"ლალი მოროშკინას განცხადება, რომელშიც მან ჩემს კანდიდატურას სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გაუწია დეპარტამენტის უფროსის პოსტზე, მეც მოვისმინე, როცა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებდა. ამ საკითხზე არავინ შემხმიანებია და რომც შემეხმიანონ ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს, არ მიფიქრია ამაზე", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დაიკავებს კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფის პოსტს? / რა განუცხადა ექსპერტმა "ალიას".
"დეპარტამენტის არაერთი თანამშრომელი მიკავშირდება და წუხილს გამოთქვამს უწყებაში არსებული ვითარების გამო. ამბობენ, რომ სამსახური, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უკმაყოფილოა დღევანდელი ვითარებით. როცა თანამშრომლები, რომელთა კისერზეც გადადის ურთულესი მუშაობა, რომლებიც ათენ-აღამებენ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ შეილახოს პატიმრის უფლება და მეორე მხრივ, სიმშვიდე იყოს დეპარტამენტში - მათი შრომა დაფასებული არაა და მიზერულ ხელფასს იღებენ. ეს იმ ფონზე, როცა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობა პრემიას კი არ იღებს, ფულს აკეთებს და ეს სამართალდამცავი ორგანოების შესასწავლია - სამართალდამცავი ორგანოები თანხის მითვისება-გაფლანგვის მუხლით უნდა დაინტერესდნენ. ასეთ ვითარებაში თანამშრომლებს უჩნდებათ უსამართლობის განცდა და ეკარგებათ ხელმძღვანელის მიმართ პატივისცემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთულესი პროცესები სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორც პროცესები ვითარდება - ეს გარდუვალია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"თავად სისტემა არის ურთულესი სამართავი და მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომ ერთი მხრივ, შენარჩუნდეს წესრიგი, მეორე მხრივ, უფლებების დაცვა მოხდეს. უსამართლობაში კი ვიგულისხმე არა მხოლოდ ხელფასები და პრემიები, არამედ დამოკიდებულება სისტემის ხელმღვანელების მხრიდან ხელქვეითებთან. ეს არის უზრდელური ლაპარაკი, უზრდელური მიმართვები, შეურაცხმყოფელი, არასამსახურებრივი დებულებებით და წესდებით აგებული ურთიერთობები, როდესაც ზემოდან ქვემოთ ხდება ყურება. ამიტომაც, ეს მიდგომა თავს იჩენს პატიმრების მიმართაც და თანამშომლების მიმართაც, რაც ძალია აუტანელია და ზღვარს სცილდება. თუ ასე გაგრძელდება და სუბარი არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს გამოიწვევს დიდ კრიზისს და ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ თუ თანამშრომელმა გული აიცრუა სისტემაზე, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელიც დიდ პრობლემას შექმნის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სუბარის ყველაზე სუსტი რგოლი არის საკადრო პოლიტიკა. წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, შსს-დან წამოყვანილმა თანამშრომლებმა გაავსეს უწყება, სფეროს ალღოს ვერ უღებენ. როგორც წესი, ამ კადრებზე, ვინც გადმოიყვანეს შსს-დან და ამბობენ, რომ კარგი ოპერატიული მუშაკები არიან - ისინი ქმნიან სწორედ პრობლემებს. შსს და სასჯელაღსრულება განსხვავდება ერთმანეთისგან და ვურჩევ სუბარს, თუ არ უნდა თავზე დაემხოს ყველაფერი, კარგად გადახედოს საკადრო პოლიტიკას. ჩემთვის გაუგებარია მინისტრის განცხადება, რომ ვერ აკონტროლებს დეპარტამენტს, არ იღებს საამისო ზომებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ დეპარტამენტის კონტროლია მისი ამოცანა", - მიიჩნევს კახი კახიშვილი.
"პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ პოლიციაში იმუშავა ადამიანმა, აპრიორი სასჯელაღსრულებაში კარგი მუშაკი ვერ იქნება. ის ადამიანები, რომლებიც ძალას ხმარობდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს, ჩემთვის პროფესიონალები არ იყვნენ და არც გახდებიან. მიკვირს სუბარის - წლების მანძილზე რომ ძალას იყენებდნენ მმართველობაში, ესენი უნდა ჰყავდეს უწყებაში? ეს ადამიანები დარგის სპეციალისტები არ არიან. ჩემთვის სპეციალისტები არიან ადამიანები, რომლებიც ძალის გარეშე ინარჩუნებენ წესრიგს უწყებაში", - ამბობს კახი კახიშვილი და შეკითხვას - "დიდი ხანია ციხეებში არსებულ ძალადობაზეა საუბარი. სუბარსაც ზეპირად ეცოდინება ეს ყველაფერი და რატომ არ დაასუფთავებს კადრებს და ბოლოს და ბოლოს დაალაგებს სიტუაციას?" - პასუხობს:
"ალბათ, რაღაც ინფორმაციებს აწვდიან ისეთს, რომ საჭიროდ მიაჩნია მათი დატოვება უწყებაში - ეს ჩემი აზრია. რატომღაც ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების კადრებს მიიჩნევს პროფესიონალად და იმათ აძლევს ძალაუფლებას. სასჯელაღსრულება, შსს, ფინანსური პოლიცია და პროკურატურა სწორედ ამ კადრებით არის სავსე და არავინ არ უშვებს იქიდან. ამას კადრების დეფიციტით ხსნიან. კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან - რაში სჭირდებათ თანამშრომლები, რომელტა გამოცდილება მხოლოდ ის არის, რომ წამება-მოსმენით მოიპოვონ მასალა და მის გავრცელების მუქარით დასაჯონ კონკრეტული ადამიანი? ამას არ ჰქვია პროფესიონალიზმი. სამწუხაროდ, ნამდვილი პროფესიონალები სისტემაში ვერ ხვდებიან და სახლში ზიან იმიტომ, რომ პროტეჟეები არ ჰყავთ და მათ გარეშე არაფერი გამოდის!".
"არ ვიცი ამ "ზონდერების" მფარველები ვინ არიან. მაგრამ მეც სხვების მსგავსად იგივე განცდა მაქვს - რეალურად არსებობს გუნდი ძალოვან სტრუქტურაში, რომელმაც დაარწმუნა ხელისუფლების წევრები, რომ უდიდესი პროფესიონალები არიან და ამ გუნდის რჩევით ხდება საკადრო გადაწყვეტილებანი. ამ ქვეყანაში საკითხებს წყვეტენ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობდნენ სასტიკი პრაქტიკით. იდეების გენერატორებს ისინი წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ტავიდან ბოლომდე იზიარებს ამ ადამიანების აზრებს. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. აუცილებლად ვპირდები ამ ხელისუფლებას, რომ ამ ადამიანების მიმარტაც ისეთივე იმედგაცრუება იქნება და ისევე ცუდად დაასრულებს, როგორს მისი წინამორბედი. ყველაზე მეტ პრობლემას ამ ხელისუფლებას ეს კადრები შეუქმნიან და თან ისეთს, რომ შეიძლება ვერც დააღწიოს თავი. მთელი მათი "გამოცდილება" კუნთების დემონსტრირებაა და ეს პოლიტიკა ხელისუფლებას სულ კრიზისში ამყოფებს", - დასძენს კახი კახიშვილი.