დუმ-ის სკანდალური კანონპროექტი და პენტაგონის საიდუმლო გეგმა

დუმ-ის სკანდალური კანონპროექტი და პენტაგონის საიდუმლო გეგმა

ხუმრობა არ გეგონოთ - ეს რეალობაა!

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის დუმა-ში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს პრეზერვატივების, ორსულობის ტესტებისა და, ასევე, თერმომეტრების გაყიდვას. ეს უკანასკნელი რა ნიშნით იქნა დაწუნებული, არ ამბობენ. გარდა ამისა, რუსეთის კულტურის სამინისტრომ შექმნა ე.წ. აღზრდის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო იქნება სკოლებში “საოჯახო წესების” სწავლება და ამ თემაზე სახელმძღვანელოები დაიწერება.

სახელმწიფო ხაზინიდან გამოიყოფა თანხები საოჯახო ურთიერთობებზე ფილმების გადასაღებად, ტელეპროექტების დასაფინანსებლად და წიგნების დასაწერად. დააფინანსებენ მხოლოდ იმ რეჟისორებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც 45 წელზე მეტის იქნებიან (მამაკაცები) და 50 წელზე მეტის ქალები.

დაფინანსების მაძიებელი ახალგაზრდა ინტელექტუალები წარსდგებიან უხუცესთა საბჭოს წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კულტურის დამსახურებული მოღვაწეებით, რომელთა ასაკიც 70 წელს აღემატება.

ჯანმრთელობის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში სამლოცველოები გაიხსნას და ყოველ წელს ჩატარდეს მოქალაქეთა სულიერი კვლევა. აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს აუცილებელი ტესტირება სქესობრივი და ფსიქოლოგიური გადაგვარების გამოსავლენად. გადახრების შემთხვევაში, მოქალაქეს გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდება კვლევა და მკურნალობა. თუ მკურნალობა შედეგიანი არ აღმოჩნდება, მოქალაქე იზოლირებული იქნება საზოგადოებისაგან სპეციალურ დაწესებულებაში.

ზემოჩამოთვლილი სიახლეების გარდა, რუსეთში შეიქმნება ახალი სამინისტრო, რომელსაც “საზოგადოებრივი ცხოვრების” სამინისტრო ერქმევა. ამ სამინისტროს ფუნქცია იქნება, ყურადღება მიაქციოს და დაარეგულიროს მოქალაქეთა თავისუფალი დრო - დასვენების რა ფორმებს მიმართავენ და რითი არიან გატაცებულნი. უნდა აიკრძალოს დასვენების ისეთი აქტიური ფორმები, როგორიცაა - ხტუნვა-ცეკვა, “ეშმაკისეული” სიმღერები და მუსიკა, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა, დათვების, ფრინველების, მონადირე ძაღლების ატრაქციონები და ცხენით ჯირითი.

ჯერჯერობით ყველაფერი ეს კანონპროექტის სახითაა, მაგრამ რუსი ჟურნალისტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დუმა ამ კანონპროექტებს ხმას მისცემს. ტელეკომპანია “დოჟდმა” კი სპეციალური გადაცემა დაუთმო ამ თემას, რომელსაც “მეისტრიმად” გასდევდა ფრაზა - “ხუმრობა არ გეგონოთ, ეს რეალობაა”.

 

რუსეთი ყირიმის მიერთების აღნიშვნას კოსმოსში აპირებდა

რამდენიმე დღის წინ, ბაიკანურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებელი “პროტონ-მ” გაუშვეს კოსმოსში, რომელიც გეორგიევსკის ბაფთებითა და რესპუბლიკა ყირიმის დროშით იყო შემკული, მაგრამ გზაში ჩამოვარდა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, პუტინის “ძმამ” და მეგობარმა, ტელეწამყვანმა დიმიტრი კისილიოვმა თავის გადაცემაში განაცხადა: “მართალია, რაკეტა ჩამოვარდა, მაგრამ გეორგიევსკის ბაფთები და რესპუბლიკა ყირიმის დროშა უვნებელი დარჩა”.

