„ხარს წითელი ნაჭერივით აუფრიალო სააკაშვილი?...“

„ხარს წითელი ნაჭერივით აუფრიალო სააკაშვილი?...“

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პეტრე პოროშენკო ერთ-ერთ მრჩევლად საქართველოს მოქალაქის დანიშვნას აპირებს. ამის შესახებ უკაინის ახალმა პრეზიდენტმა ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართველებთან, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩემს მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან“, - აღნიშნა პოროშენკომ. თუმცა, იგულისხმებოდა თუ არა მის მრჩეველთა გუნდში მიხეილ სააკაშვილი, პასუხისგან თავი შეიკავა.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პეტრე პოროშენკოსადმი თავისი მხარდაჭერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა. პარტია „უდარის“ ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლობა თავად შესთავაზა.

„საქართველო ჩვენთვის მაგალითია. მე ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ვესაუბრე სააკაშვილს, მან შემოგვთავაზა თავისი სამსახური, ასევე ველაპარაკე ბენდუქიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანი აღმოგვიჩენს დახმარებას, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ამ თემას გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩი, ვასილ ციბენკო და აღნიშნა, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ პოროშენკო მიიწვევს სპეციალისტებს საქართველოდან, მაგალითად კახა ბენდუქიძეს.

„მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცაღა არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვსწავლობთ საქართველოს გამოცდილებას. მე, როგორც ელჩმა, ამას დიდი ძალისხმევა და დრო მოვანდომე. ეს გამოცდილება ჩვენთვის ფასეულია, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და სხვა ამოცანების გადაწყვეტის კუთხითაც, მათ შორის, რომელიც ტერიტორიების დროებით ოკუპაციას უკავშირდება.

არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნება, თუ ბატონო პოროშენკო მიიწვევს სპეციალისტებს საქართველოდან. მე ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრთან მქონდა ურთიერთობა. მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძე, ის დიდი რეფორმატორი, პროფესიონალი და უბრალოდ შესანიშნავი ადამიანია. რაც შეეხება სააკაშვილს, ალბათ, ეს ცნობილი გახდება ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისა და პირველი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ დროში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ყველაფერი შესაძლებელია“, - აცხადებს ელჩი.

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის კიევის ხელისუფლებასა და პოროშენკოსთან. თუმცა მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ მისი გაცხადებული მზაობა დიალოგისთვის განპირობებული იყოს რაღაც დათქმებით, რაც გაჟღერებულ იქნა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ. შუამავლები ჩვენ არ გვჭირდება. მე მივაქციე ყურადღება კლიჩკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოროშენკოს გუნდის ფორმირების პროცესში, განიხილება მასში სააკაშვილის ჩართვის საკითხი. მისი შუამავლობა ჩვენსა და უკრაინას შორის, ნამდვილად არ არის საჭირო“, - განაცხადა სერგრი ლავროვმა.

უკრაინის ხელისუფლებას გამარჯვებას ულოცოვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აქვე ურჩევს, რომ მიხიელ სააკაშვილი არ გაიკარონ.

„ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, რომ ქვეყანაში იყოს, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად შესაძლო დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. „ვფიქრობ, რომ სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია ვის დანიშნავს საკუთარ მრჩევლად, თუმცა მე პირადად მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილმა უკრაინელებს შესაძლოა, რჩევები მისცეს - თუ რა უნდა გააკეთო, რომ სავალალო მდგომარეობამდე მიხვიდე. რაც შეეხება ბენდუქიძეს, ვოლსკის განცხადებით, ბენდუქიძე იმ ეკონომიკური კონცეფციის ავტორია, რომელმაც სერიოზული უარყოფითი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

„პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ ვიტყოდი, რომ სააკაშვილი ისეთი ფიგურაა, რომელიც შესაძლოა, ან უკრაინას, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას გამოადგეს. რჩევები შეიძლება მისცეს, თუ რა შეიძლება გააკეთო, რომ სავალალო მდგომარეობამდე მიხვიდე. რაც შეეხება ამ შემთხვევაში როგორი იქნება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები, არსებობს ქვეყნის პრაგმატული ინტერესები. უკრაინასთან ყოველთვის ვთანამშრომლობდით და ასე გადაწყვეტილადაც, მგონი, არ ღირს ვილაპარაკოთ, რომ სააკაშვილი მრჩეველი იქნება“, - ამბობს ვოლსკი.

კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე და აქვე დასძეს - ის, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს ქართველი მრჩეველი ეყოლება, თავად უკრაინულმა მხარემ დაადასტურა.

„ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის კარგია და კიდევ ერთი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელიც წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში გაატარა. სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას - გავაგრძელოთ რეფორმები, ცვლილებები და ავამუშაოთ საქართველო“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის და კახა ბენდუქიძის სავარაუდო დასაქმებას, ახალი ხელისუფლების შეცდომად აფასებენ ქართველი ექსპერტები, რომელთა განცხადებით „სამართლიანობის აღდენის ფონზე მოსული ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება ისეთი ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანა, როგორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრია“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ქვეყანა სააპრეზიდენტო არჩევნების დღესვე დატოვა. მის წინააღმედგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სააკაშვილის სახელს უკავშირდება ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, კორუფცია, მკვლელობა. პარალელურად, საქართველოს მთავრი პროკურატურა კახა ბენდუქიძის საქმიანობასაც სწავლობს, ბენდუქიძე პროკურატუმ უკვე დაკითხა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის განცხადება ბოლომდე გატარდება, რადგან მიხეილ სააკაშვილი გამოჩენისთანავე იქნება კონფლიქტის პირველი წყარო.

„ნურც ამ ტიპის გადაწყვეტილება გაგვიკვირდება. ადამიანები გადაწვეტილებას არც თუ ისე რაციონალური საფუძვლებით იღებენ, უფრო თავიანთი ემოციებით ხელმძღვანელობენ-ხოლმე და მერე იწყება დაფიქრება შედეგებზე. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ ნურც შეცდომა და ნურც ის, რომ ეს შეიძლება ჭორი აღმოჩნდეს.  უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სურვილს, თუ დაუფიქრდებიან, ალბათ, შეცვლიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე შორს არის იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი შეიძლება შუამავალი იყოს რუსეთთან ან რომელიმე ქვეყანასთან, რადგან მისი თქმით, ეს ყოველგვარ საღ აზრს სცდება.

„სააკაშვილის მრჩევლის პოსტზე დანიშვნა, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კონფრონტაციული ნაბიჯია არა მარტო რუსეთის მიმართ. ვიცით როგორი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან და ამ შემთხვევაში, სააკაშვილი თუ სააკაშვილის გარეშე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები მაინაც ყველაზე მძიმეა, ალბათ, მათი სახელმწიფოებრივად არსებობის ისტორიაში. ეს არ აისახება კარგად საქართველოსთან ურთიერთობაზე. ეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გამოწვევაა არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, არამედ საქართველოს საზოგადეობისაც. არ ვიცი რამდენად უღირს უკრაინას ამდენის მინუსის ფონზე სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა, რას მისცემს ისეთ პლუსს, რომელიც ამ მინუსებს გადასძალავს“, - ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, თუ დასავლეთის და აშშ-ის კონსევატიულ ფრთას უნდა, რომ სააკაშვილის პირით რამე ურჩიოს უკარინას, ეს ყოველგვარი სტატუსის გარეშეც შესაძლებელია.

„ამიტომ, ხარს წითელი ნაჭერივით აუფრიალო სააკაშვილი, არ ვიცი, რამდენად გონივრული გადაწყვეტილებაა. გინდა არ გინდა, უკრაინას რუსეთისგან სჭირდება ლეგიტიმურობის აღიარება, დიალოგში უნდა შევიდნენ. ეს არაა ის სიტუაცია, როდესაც უკრაინას რუსეთთან გაბუტვა რაიმეს არგებს. საუბარი არაა იმაზე, რომ რაიამე დათმოს უკრაიანამ რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა დიალოგის ფორმატში უნდა გადავიდეს და ამას ცდილობს მთელი ევროპა და ამერიკა.

რამდენად წაადგება დიალოგის ფორმატს სააკაშვილის პერსონა, რთული საკითხია. ეს მუდმივად იქნება რუსეთისთვის იმის ნიშანი, რომ ეს უკრაინა მისთვის მუდმივი სააფრთხის წყაროა, ისევე როგორც სააკაშვილის დროინდელი საქართველო. უკრაინაში კონფრონტაციული ფონის შექმნა არავის აწყობს, მითუმეტეს - დასავლეთს, სადაც ევროპარლამეტის არჩევნებმა აჩვენა, რომ საკმაოდ სერიოზული ძვრები ხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.