ძველი გამოთქმა «შარო, საიდან მოდიხარო», დიდი ხანია, ქართული პოლიტიკის არაოფიციალურ დევიზად იქცა. გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში - რიჩარდ მორნინგსტარმა «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში მეზობელ ქვეყანაში უკრაინული «მაიდანის» მსგავსი მოვლენების დაწყების შესაძლებლობაზე მიანიშნა. ასე ღიად და არაორაზროვნად ამერიკელ დიპლომატებს ბაქოში არასოდეს უსაუბრიათ.
აზერბაიჯანის შესაძლო დესტაბილიზაციამ, რომელზეც ამ ინტერვიუს შემდეგ არაერთი კომენტატორი ალაპარაკდა, შეიძლება სწრაფად და რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, მისი სატრანზიტო ფუნქცია ეჭვქვეშ დადგეს და, შესაბამისად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დევალვირება მოხდეს. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს შეძლებს საქართველო ფარდობითი სტაბილურობის კუნძულად დარჩენას თუ ქაოსი პოსტსაბჭოეთში უკრაინის შემდეგ აზერბაიჯანშიც დაიწყება.
ძია სემის ახალი სამიზნე
«დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ერთმანეთის არ გვესმის, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში: ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ამაზე ვსაუბრობთ. ხშირად მთავრობა სრულიად არასაჭირო საქმეებს აკეთებს და ჩვენ საერთოდ არ გვესმის, რატომ ხდება ეს». როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ბოლოდროინდელი რეპრესიების სამიზნე «პროდასავლური ჯგუფი» აზერბაიჯანში, რიჩარდ მორნინგსტარმა უპასუხა: «მე არ მომწონს ფრაზა «პროდასავლური ჯგუფი». მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავრობა მონოლითური არ არის. იქ არიან ისინი, ვისაც უნდა, დააზიანონ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, გაართულონ დასავლური ორგანიზაციების საქმიანობა ან აშშ-სა და ევროპას რაღაცაში ადანაშაულებენ. მაგრამ მთავრობაში არის ბევრი ადამიანი, რომელთაც სხვა შეხედულებები აქვთ. არ მინდა მთლიანობაში მთავრობა დავადანაშაულო». ამერიკელი დიპლომატის თქმით, «მას სწამს», რომ პრეზიდენტი ალიევი «ანტიდასავლელების» რიცხვს არ მიეკუთვნება. «ვფიქრობ, რომ ბევრს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტს, ესმის, რომ ურთიერთობა აშშ-თან ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ შესაძლოა, მთავრობაში არ სურთ აზერბაიჯანში «მაიდანის» მოვლენების გამეორება. ამ ადამიანების აზრით, ამისთვის საჭიროა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ზეწოლის გაძლიერება, მაგრამ ეს უკრაინის მოვლენებიდან გამოტანილი ცუდი გაკვეთილია, - განაცხადა მორნინგსტარმა, - ეს პოზიცია მცდარია და სამოქალაქო საზოგადოებისთვის «ჟანგბადის გადაკეტვა» «მაიდანის» გამეორების ალბათობას ზრდის, თუ არა დღეს, მაშინ 5 და 10 წლის შემდეგ. რაც უფრო მეტად იხურება შესაძლებლობები სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მით უფრო იზრდება რისკები».
ერთი შეხედვით, ამ ინტერვიუში საგანგაშო არაფერია, თუმცა უდავოდ აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ელჩმა, ფაქტობრივად, მოახდინა აზერბაიჯანის მთავრობის პირობითი დაყოფა «ანტიდასავლურ» და, ასე ვთქვათ, «დასავლეთისთვის მისაღებ» ბანაკებად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტერმინების გამოყენებას, მისი თქმით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მსგავსი დაყოფა უკლებრივ ყველა «ფერადი რევოლუციის» წინარე პერიოდში მოხდა («პროდასავლელები»-»ანტიდასავლელები», «ახალგაზრდა რეფორმატორები»-»რუსეთზე ორიენტირებული რეტროგრადები» და ა. შ.) და ამ ბიპოლარულ მოდელს აქტიურად ნერგავდნენ როგორც თავად ამერიკელები, ისე მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფები, არასამთავრობოები თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ნებისმიერი მთავრობისთვის ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამერიკელმა დიპლომატმა იქვე დაიწყო საუბარი «მაიდანის» გამეორების შესაძლებლობაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას მორნინგსტარის ინტერვიუ ძალიან არ მოეწონა. როგორც სახელისუფლო მედიის პუბლიკაციებში, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის - ნოვრუზ მამედოვის განცხადებაში გაღიზიანება და უკმაყოფილება იგძნობოდა. მამედოვმა, სხვა ყველაფერთან ერთად, შემდეგი რამ თქვა: «მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ადამიანის უფლებები და სხვა ფასეულობები, რომლებზეც ელჩმა ისაუბრა, შეიძლება სრულად იყოს რეალიზებული მხოლოდ მაშინ, როდესაც დაცულია სამართლიანობის პრინციპი. და ის უნდა დაიცვას, მათ შორის, თავად აშშ-მა».
ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში აზერბაიჯანთან დაკავშირებით საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ორი არაკორექტული მოსაზრება. ერთ-ერთის თანახმად, სანავთობო აზერბაიჯანში ამერიკელებისთვის პრიორიტეტულია რეჟიმის სტაბილურობა და, ადამიანების უფლებების დარღვევის მიუხედავად, ალიევის ხელისუფლება მათთვის ისეთივე «ხელშეუხებელია», როგორც თავის დროზე საუდიტების დინასტია. აგრეთვე, საქართველოში ხშირად მიიჩნევენ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის შეხედულებები აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე და მათ როლზე ევროპის მომარაგების საქმეში 100%-ით იდენტურია, რაც ასევე არასწორია, თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულ სიტუაციაში ვაშინგტონმა შეიძლება ხელი შეუწყოს აზერბაიჯანში რეჟიმის შეცვლას. ნავთობს და «მართვადი ქაოსის ზონის შექმნის» ნახევრადკონსპიროლოგიურ თეორიას თავი რომც დავანებოთ და დროებით დავუშვათ, რომ ობამას ადმინისტრაციას აზერბაიჯანში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა აღელვებს, ამ კონტექსტში შეიძლება 70-იანი წლების ირანი გაგვახსენდეს, როდესაც უშუალოდ ისლამური რევოლუციის წინ, კარტერის ადმინისტრაციამ აიძულა შაჰი, რეპრესიები მკვეთრად შეემცირებინა, რომელმაც ამბოხებულების გათამამებასა და შემდგომ გამარჯვებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აგრეთვე, შეიძლება გავიხსენოთ ვაშინგტონის ზეწოლა ჰოსნი მუბარაქის რეჟიმზე და არაერთი მსგავსი ეპიზოდი.
90-იანების დასაწყისში, როდესაც აზერბაიჯანში სრული ქაოსი სუფევდა, ჰეიდარ ალიევმა მოახერხა, დაემორჩილებინა როგორც ძველი გაუმაძღარი და თავგასული კლანები, ისე რადიკალური შეხედულებების ახალი შეიარაღებული ჯგუფები. ეს «თეთრი ხელთათმანებით» ნამდვილად არ გაუკეთებია და, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში რეჟიმი შედარებით შერბილდა, ავტორიტარული მეთოდები, დათრგუნვა და იძულება ყოველთვის წარმოადგენდა მისი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს. დღეს აზერბაიჯანი, ერთი შეხედვით, სავსებით სტაბილურია, მაგრამ მას როგორც გრძელვადიან, ისე ტაქტიკურ პერსპექტივაში არაერთი საფრთხე ემუქრება, რომლებზეც, ალბათ, დეტალურად უნდა ვისაუბროთ.
რეფორმები ან კატასტროფა
ნავთობმა და გაზმა ააყვავა აზერბაიჯანი, მაგრამ სანავთობო ქვეყნების ეკონომიკებს ხშირად ადარებენ ნარკომანებს, რომელთაც რაღაც მომენტში შეიძლება «დოზა» შეუმცირდეს და ეს მეტაფორა საკმაოდ ზუსტია. საბადოები ულევი არ არის; ექსპერტთა შეფასებით, მომავალ 20 წელიწადში მოპოვების რამდენადმე მნიშვნელოვან ზრდას ადგილი არ ექნება, ხოლო მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზრდება. ამ მხრივ, აზერბაიჯანი უკვე დგას ენერგომატარებლების მოპოვების «მწვერვალზე» ან (ოპტიმისტური პროგნოზების თანახმად) შეიძლება გადადგას კიდევ რამდენიმე ნაბიჯი «ზევით» და შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწევს, შემდეგ კი ნელი დაღმასვლა დაიწყება. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება, ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებული ამონაგების კონვერტაცია სახელმწიფოს ძლიერებაში ბაქოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.
