დარიალის სტიქიის გამო ექსპორტ-იმპორტს პრობლემა შეექმნა

დარიალის სტიქიის გამო ექსპორტ-იმპორტს პრობლემა შეექმნა

დარიალის ხეობაში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ ჩრდილოეთიდან პროდუქციის იმპორტსაც შეუქმნა პრობლემები და ექსპორტსაც. პირველ რიგში, საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ღვინის ადგილობრივი კომპანიები. რაც შეეხება იმპორტიორებს, მათ უკვე დაიწყეს ალტერნატიული მარშრუტით საქონლის შემოტანა. ამან ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა უკვე გამოიწვია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე რუსული პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნება და ფასებიც, სავარაუდოდ, არ გაიზრდება.

„დუგლაძის ღვინის კომპანიის“ ხელმძღვანელი ზაზა დუგლაძე ამბობს, რომ თუკი გზა დროულად არ გაიხსნება, შესაძლოა, პროდუქციის გატანა თვითმფრინავით მოუწიოს. ეს კი, რა თქმა უნდა, ტრანსპორტირებას გააძვირებს.

„საბედნიეროდ გადავრჩით, რადგან ჩვენი მანქანები 15 წუთით ასცდნენ სტიქიური უბედურების ადგილს. ტვირთის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა, ნაწილმა კი - გადაასწრო. ამ ჯერზე სულ 60 ათას ბოთლს ვაგზავნიდით. როგორც გვაიმედებენ, კვირას, ან ორშაბათს უკვე გზა გაიხსნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ უკვე პრობლემა შეგვექმნება.

რა თქმა უნდა, კომპანიას ეს დღეები დააზარალებს, რადგან ჩვენი პროდუქცია რუსეთში საკმაოდ ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, მაგრამ ვეცდებით, გავუძლოთ. მე მაგალითად, ამ კვირაში თვითმფრინავით ვაპირებ პროდუქციის გაგზავნას, ბუნებრივია, ეს გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ არ გვინდა იქაურ სავაჭრო ქსელში ჩვენი პროდუქციის მომარაგების მხრივ წყვეტა იყოს“, - ამბობს ზაზა დუგლაძე.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ჯივიესის“ საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი გიორგი თეიმურაზიშვილიც ამბობს, რომ სტიქია მათაც შეეხო, მაგრამ საბედნიეროდ, მძღოლებსაც გაუმართლათ და კომპანიასაც.

„შვიდი მანქანიდან ხუთი უკვე გადასული იყო რუსეთის ტერიტორიაზე და ორი უახლოვდებოდა სტიქიის ზონას. შესაბამისად, ის ორი მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა, მძღოლები ახლაც ელოდებიან, როდის გააგრძელებს მუშაობას ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი. მართალია, რუსეთში ჩვენი პროდუქციის მარაგი არის და ასეთი მოკლევადიანი შეფერხება არ უნდა აისახოს ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე, მაგრამ თუ გზის რეაბილიტაციის პერიოდი დიდხანს გაგრძელდება, ზარალი მართლაც გვექნება. თუ გზა დიდი ხნით არ გაიხსნება, ეს ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედებს“, - აცხადებს გიორგი თეიმურაზიშვილი.

რუსეთთან დამაკავშირებელი ყაზბეგი–ლარსის გზის მონაკვეთის ჩაკეტვამ პრობლემები როგორც ექსპორტიორებს, ასევე იმპორტიორებს შეუქმნა. იმპორტიორი კომპანია „კანტის” მარკეტინგის მენეჯერის ნიკა ფერაძის თქმით, კომპანია იძულებულია იმპორტი შემოვლითი გზით – აზერბაიჯანით განახორციელოს, რის გამოც პროდუქციის თვითღირებულება უკვე 6,5%–ით გაუძვირდათ. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პრობლემამ მომხმარებლებზე გავლენა არ იქონიოს“, – აღნიშნავს ის.

ალტერნატიული გზით შემოვა საქართველოში კიდევ ერთი იმპორტიორი კომპანია „ალიანს ჰოლდინგის“ პროდუქციაც. მისი ხელმძღვანელის, მამუკა ცაგარელის განცხადებით, კომპანიები მუშაობენ ახალ მარშრუტზე – დაღესტანი–აზერბაიჯანის გზაზე, საიდანაც იმპორტი განხორციელდება.

„კატასტროფული არაფერი მომხდარა, მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები მოიმატებს 5%–ით, ამიტომ ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით საგრძნობ ცვლილებებს არ ველოდები“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ცაგარელი.

„კანტი“ რუსეთიდან წვენების, რძისა და ნაღების იმპორტს ახორციელებს. კომპანიას პროდუქცია საქართველოში თვეში 2–ჯერ შემოაქვს. „ალიანს ჰოლდინგი“ კი საყოფაცხოვრებო ქიმიის იმპორტითაა დაკავებული.