"არასდროს მქონია განცდა, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმე მოკლე დროში გაიხსნებოდა, რადგან საბოლოო კვალი მიხეილ სააკაშვილამდე მიდის", - ამის შესახებ " ამბები.გე"-ს გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ განუცხადა.
როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, მამამისის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება ყოფილი პოლიციელის გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც თავის დროზე მეგის ქარდავამ გურამ შარაძის მკვლელობა დაავალა.
"მეგის ქარდავას ყოფილი დაქვემდებარებული პირი გურიკა ქადარია ყოფილი პოლიციელია სამეგრელოდან. ის მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თავისთან დაიბარა მეგის ქარდავამ და მისცა დავალება, რომ სამეგრელოდან თბილისში წამოეყვანა ორი სპეცრაზმელი, თემურ ჯგერენაია და გია ფაჩულია. დავალების შესასრულებლად იარაღი და ხუთი ათასი ლარი გადასცა. თემურ ჯგერენაია გარდაცვლილია, გია ფაჩულია კი ამჟამად სამეგრელოში ძალოვან უწყებაში არც ისე დაბალი თანამდებობის პირია. გურიკა ქადარიას თბილისში უნდა დაკავშირებოდა ვინმე "მასტერა", რომელიც გააცნობდა სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა მოეკლათ მამაჩემი, გურამ შარაძე. ეს დავალება სწორედ მეგის ქარდავამ გადასცა. გურიკა ქადარიამ პირდაპირ უარის თქმა
ვერ გაბედა და თავის დაძვრენის მიზნით ქარდავას უთხრა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდოდა თბილისში. ტყუილს მიუხვდნენ და თენგიზ გუნავამ საკუთარ კაბინეტში სასტიკად სცემა, შემდეგ დააკავეს და გარკვეული პერიოდი ციხეშიც იჯდა", - ამბობს რუსუდან შარაძე.
რუსუდან შარაძის თქმით, ამ ამბის შესახებ თავად გურიკა ქადარიამ ერთ-ერთ ჟურნალისტს დაახლოებით ერთი წლის წინ უამბო, რის შემდეგაც ქადარია სამეგრელოს პროკურატურაში თავისი ფეხით მივიდა და მოითხოვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე დაეკითხათ, მაგრამ "სააკაშვილის ჯიბის პროკურორებმა" არ დაკითხეს. თუმცა მოგვიანებით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება.
"არასდროს მქონია განცდა, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმე მოკლე დროში გაიხსნებოდა, რადგან საბოლოო კვალი მიხეილ სააკაშვილამდე მიდის. მესმის, რომ მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მჯერა, რომ მამას მკვლელობის საქმე აუცილებლად გაიხსნება"- განაცხადა რუსუდან შარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისის საღამოს თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.