რა ელით სადაზღვევო კომპანიებს შემოდგომიდან, როცა ისინი სახელმწიფო პროგრამებს მთლიანად დატოვებენ? „ინდუსტრია საქმიანობას იწყებს სუფთა ფურცლიდან, ის უფრო მცირე მოცულობისაა, თუმცა გაცილებით სტაბილური“, - ასე აფასებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სექტორში არსებულ მდგომარეობას. ლაშა ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ 2013 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის რეფორმების წელი იყო, ამიტომ სექტორიც ახალ რეალობასთან ადაპტაციას გადის.
ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ კერძო კომპანიებმა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გამოცალკევებით მოუქნელი და ზარალიანი პროგრამები მოიშორეს და ახალა გაჯანსაღების პროცესში არიან. პროგრამა სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საკუთარი სურვილით დატოვა, პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაწილე - „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ კი გაკოტრდა.
ზარალიანი პროგრამების შემდეგ, ზარალიანი კლინიკების ჯერია. თითქოს სახელმწიფო კერძო რეგიონალური საავადმყოფოების (განსაკუთრებით მთიანი რაიონების) მართვას თავად აპირებდა, მაგრამ ჯერჯერობით პროცესი წინ არ დაძრულა. ნიკოლაძე ახლაც ადასტურებს, რომ მზღვეველებთან აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება ზარალიანი კლინიკების თაობაზე.
ზედამხედველობის სამსახური კი მაისის ბოლოდან სადაზღვევო კომპანიების დატრენინგებას სთავაზობს. „ჩვენი მისია არა მხოლოდ შემოწმება, არამედ იმ საკითხების გამოვლენაცაა, სადაც, შესაძლოა, კომპანიებს თეორიული გაურკვევლობა ჰქონდეთ“, - აცხადებენ უწყებაში.
ზედამხედველობა ამ ეტაპზე 3 კომპანიას ამოწმებს, ხოლო წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბაზარზე არსებული 14–ვე კომპანია შემოწმდება. შემოწმების პროცესში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა არა დაუძლეველი.
ლაშა ნიკოლაძის თქმით, ძირითადი დარღვევები ანგარიშების სანდოობის საკითხებს ეხება და არა აქტივების ნაკლებობას, როგორც ეს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შემთხვევაში იყო. სადაზღვევო კომპანიების შემოწმების მიზანია ბაზრის კვლევაში სისტემური პრობლემების არსებობა გამოვლინდეს. ზედამხედველობის სამსახურში თვლიან, რომ კომპანიები მოდუნებული იყვნენ, რადგან შემოწმება დიდი ხანია არ განხორციელებულა.
ეს ყველაფერი საშემოდგომო მზადებას ჰგავს, როდესაც კერძო მზღვეველები სახელმწიფო პროგრამებს სრულად ჩამოშორდებიან. მართალია, სანაცვლოდ სახელმწიფო სავალდებულო ავტოდაზღვევას შემოიღებს და კომპანიებს შესთავაზებს, მაგრამ სავარაუდო შედეგებზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია.
ექსპერტი გიორგი გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტის შემდეგ, კონკურენცია ყველა სახეობაში გაიზრდება და ამის წინაპირობად მოჰყავს ის ფაქტი, რომ 900 ათასი ავტომობილიდან მხოლოდ 52 000-მდეა დაზღვეული.
„შესაძლებელია გააქტიურდეს ამ დაზღვევის სახეობის სეგმენტი. ასევე შენობა-ნაგებობების დაზღვევა. მოქალაქეთათვის განკუთვნილი დაზღვევაც აუთვისებელია - კერძო ბინების, სახლების აგარაკების...“, - აცხადებს გიგოლაშვილი.
თუმცა ამ მიმართულებითაც იაქტიურებენ ლიდერი კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამების გარდა, სხვა პროდუქტებიც კარგად აქვთ განვითარებული. ასეთი კომპანია კი სულ რამდენიმეა. ბოლო კვლევის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამების გარეშე მოზიდული პრემიების მიხედვით შემდეგი კომპანიები ლიდერობენ: „ალდაგი“, რომელიც ბაზრის 36%-იან წილს ფლობს, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ - 23%, „არდი“ - 9%, „ირაო“ - 8% და „აისი ჯგუფი“ - 5%.