სპეციალისტების აზრით, ამ რაოდენობის თანხის მოგროვება ძალიან რთული იქნება.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 4 თვის მონაცემებიდან ჩანს, ბიუჯეტის გარღვევაში ლომის წილი გრანტებისა და კრედიტების დანაკლისს უჭირავს.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით ქვეყანამ 100,121 მილიონი ლარის გრანტი უნდა მიიღოს, თუმცა 4 თვის შესრულების მიხედვით, მხოლოდ 4,408 მილიონი ლარია შემოსული. ეს გეგმის 4,4%-ია.
2 თვეში ქვეყანამ 95 მილიონ ლარზე მეტი გრანტის მოზიდვა უნდა მოახერხოს, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია.
გარდა ამისა, ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 6 თვეში 276 მილიონ ლარზე მეტი საგარეო სესხი უნდა მივიღოთ, 4 თვეში კი მხოლოდ 78 მილიონი ლარი გვაქვს მიღებული (მთლიანი გეგმის მხოლოდ 28%). ჩანს, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი გარღვევაა.
სამაგიეროდ, „წარმატებით“ სრულდება შიდა ვალის აღების გეგმა. ამ თვალსაზრისით ბიუჯეტმა 6-თვიანი გეგმა 71%-ით შეასრულა.
რაც შეეხება პირველ კვარტალს, პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. ამ ფაქტს ექსპერტები დადებითად აფასებენ. კერძოდ, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 1,68 მილიარდი ლარი იყო, შესრულებამ კი 1,7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 101,2%-ია.
ფინანსთა სამინისტრო თავის ვალდებულებებს თავს ართმევს, რაც გადასახადების შესრულებას ეტყობა კიდეც. დაგეგმილ კრედიტებსა და გრანტებში რომ გარღვევაა, ეს არის მხარჯავი ორგანიზაციების პასიურობის შედეგი.
კერძოდ, დაგეგმილი პროექტების, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული პროექტების, განხორციელება ვერ ხერხდება.
„როდესაც გადასახადების ნაწილი სრულდება, ეს ძალიან დადებითია. სხვა კომპონენტებშიც რომ ასევე ყოფილიყო, გვექნებოდა გადაჭარბება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პროექტებში, რომლებიც საგარეო კრედიტებითა და გრანტებით ფინანსდება, თანხების ათვისება ვერ მოახერხეს. ამიტომ იქ, სადაც ჩავარდნაა, მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს. კარგი იქნება თუკი ფინანსთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს“, - ამბობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე.
გრანტების გარღვეულ გეგმასთან დაკავშირებით, “რეზონანსისთვის“ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განმარტებაშიც ჩანს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები უკვე დაფინანსებული პროექტების ამუშავებასაც კი ვერ ახერხებენ.
„ეს ეხება მიზნობრივ (ხარჯზე მიბმულ) გრანტებსა და კრედიტებს, რომელთა მიზნობრიობა და განხორციელების სტანდარტები დარეგულირებულია დონორსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით. როგორც წესი, დონორების მიერ მიზნობრივად დაფინანსებული პროექტები, მათი განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, ბიუჯეტში იგეგმება ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ვინაიდან ბიუჯეტში რეალისტურად გაწერილმა გეგმამ, შესაძლებელია შეაფერხოს პროექტის დაფინანსება თუ პროექტი იდეალურად ხორციელდება (ანუ დააკლდეს გეგმა სწრაფად ათვისების შემთხვევაში). სწორედ ამის გამო, როგორც წესი, გეგმასთან (განსაკუთრებით კვარტალურ გეგმებთან) მიმართებაში, დონორების მიზნობრივი დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ათვისება მნიშვნელოვნად დაბლია“, - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს 614,440 მილიონი ლარი დააკლდა. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8,3%-ით გაირღვა. ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტს დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) დააკლდა. რაც შეეხება ხარჯებს, კაპიტალური ხარჯები ვერ შესრულდა, ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი გარღვევა ჰქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ძირითადი ვალდებულებების შესრულების მხრივ კი პრობლემები არ ყოფილა.