"მთავრობის რეიტინგი ისედაც დაბალია. "ნაციონალებზე" მაღალი რეიტინგი რომ აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მაჩვენებელია," - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ბოლო დროს ტელეკომპანია "მაესტროსა" და მთავრობის ადმინისტრაციას შორის ერთგვარ დაპირისპირებაზე საუბრისას და დასძენს, რომ ხელისუფლებისთვის ეს ნაბიჯი წამგებიანი იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ისინი ნელ-ნელა შორდებიან ხალხს" / სოსო ცინცაძის აზრით, ქვეყანაში საყოველთაო ნეპოტიზმი და ტოტალური უმუშევრობაა.
"როცა დღე-დღეზე გაევროპელებასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ველოდებით, ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრება გვინდა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტთა კრიტიკა, რა თქმა უნდა, მათთვის წამგებიანია. დემოკრატიის პირველი ნიშანი ჟურნალისტებთან ურთიერთობაში მაღალი თმენის რესურსია. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტები ცდებიან, ხანდახან მიკერძოებასაც ავლენენ, ვინაიდან ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი სიმპათიებითა და ანტიპათიებით. მაგრამ, როგორც ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, 100-დან 90 შემთხვევაში მათი კრიტიკა მართებულია. ჯობს, კრიტიკას გადააჭარბონ, ვიდრე მაამებლური ჟურნალისტიკა გვქონდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
"თუ მთავრობის მუშაობით ხალხი კმაყოფილია, ჟურნალისტი, რაც უნდა მიკერძოებული იყოს, ამ კმაყოფილებას უკმაყოფილებად გაფდაქცევას ნამდვილად ვერ შეძლებს. ჟურნალისტი ვერ შეძლებს უარყოფითი აზრი შექმნას რომელიმე სამინისტროს მიმართ, თუ ეს სამინისტრო წარმატებულია და კარგად მუშაობს. რად უნდა სანაიას ან ვინმეს გადაცემა იმის დანახვას, რომ მოსახლეობა დღეს თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა?! როგორ შეიძლება სიტუაციით ვინმე და თუნდაც მთავრობა კმაყოფილი იყოს, როცა მოსახლეობის 70-80% უმუშევარია?! რა ჟურნალისტური კვლევა სჭირდება იმის დანახვას, რომ თბილისშიც კი ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ერთი, ან ხშირ შემთხვევაში არც ერთი წევრი არ მუშაობს?! ტოტალური უმუშევრობაა. თანაც ნეპოტიზმი მძვინვარებს. ქალაქი რომ გამათხოვრებულია და ხალხი ლუკმა-პურზე დარბის, ამას კვლევა უნდა?! ასე რომ, მთავრობის აღშფოთება ჩემთვის გაუგებარია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"მთავრობის რეიტინგი ისედაც დაბალია. "ნაციონალებზე" მაღალი რეიტინგი რომ აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მაჩვენებელია. კიდევ ვიმეორებ - თუ ხელისუფლებით ხალხი კმაყოფილია, მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები რომ ჩამოვიყვანოთ და მასზე ცუდი ვათქმევინოთ, რეიტინგს ვერ დაუწევენ. შვეიცარიაში როგორი ჟურნალისტებიც უნდა ჩავიდეს და მთავრობა როგორც უნდა გააკრიტიკოს, ვინ დაუჯერებს, რომ ის ცუდად მუშაობს? ასე რომ, ჟურნალისტი იმას ამბობს, რაც ხდება. აბა, ისაა სიმართლე, რომ იძახიან - იმაზე მეტი შევასრულეთ, რასაც დაგპირდითო? ცუდია, რომ ხალხთან მე უფრო ახლოს ვარ, ვიდრე მთავრობა. ისინი ნელ-ნელა შორდებიან ხალხს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება თავიდანვე ტყუოდა. უბრალოდ, როცა ისინი 2012 წელს წინასაარჩევნო დაპირებებს იძლეოდნენ - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სხვა ადამიანები, რომლებიც მანამდე პოლიტიკაში არ მოღვაწეობდნენ, გამოუცდელები იყვნენ და სწამდათ, რომ ამას აასრულებდნენ. მოვიდნენ და ხედავენ, რომ არც ტარიფის შემცირება ყოფილა ადვილი, არც სამუშაო ადგილების შეცვლა და, რაც მთავარია, არც ნეპოტიზმის აღმოფხვრა. სხვა გამოცდილ პოლიტიკოსებს კი, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" იყვნენ და არიან, არაფრისაც არ სწამდათ და მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს დაპირებები შეუსრულებელი იყო, მაგრამ მაშინ ისინი ივანიშვილს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრებოდნენ, ოღონდ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ", - დაასკვნის სოსო ცინცაძე.