რესურსები მძლავრი დივერსიფიცირებული ეკონომიკის შექმნისთვის აზერბაიჯანს ნამდვილად აქვს, მაგრამ ამას, ისევე, როგორც მთელ რიგ სხვა სანავთობო ქვეყნებში, ხელს უშლის უმეტესწილად კორუმპირებული და დეგრადირებული ელიტა. ან ილჰამ ალიევი დაიწყებს «რევოლუციას ზემოდან» (ნებისმიერი პარალელი უადგილოა, თუმცა ამ კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ ირანის შაჰის რეფორმები 60-70-იან წლებში - ე. წ. თეთრი რევოლუცია) და გაასუფთავებს ამ ავგიას თავლას, ან კიდევ, ადრე თუ გვიან, ქუჩაში გამოვა მზარდი ეკონომიკური პრობლემებით და ავტორიტარიზმით უკმაყოფილო ახალგაზრდების მასა, როგორც ეს «არაბული გაზაფხულის» ქვეყნებში მოხდა. მაგრამ «რევოლუცია ზემოდან», რომელსაც ქვეყნის რადიკალური რეფორმირება და მოდერნიზება უნდა მოჰყვეს, წინააღმდეგობაში მოდის იმ ძირითად პრინციპებთან, რომლებზეც რეჟიმი დგას. თუ ალიევი დააღრვევს ბალანსს სხვადასხვა გავლენიან ჯგუფს შორის (როგორც ეს, მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე, უკრაინაში იანუკოვიჩმა გააკეთა), აზერბაიჯანული «მაიდანი», დიდი ალბათობით, ძალიან მალე რეალობად იქცევა, მით უმეტეს, რომ პროცესებში ერთდროულად რამდენიმე მძლავრი გარე მოთამაშე ჩაერთვება. აქ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ «ახალი ცივი ომი» ალიევის ხელისუფლებას საგარეო არენაზე «ბალანსის პოლიტიკის» გატარების და «ორ სკამზე ჯდომის» სულ უფრო ნაკლებ შანსს უტოვებს.
აზერბაიჯანის «უკრაინიზაცია», გნებავთ, «მაიდანიზაცია», ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული სცენარია. ქვეყანა გაძეძგილია იარაღით; ყარაბაღის პრობლემიდან გამომდინარე, ალიევმა უამრავი თანამედროვე სისტემა შეიძინა. რადიკალური ისლამისტური ჯგუფები ელოდებიან მომენტს იატაკქვეშეთიდან გამოსასვლელად. იმის ალბათობა, რომ ალიევის გარეშე სხვადასხვა პოლიტიკური თუ კლანური დაჯგუფება კონსენსუსის მიღწევას და ქვეყანაში ფარდობითი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებენ, მიკროსკოპულად მცირეა.
ცვლილებები აზერბაიჯანში გარდაუვალია, მაგრამ მისი «გარდაქმნის» სცენარი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. თუ რიჩარდ მორნინგსტარის ინტერვიუს განვიხილავთ არა ბანალური მუქარის კონტექსტში, არამედ სტრატეგიული პერსპექტივის გათვალისწინებით, ის შეიძლება მოგვევლინოს ერთგვარ განაცხადად შემდგომი პროცესების მართვაზე: ან ალიევი იწყებს «რევოლუციას ზემოდან» «ახალგაზრდა პროდასავლელ რეფორმატორებზე» დაყრდნობით (ელჩმა უკვე გაავლო წარმოსახვითი ზღვარი ხელისუფლების შიგნით) და ამას, სხვა ყველაფერთან ერთად, რეჟიმის სრული ტრანსფორმაცია და, სავარაუდოდ, დასამარებაც მოჰყვება; ან კიდევ, ამერიკელები წავლენ მჭიდრო ალიანსზე «მაიდანის» პოტენციურ ორგანიზატორებთან.
აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გააზრება - ძირეული რეფორმების არგატარების შემთხვევაში, ობიექტური ეკონომიკური და სოციალური წინაპირობებიდან გამომდინარე, პროტესტის გაძლიერება და ამბოხება «ქვემოდან», თუნდაც ვაშინგტონი პროცესებში არ ჩაერიოს, პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს(სავარაუდოდ, სწორედ 5-10 წლის პერსპექტივაში, რომელზეც მორნინგსტარმა ისაუბრა). ბუნებრივია, ამერიკელებს აქვთ პროცესების მოდერაციის პრეტენზია, რადგან «თვითდინებაზე» მათი მიშვების შემთხვევაში პოზიციები აზერბაიჯანში შეიძლება ძალიან სწრაფად დაკარგონ, მაგრამ ის, რომ ვაშინგტონმა შეიძლება სტარტი მისცეს გარკვეული სცენარის რეალიზებას, სულაც არ ნიშნავს, რომ ის, თუნდაც მოკავშირე თურქეთთან ერთად, სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებას შეძლებს, ისევე, როგორც უკრაინაში და «არაბული გაზაფხულის ქვეყნებში». მას აქტიურ კონკურენციას რუსეთი და ირანი გაუწევენ, სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მისწრაფებების მქონე აზერბაიჯანული ჯგუფის მართვა კი წარმოუდგენლად რთული იქნება. აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გადაიქცევა ლიბიის მსგავს «უბედურების ზონად» ან ყოველივე დასრულდება ხელისუფლებაში სასტიკი ხუნტის მოსვლით, რომელიც ხიშტებს დაეყრდნობა და აგრესიული ნაციონალიზმის რიტორიკას გამოიყენებს. ეს, ისევე, როგორც აზერბაიჯანის დესტაბილიზაციის პერსპექტივა ზოგადად, მნიშვნელოვნად გაზრდის ყარაბაღში ომის განახლების ალბათობას, რაც საქართველოსთვის ახალი საფრთხეების მთელ «ბუკეტს» უკავშირდება.
უსამართლობის მომაკვდინებელი ვირუსი
რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ საქართველოს უნიკალურობაზე, მას ნებისმიერ პოსტაბჭოთა ქვეყანასთან, მეტიც, «არაბული გაზაფხულის» ქვეყნებთანაც კი, ძალიან ბევრი საერთო აქვს და უცხოეთში განვითარებულ პროცესებზე დაკვირვება ჩვენთვის შეიძლება ერთგვარ პოლიტიკურ გაკვეთილად იქცეს (აუცილებელი არაა, ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადოთ). ქართველები ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობაზე ოცნებობენ, მაგრამ, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მისი უზრუნველყოფისთვის არასაკმარისია მართვის ავტორიტარული მეთოდებიც, შეთანხმება თამაშის წესებზეც ელიტის შიგნით, სერიოზული ძალისმიერი ან ფინანსური რესურსებიც.
სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვა «რეფორმა» სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილ ძალადობასთან და პიარ-ტყუილთან ასოცირდება. არადა, მუდმივი რეფორმირების, ახალი დროის მოთხოვნების მიმართ ადაპტირების პროცესი აუცილებელია, ხოლო ვითარება პრობლემურ სფეროებში თერაპიული მეთოდებით უნდა გამოსწორდეს, უფრო ადრე, ვიდრე განრისხებული მასები «მაიდანს» მოწყობენ. ის, რომ მათი სამართლიანი პროტესტით უსინდისო პოლიტიკოსები და უცხო სახელმწიფოები სარგებლობენ, ამ კონტექსტში მეორეხარისხოვანია.
მუბარაქის ეგვიპტე ან თუნდაც ალიევის აზერბაიჯანი მისი ფარდობითი კეთილდღეობით, ალბათ, არ არის ის იდეალი, რომლისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობები საკმაოდ დიდხანს ახერხებდნენ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ხოლო გარკვეული დროის განმავლობაში წინამორბედთან შედარებით სავსებით პროგრესულად გამოიყურებოდნენ. ყოველივე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მმართველი ელიტის შეგუება უსამართლობასთან, თანაარსებობა მასთან და ბოლოს მისი გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის, ადრე თუ გვიან, რეჟიმის კრახით და, დიდი ალბათობით, ქვეყნის დაქცევით დასრულდება.
რა არის უფრო უსამართლო, ვიდრე სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა? თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ იდეას ზურგს საბოლოოდ შეაქცევს, სხვა სფეროებში მიღწეული წარმატება ვერაფერს უშველის. ის გარდაუვალ კატასროფამდე მივა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი პოზიციები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ხელისუფლება ამ შემთხვევაში საკუთარი ხელით შექმნის ფაქტორს, რომელიც მთელი სისტემის მუდმივ დესტაბილიზაციას მოახდენს, ხოლო როდესაც ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება (ამისგან დღევანდელ მსოფლიოში დაზღვეული არავინაა) ან მოხდება რაიმე ისეთი, რაც დეტონატორის როლს შეასრულებს (მაგალითად, პოლიციის შეტაკება დემონსტრანტებთან), ის გახდება მთავარი «ძრავა» ქუჩაში გამოსული მასებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, არ იქნება სამართლიანობა - არ იქნება მშვიდობა და რამდენადმე ღირებული სტაბილურობაც კი.