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რაკეტა “პროტონ-მ”-ის ავარიის შედეგად, რუსეთმა კოსმოსური კავშირის ყველაზე მძლავრი თანამგზავრი დაკარგა. რაკეტა “პროტონ-მ”-ს უნდა გაეგრძელებინა და დაესრულებინა 2006-2015 წლების კოსმოსური პროგრამა. “როსკოსმოსის” ინფორმაციით, ავარია აფრენიდან 540-ე წამზე მოხდა და რაკეტის ნამსხვრევების დაცემის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

წყაროს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, წყნარი ოკეანის აკვატორიაში ჩაცვივდა.

როგორც “როსკოსმოსის” საინფორმაციო ცენტრი იუწყება, შხამიანი გაზი, რომელიც რაკეტის სათბობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, ატმოსფეროს ზედაფენებში გაიფანტა და ამდენად, საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

ვიდრე ავარიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, ბაიკანურის კოსმოდრომი რაკეტების კოსმოსში გაშვებას წყვეტს. შესაბამისად, არც 15 ივლისისთვის დაგეგმილი რაკეტის გაშვება მოხდება.

პენტაგონი ზომბების წინააღმდეგ

 

პენტაგონმა ზომბების შესაძლო თავდასხმის უვნებელსაყოფად სამხედრო ოპერაციის გეგმა შეიმუშავა, - ამის თაობაზე ჟურნალი “ფორეიგნ პოლისი” იუწყება. ზომბების მოსაგერიებელი ოპერაციის კოდურისახელი CONOP 8888-ია და ის 2011 წლის 30 აპრილითაა დათარიღებული. როგორც წყარო იუწყება, აღნიშნულ დოკუმენტს გრიფი - “საიდუმლო” არ ადევს და აშშ-ის თავდაცვის უწყების დახურულ საიტზე ინახება.

ოპერაცია CONOP 8888-ის ანოტაციაში წერია: “აღნიშნული გეგმა აუცილებელი სახელმძღვანელოა თავდაცვის სტრატეგიული მეთოდიკის დასამუშავებლად “ცოცხალი მკვდრებისაგან” თავდასაცავად და განკუთვნილია აშშ-ის თავდაცვის უწყების გაერთიანებული ხელმძღვანელობისთვის”.

თუ პენტაგონს ზომბების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია აქვს დაგეგმილი, ჩანს, ე.წ. ცოცხალი მკვდრები ფანტაზიის ნაყოფი არ არის.

რაც შეეხება რეალობას...

The Washington Post: “აშშ და მოკავშირეები რუსეთის მიმართ უფრო მასშტაბურ სანქციებს გეგმავენ, თუ პუტინი 25 მაისს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერევა”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

ჰეიგმა შეხვედრა გამართა ლონდონში, რომელზეც მიწვეულები იყვნენ კოლეგები უკრაინიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან. შეხვედრაზე ითქვა: “თუ ჩვენ “წითელ ხაზებს” გავავლებთ რუსებთან, მაშინ რუსეთს ეცოდინება, რომ მას შეუძლია, მიუახლოვდეს ამ ხაზებს. პუტინის მცდელობამ, ჩაშალოს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმა მიიღოს. ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, თუ რას მოიმოქმედებს პუტინი”.

The Guardian: “პუტინმა უკრაინის საზღვრებთან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სამხედრო მანევრები გამოაცხადა. პროგნოზის მიხედვით, 25 მაისს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში “შოკოლადის მეფე” პიოტრ პარაშენკო გაიმარჯვებს. იგი თავდაჭერილი და, ამავე დროს, ღიად ანტირუსული პოზიციის მქონეა. მოსკოვი უკვე აღარ აცხადებს, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია, მაგრამ არავინ იცის, რა გათვლები აქვს კრემლს”.

The New York Times: “მეტაფორებით არ დავიწყებ ლაპარაკს, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომელთა საშუალებითაც ისეთ სანქციებს დავუწესებთ პუტინს, რომ მომენტალურად მივიღებთ ეფექტურ შედეგს”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ”.