„ჩვენ აუცილებლად საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ, საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არც ერთ რაიონში არ უნდა იყოს წარმოდგენილი. მივმართავ ყველას, რომ აღარ დაუშვათ არსად, არც ერთ რაიონში ე.წ. კოაბიტაცია, ეს იქნება ჩვენი სირცხვილი“, - ამ სიტყვების ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, რომელმაც 14 აპრილს წინასაარჩევნო მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა მაშინ სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უდავოა, რომ ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერის ლექსიკონში ეს ფრაზეოლოგია არ გაჩნდებოდა. პოლიტოლოგის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რასაც საზოგადოება ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება იმის შანში, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
For.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ დაგვიანებული არ არის პრემიერის განცხადება ე.წ კოაბიტაციის დასრულების შესახებ? ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კოაბიტაციას ყოფილ ხელისუფლებასთან დასავლეთი ითხოვდა, რამაც სერიოზილი უკმაყოფილება გამოიწვია დაზარალებულ მოსახლეობაში და ეს უკმაყოფილების ტალღა დღითი-დღე იზრდება...
- როგორც იტყვიან, შიდა ბაზარზე მეტი საყვედური გამოიწვია, მაგრამ გარე პარტნიორებმა უკეთესი თვალით შემოგვხედეს და მათგან წამოწყებული კოაბიტაცია მათ მიერვე შეფასდა, როგორც წარამატებულად ჩატარებული. მთავარი ამოცანა იყო, როგორმე დაგვერწმუნებინა დასავლეთი, რომ სასამართლო პროცესები არ არის პოლიტიკური დევნა. პრაქტიკულად, კოაბიტაციაზე პედალირება პოლიტიკური დევნის კონტექსტში ხდებოდა. ამ ეტაზე კოაბიტაციის ფუნქციამ და იმ სცენარმა, რომელიც ჩატარდა საქართველოში, თავისი ფუნქცია საგარეო ურთიერთობებისთვის შეასრულა.
რაც შეეხება იმ ეტაპს, რაც უკვე წინ გველოდება, იქ კოაბიტაციაზე ლაპარაკი ვეღარც იქნება. იმიტომ, რომ კოაბიტაციას როგორც ტერმინს გამართლება ჰქონდა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლების ერთი შტო - საპრეზიდენტო ხელისუფლება ეკავა „ნაციონალური მოძრაობას“, აღმასრულებელი ხელისუფლება ეკავა „ქართული ოცნებას“. ახლა რაღა კოაბიტაციაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ხელისუფლების ორივე შტოს განკარგავს „ქართული ოცნება“. გიორგი მარგველაშვილი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ჩემი არჩევით კოაბიტაცია დამთავრდებაო. იმიტომ, რომ ამ ტერმინის მოქმედების ფაზა მთავრდებოდა. ღარიბაშვილიც მართალაია, როცა მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს კოაბიტაცია აღარ გამაგონოთო.
დღეს, პრემიერის მხრიდან გაჟღერებულ ამ მოწოდებას შეიძლება გარაკვეული ქვეტექსტი ჰქონდეს?
- დათმობის პოლიტიკა რაც აშკარად იკითხებოდა აქამდე, კოაბიტაცია უბრალოდ ის ტერმინი იყო, რომლითაც ამ პოლიტიკის გამართლებას ცდილობდნენ, თორემ რეალურად ეს კოაბიტაცია ყურით მოთრეული იყო. ის პოლიტიკა, რომ ნაციონალებთან ბრძოლით არ გავირთულოთ მდგომარეობა, მგონია, დამთავრებულია და პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ გადავა უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე. მე მგონია დაინახეს, რომ გარკვეული ანგარიშის გაწევით საპასუხო სიკეთეს ვერ მიიღებენ. რამდენი დათმეს, იმდენი მეტი დათმობა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასეთია ადამიანის ბუნება. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ადამიანის ბუნების გამო ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაციონალებმა შეიძლება ის ხელისუფლებაც კი ააცალონ, რომელიც მიაჩნიათ, რომ უკვე განაღდებული აქვთ.
თვლით, რომ ხელისუფლებამ გააანალიზა საფრთხე, რომ კოაბიტაციის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება?
- უდავოა, რომ ეს საფრთხე იგრძნო ხელისუფლებამ, ისე ეს ფრაზეოლოგია არ გაჩნდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად უნდა სცადოს სიტუაციის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, თუ ადგილობრივ არჩევნებში მოიპოვებს წარამტებას, საპარლამენტო არჩევნებში მგონია, რომ ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ დღითი-დღე მატულობს საპროტესტო განწყობილება.
რა არის მიზეზი და მოტივი, რატომაც მატულობს საპროტესტო განწყობა, მხოლოდ კოაბიტაცია?
- კოაბიტაცია ის ფოთოლი იყო, რომლითაც იფარებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან პასიურობა სამართლიანობის აღდგენაში. რამდენიმე ათასი საჩივარი ნაციონალების მიერ წართმეულ ქონებაზე, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის ხელყოფაზე, ეს აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, აქ საქმე, უშუალოდ, ადამიანების ცხოვრებას ეხება, მათ ბედ-იღბალს გადაუარეს ნაციონალებმა. აქ არის უკმაყოფილების ცენტრი და თუ ეს უკმაყოფილება არ დაკმაყოფილდა, მაშინ მოსახლეობისთვის ერთნაირები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ და მომავალში ორივეზე ერთნაირად გავრცელდება უკმაყოფილება.
ბატონო რამაზ, ეს განცხადება ნიშნავს, რომ რეალურად დაიწყება იმ საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს?
- მგონია, რომ კოაბიტაციის დასრულება ეხებოდა სწორედ საარჩევნო პროცესში თანამშრომლობის გამორიცხავას ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის, რის თაობაზე ხმები ისედაც დადიოდა ადრინდელი არჩევნებიდან. ნაციონალებმა და „ოცნებამ“, თუ შეიძლება ითქვას, გადაინაწილეს სათავისოდ ხმები და მესამე ზედმეტი აღარ შემოუშვეს პოლიტიკურ არენაზე. ამდენად, მგონია, რომ ამ მისამართით იყო ეს ფრაზა ნათქვამი. სამართლებლივი დევნის მიმართულებით კი, მგონია, მორატორიუმის ფორმულა ისევ რჩება ძალაში.
ხელისუფლებას მომავალ საპარლამეტო არჩევნებში მაღალი რეიტინგი დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმედგაცრუება, მათ საპარლამენტო არჩევნებში მარცხს მოუტანს. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რასაც საზოგადოება ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება იმის შანსი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. დღეს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პოლიტიკური გუნდია მოსული, ტერმინი კოაბიტაციის გამოყენების და მისი მოთხოვნის საფუძველი, აღარ არსებობს.