საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დავით პატარაიამ გააცნო. მისი თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გაეგზავა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ
მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება.
„ეს არის შეთანხმება, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველ შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერი-მინისტრის ხელმოწერის უფლება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცეს ერთჯერადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პატარაიამ.
თავად პრეზიდენტი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების დათმობას პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების მოხსნის მიზეზით ხსნის. მარგველაშვილის ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აუცილებელია, მასზე ხელმოწერა იყოს მტკიცე, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე და ეს ისტორიული დოკუმენტი აბსოლუტურად მტკიცედ შევიდეს ძალაში.
„შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც წარმოიშვა ამ მიმართულებით და ბუნებრივად გადავეცით ეს უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ლეგიტიმური იყო ეს ხელმოწერა, არ იარსებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და ეს კითხვა ამ გადაწყვეტილებით მოვხსენით.
ხელშეკრულება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და აღნიშნულ პროცესში კინკლაობა არ იქნება. ამ საკითხს არ სჭირდებოდა კონსულტაციები, რადგან ეს არის საკუთარი უფლებამოსილების დათმობა. შესაბამისად, ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დავუთმეთ ჩვენ ეს უფლება პრემიერ-მინისტრს, გავამაგრეთ ეს დათმობა იურიდიული საფუძვლით, რათა არასდროს ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე არ დაისვას კითხვა. მოტივაცია აქ არის ნათელი - ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ხელმოწერა და აქ კინკლაობა არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომარავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ სჭირდება, რომ ამ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
„ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ. არაფერი არ ხდება რეალურად. არავითარი კონტრასიგნაცია და არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი ნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება არსებობს.
„კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დადოს საერთაშორისო შეთანხმებები. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის პრემიერ-მინისტრს მოეწერა ხელი. ალბათ, იმისთვის, რომ რაიმე ზედმეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ასეთი უფლებამოსილების გადაცემა, რაც, ალბათ, უფრო ფორმალურია, რადგან კონსტიტუციური ნორმების თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია საერთაშორისო ხელშეკრულებები დადოს. თავად ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით არავით პრობლემას არ ქმნის და ეს დამატებითი აქტია, რომელიც ყოველგვარ კითხვის ნიშანს გამორიცხავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება, სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, გამართლებული ნაბიჯია.
„როდესაც მთავრობა მსჯელობს, თუ ვინ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, უნდა არსებობდეს პრეზიდენტის წინასწარი მიმართვა მთავრობის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მთავრობამ იმსჯელოს, მისცეს თუ არა მას თანხმობა. მეორე მხრივ, უფლებამოსილების მინიჭება პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას, სამართლებრივად და პოლიტიკურადაც გამართლებული ნაბიჯია.
რაც შეეხება საკითხს, იჩქარა თუ არა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შესახებ განცხადების გაკეთებისას, მივიჩნევ, რომ გარკვეული სიჩქარე ამაში იყო. მინისტრების მხრიდანაც იყო ეს სიჩქარე, თუმცა ამას რაიმე სამართლებრივი პრობლემა არ შეიძლება მოჰყვეს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი უფლებამოსილების მინიჭების აქტი უკვე გამოცემულია და პრეზიდენტი აძლევს ხელმოწერის დელეგირების უფლებას პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კითხვები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით აღარ შეიძლება არსებობდეს“, - განამარტავს ლევან ბოძაშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ გიორგი მარაგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იყო სწორი, იმიტომ, რომ გარკვეულმა ძალებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თუ პრემიერი მოაწერდა ამ ხელშეკრულებას ხელს, მას არ ექნებოდა სრულფასოვანი ლეგიტიმაცია. მისი თქმით, ამ თემის აგორებით გარკვეული ძალები ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.
„ძალიან კარგი იქნებოდა პრემიერის იმიჯისთვის, ზოგადად, პრესტიჟისვის, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა პრეზიდენტს, რისი უფლება კონსტიტუციით მას აქვს, მაგრამ ხელმოწერა ძალაში შესულად ითვლება მაშინ, თუ ის წინასწარ არის შეთანხმებული პრემიერთან. პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებლად ნიშნავდა მთავრობის ხელმოწერასაც და შემდეგ ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება პარლამენტში რატიფიკაცია. ხელისუფლების სამივე შტო ერთსულოვანი იქნებოდა ამ მიმართულებით. ამას ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა“, - აცხადებს ძაბირაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებაზე პრემიერის პოზიციას, რომარავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ სჭირდება, რომ ამ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, ძაბირაძე თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველობის ელემენტი უფროა, ვიდრე რეალური პოლიტიკის.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, არანირი პრობლემა იურიდიული და სამართლებლივი თვალსაზრისით ამას არ აქვს, თუ ხელს მარტო ღარიბაშვილი მოაწერს, მაგრამ ზოგადად როდესაც უკეთესი ვარიანტი არსებობს და არ მიდიხარ ამ ვარიანტზე, ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს და უფრო ჭირვეული ბავშვის საქციელს ჰგავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ჭირვეულობას და არა საღ და რეალაურ შეფასებას პოლიტიკისა და რაც მთავარია, იმ დოკუმეტისა, რომელზედაც ხელმოწერას აპირებს პრემიერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.