თბილისის ბუნდოვანი „პანორამა“

თბილისის ბუნდოვანი „პანორამა“

„პანორამა თბილისის“ შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგადად კი პროექტი გაჩერებულია და დედაქალაქის მერად დავით ნარმანიას მოვლინებას ელოდება. მისი განხორციელებაც ამის შემდეგ გადაწყდება და ვადაც განისაზღვრება.

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისის“ პროექტიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. „პანორამა თბილისი“ არის ფონდის პროექტი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი“, - აცხადებენ ფონდში.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილმა პროექტ „პანორამა თბილისის“ დაფინანსება გადაიფიქრა. როგორც ცნობილია, მერიაში პროექტის ერთი განხილვა უკვე გაიმართა, მაგრამ „პანორამა“ დედაქალაქის მთავრობიდან წინააღმდეგობას წააწყდა.

ორი კვირის წინ, მერიამ თანაინვესტირების ფონდს მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ნაკვეთები არ გადასცა. მერიაში განაცხადეს, რომ არ იყო დასაბუთებული პროექტ „პანორამა თბილისის“ მიზანშეწონილობა, ამიტომ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხთა კომისიამ გადაწყვიტა, ფონდს უარი ეთქვას.

როგორც მერიის განცხადებიდან ირკვევა, განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მიზანშეწონილობა.

თბილისის მერიამ თანაინვესტორების ფონდს „პანორამა - თბილისისთვის“ ჩუღურეთის რაიონი შესთავაზა და საკუთარი შენიშვნებით უკან დაუბრნა.

„პანორამა-თბილისი“ ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანს და ერეკლე მეორის მოედანს აერთიანებს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო მისი განხორციელება 2015 წელს დაიწყება. პროექტის პირველი საჯარო განხილვა 7 აპრილს გაიმართა.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აქამდე მხოლოდ სოლოლაკის ბაღების და მაღლობის განვითარების პროექტი წარმოადგინეს, თუმცა მუშაობენ სხვა პროექტებზეც. ბაჩიაშვილის განცხადებით, პროექტზე მუშაობა გაგრძელდება მერიის არქიტექტურის სამსახურის აზრის გათვალისწინებით, რათა პროექტი მისაღები იყოს ქალაქისთვის.

თანაინვესტირების ფონდი პროექტ „პანორამა თბილისს“ გათვალისწინებული შენიშვნებით მერიას დაახლოებით 2 თვეში წარუდგენს. „მას შემდეგ, რაც პროექტს ხელახლა წარვადგენთ, უკვე მერიამ უნდა გადაწყვიტოს, მოაწყობს თუ არა პროექტის მეორე განხილვას და როდის“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპზე არქიტექტურული კომპანიებისა და დიზაინების შერჩევა მიმდინარეობს.

ასე რომ, საზოგადოებისთვის წარდგენილი მეტად ორიგინალური პროექტი, რომლის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, დაკიდული ბაღების მსგავსად ჰაერშია გამოკიდებული, თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს. თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი ძველებური გრაფიკით გაგრძელდება. თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „პანორამას“ კეთილილ თვალით უყურებს.

„ნებისმიერი ქალაქის მერი ინატრებდა ნახევარმილიარდიან ინვესტიციას ქალაქში“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „პანორამა თბილისის“ პროექტს, - ეს არ არის ჩემი პროექტი, იგი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც გვთავაზობს ინვესტორი და საინვესტიციო ჯგუფი. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ნახევარმილიარდ დოლარიანი ინვესტიცია შემოვა დედაქალაქში და დასაქმდებიან ადამიანები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე, ამ პროექტის ექსპლუატაციის პერიოდში, ბიუჯეტში გადახდილი იქნება შესაბამისი გადასახადები“.