საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (ვიდეო)

დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა. 200-მა წვევამდელმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.

ღონისძიება საჰაერო კომპოზიციით გაიხსნა. მოედნის თავზე სამმა იროკეზის ტიპის ვერტმფრენმა გადაიფრინა და სახელმწიფო დროშა გაშალა. მოეწყო ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის საჩვენებლი გამოსვლა და  სახელმწიფო დროშების ფლეშმობი.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცეს. 

სიტყვით მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში -საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. დღეიდან თქვენი ცხოვრება არსებითად იცვლება. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უსაფრთხოება და სიმშვიდე. დღეიდან თქვენ ხართ სამშობლოს ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია. დევიზი, რომელიც ყველა თქვენთაგანის გენეტიკურ კოდში დევს. საქართველოს სიყვარული და საქართველოსთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს. 26 მაისი სახელმწიფოს მთავარი დღესასწაულია. 96 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენ ქვეყანას არასდროს შეუწყვიტავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის დღე თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურის პირადი ზეიმია, რადგან, სწორედ თქვენ - საქართველოს დამცველებო, იცავთ და ინარჩუნებთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ქვეყანას ჭირდება მშვიდობა. მაგრამ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ თქვენი გაბედულების, სიმამაცისა და თავდადების წყალობითაა შესაძლებელი“.

ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადმა შემადგენლობამ დადო. დღეიდან 200 ახალწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს.

პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება  იროკეზების გადაფრენით დასრულდა, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ფლაერები გადმოყარეს.

ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო. სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქშიც  გამოიფინა.