ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება არ იყო ეროვნულად მოაზროვნე. ამითაც აიხსნება, რომ პირველსავე დღეს, 1918 წლის 26 მაისს, როცა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა, ასეთნაირად მიმართა ქართულ საზოგადოებას: „დღევანდელი დღე არის ბედნიერიც და უბედურიც. ბედნიერია, რადგან იბადება ახალი სახელმწიფო და უბედური, რადგან ძველი ქვეყანა იშლება“. ჟორდანიამ იქვე პირობა დადო, თუკი რუსეთში დემოკრატია კვლავაც იზეიმებდა, ჩვენ დავუბრუნდებოდით დიდ ოჯახს (რუსეთს). ამდენად, ზოგიერთები ფიქრობენ, როდესაც ასეთი მთავრობა გყავს, დამოუკიდებლობის ნაყოფი ჩანასახშივე უკვე სიკვდილისთვისაა განწირული.
ამის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი საქართველოს დამოუკიდებლობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და ბელგიის გარდა, საბჭოთა რუსეთმაც ცნო და თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაუდო ქართველებს. თუმცა სულ რაღაც რვა თვეში რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და 1921 წლის 11 თებერვალს წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს. სწორედ მაშინ დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული ბრძოლების გმირული ეპოპეა.
თებერვლის დღეებში, როცა ქართული საზოგადოება რუსებთან ბრძოლისთვის მზად იყო და, როცა თბილისელებმა საბრძოლველად გაიღვიძეს, აღმოაჩინეს, რომ საკუთარი მთავრობა გაპარულიყო...
როგორც ამბობენ, იმ პერიოდში ევროპელები განცვიფრებულნი დარჩენილან, ორ კვირაზე მეტი რატომ ვერ გაძელით? ხომ შეიძლება დაგხმარებოდითო? თუმცა იყო კოჯორ-ტაბახმელის ერთკვირიანი გმირული ბრძოლები გენერალ კვინიტაძის მეთაურობით.
ევროპელების დახმარება ცოტა საეჭვოა, მაგრამ ცალკეული ისტორიკოსები მაინც ირწმუნებიან, 1921 წელს საქართველოს უამრავი მიმართულებით, წარმოუდგენლად დიდი უპირატესობა ჰქონდა რუსეთთან შედარებით, ვიდრე 2008 წელს. კერძოდ, პირველ მსოფლიო ომში რუსეთის იმპერია ორ ფრონტზე იბრძოდა, ერთ-ერთი ოსმალეთ-ირანის მიმართულება იყო და ამ ფრონტის მთელი ავიაცია, 100-ზე მეტი თვითმფრინავი საქართველოს დარჩა. გარდა ამისა, საქართველო სამხედრო ტექნიკის რაოდენობით დაახლოებით ორჯერ აჭარბებდა რუსეთს. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, რუსეთის არმიაში დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი იყო, ერთი ამდენი რეზერვშიც ჰყავდათ. ბრიტანელების მიერ 1920 წელს ჩატარებული ანალიზით კი, საქართველოს 56 000-იანი კბილებამდე შეიარაღებული უმაღლესი სტანდარტის არმია უნდა ჰყოლოდა. არმიაში ირიცხებოდა 10 000-ზე მეტი კადრის ოფიცერი. უფრო მეტიც, პირველ მსოფლიო ომში გვყავდა 25 გენერალი, გვყავდა გენერალ-მაიორი მაზნიაშვილი. ეს ყველაფერი მომგებიანი პოზიცია იყო თბილისისთის, რადგან ქალაქის დამცველს ხუთჯერ ნაკლები ძალა სჭირდებოდა, ვიდრე თავდამსხმელს. ამიტომ თბილისის უბრძოლველად დატოვება არ შეიძლებოდა.
შეგვეძლო თუ არა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რომელიც ბევრად ადრე, 1801 წელს რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის მიერ რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტით დავკარგეთ? რა შეიცვალა 1991 წლის 9 აპრილის ანუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დღევანდელ ვითარებაში, როცა ზესახელმწიფოებს მსოფლიოს გადანაწილების თავიანთი ინტერესები აქვთ, რამდენად შეუძლია მას, დამოუკიდებლად სვლა განაგრძოს?
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ნოე ჟორდანიას მოღალატედ რაცხავენ და აცხადებს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ჟორდანიას რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენა უნდოდა. პირიქით, ნოე ჟორდანიას ცნობილი გამონათქვამი არსებობს, ჩრდილოეთის თუ აღმოსავლეთის ბარბაროსებს დასავლეთის იმპერიალისტები მირჩევნიაო. რაც შეეხება ჟორდანიას ადრინდელ მოღვაწეობას, როცა ის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი იყო, იმ პერიოდში მისი პრორუსული ორიენტაცია გამომდინარეობდა იქიდან, რომ იგი ე.წ. მარქსისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი გახლდათ. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად იძულებით აკეთებდნენ გარკვეულ განცხადებებს.
„შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნეში ორჯერ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ერთი - 1918 წელის 26 მაისს და მეორე - 1991 წლის 9 აპრილს. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პირველად უფრო მომზადებული იყო სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, ვიდრე მეორე დამოუკიდებლობის დროს. იმ პერიოდში პროფესიონალი პოლიტიკური ელიტა გვყავდა, ჩვენი სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ეროვნულ-დემოკრატების ლიდერები საქვეყნოდ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. პარიზის კონფერენციის დროს, როცა ინგლისის რომელიღაც პოლიტიკურმა მოღვაწემ იკითხა, ესენი ვინ არიანო და მიუთითა ჩოხაში გამოწყობილ ორ პიროვნებაზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა მას უპასუხა, განა არ იცით, ლორდ, რომ ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელმაც შეიძლება მთელი ევროპა მინისტრებით მოამარაგოსო. ჩოხაში გამოწყობილი საქართველოს დელეგაციის მეთაურები კი იყვნენ კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი. თუმცა 1921 წელს არ გვქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. მაშინდელი დასავლეთ ევროპა არ იყო მზად, რომ სამხრეთ კავკასიაში წინააღმდეგობა გაეწია ბოლშევიკური რუსეთის მზარდი ძლიერი სამხედრო ძალისთვის. ამან გადაწყვიტა ჩვენი ბედი“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა, თუმცა საეჭვოა, საქართველოს დამოუკიდებლობას საშიშროება ემუქრებოდეს. უბრალოდ, მთავარია, დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩვენ ისეთი სრული დამოუკიდებლები ვერ ვიქნებით, როგორც შეერთებული შტატები, რუსეთი ან ჩინეთია. ის კი არა, ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა არაგენტინა, ბრაზილია ან მეორე ეშელონის სახელმწიფოები, ემორჩილებიან წამყვანი სახელმწიფოების ნებას. ამიტომ, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ ვიქნებით, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი ბევრად ნაკლები იქნება. ხოლო, თუ დასავლური გავლენების ქვეშ ვიქნებით, მაშინ განვითარების მეტი შანსი გვექნება. ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. თუ ჩვენ დასავლეთის შეკვეთების შემსრულებელი მონური ხელისუფლება გვეყოლება, მაშინ მინიმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიქნებით.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ადასტურებს, რომ ჟორდანიას მიმართ ძალზე სერიოზული ბრალდება ისმის, რომ იგი საქართველოდან გარბოდა, ნაცვლად იმისა, რომ თბილისი და ჩვენი მიწის ყოველი გოჯი დაეცვა. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის მე-11 არმია საქართველოს რამდენიმე მიმართულებით უტევდა, მათ შორის, ყირიმიდანაც, როსტოვის ოლქიდან შავი ზღვის გაყოლებით. საკავალერიო ნაწილი შემოსული იყო მამისონის მხრიდან. ასე რომ, მას შემდეგ, რაც დასავლეთი სამხედრო ძალით არ გამოგვესარჩლა, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ვაგებდით, მაგრამ მთავარი ამოცანა იყო, რომ პოლიტიკურად ანუ იურიდიულად არ წაგვეგო.
კერძოდ, For.ge-სთან საუბარში ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ ნოე ჟორდანიას ეშინოდა, რადგან რუსები პირდაპირ ნადირობდნენ დამფუძნებელი კრების პირად შემადგენლობაზე. მათ უნდოდათ, ხელში ჩაეგდოთ ეს ადამიანები და გამოეძალათ მათთვის კაპიტულაცია. კაპიტულაცია რომ მომხდარიყო, მაშინ დამონებული ხალხები ახალ რუსულ იმპერიაში შევიდოდით არა როგორც სუვერენული სახელმწიფოები, არამედ როგორც უბრალო გუბერნიები.
„ის ფაქტი, რომ ჟორდანიას დროს 1921 წელს, დამონებულ ხალხებს შორის ერთადერთმა საქართველომ მოასწრო კონსტიტიუციის მიღება, გადამწყვეტი იყო ჩვენი მომავლისთვის. ამიტომ, უკანდახევის ჩათვლით, ჟორდანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ დამფუძნებელი კრების წევრები როგორმე სამშვიდობოს გაეყვანა. ცხადია, ყველა მათგანი ვერ გაუძლებდა წამებას და შეასრულებდა რუსების ბრძანებას. ეს ჟორდანიას საქმიანობის შემარბილებელი გარემოებაა. ამდენად, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს კი საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა პაპუაშვილმა, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში ინგლისურ ენაზე სტატია დაბეჭდა ევროპულ პრესაში. აქ ლაპარაკია 1921 წლის ქართულ კონსტიტუციაზე, ამ მაღალხარისხოვან იურიდიულ დოკუმენტზე და ამის შემდეგ ნათქვამია თითიდან გამოწოვილი ტყუილი, თითქოს 17 მარტს ქუთაისში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ანუ დამფუძნებელი კრების შემადგენლობის დიდმა ნაწილმა ჩაატარა სხდომა და გააუქმა საქართველოს კონსტიტუცია. ეს სიცრუეა. ამის შეთხზვა და დაბეჭდვა ევროპაში საქართველოს ღალატია“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე.
მისივე თქმით, 1991-92 წლების მიჯნაზე რუსებმა საქართველოში გადატრიალება მოახდინეს. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ბოროტების იმპერია - საბჭოთა კავშირი დასავლეთის ზეწოლით 21 დეკემბერს დაიშალა. მათ დაამხეს საქართველოს ერთგული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და, ნოდარ ნათაძის აზრით, მას შემდეგ საქართველოს მართავდა რუსული აგენტურა. თუმცა რუსეთი საკუთარ პოზიციებს მაინც აგებს. უკრაინამ რუსეთს ზურგი შეაქცია, ევროპისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც გუშინდელმა არჩევნებმაც დადასტურა. ასე რომ, რუსეთი მარცხდება და ცხინვალიდან თუ აფხაზეთიდან, ასევე, ჩრდილო კავკასიიდან მისი წასვლა გარდუვალია.
„ამ მხრივ ჩვენი დამოუკიდებლობის მარადიულობა გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორად. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა სთხოვოს გაეროს, ჩაატაროს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამის უფლება გაეროს აქვს“.