ანტიმონოპოლისტური მოძრაობა გადაზიდვების ბიზნესში

ანტიმონოპოლისტური მოძრაობა გადაზიდვების ბიზნესში

ფოსტისა და ტვირთების გადაზიდვის სფეროში დაპირისპირება ისევ პიკზეა. პირველ შემთხვევაში კერძო კომპანიები კანონმდებლებს უპირისპირდებიან, ხოლო მეორე შემთხვევაში ფოთის ნავსადგურს. ჯერჯერობით არც-ერთი საკითხი შეთანხმების გზით არ გადაჭრილა.

საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორები „საფოსტო კავშირის შესახებ“ პროექტის სამუშაო ვარიანტს აპროტესტებენ. გუშინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე პროექტის სამუშაო ვარიანტი განიხილეს, რომელსაც საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც კერძო გადამზიდავები აცხადებდნენ, ცვლილება, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს, პრობლემას უქმნის კერძო ოპერატორებს და „საქართველოს ფოსტას“ მონოპოლისტის სტატუსს ანიჭებს.

„ის ცვლილებები, რომელიც კანონში უნდა შევიდეს ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. 1994 წლიდან საქართველოს აქვს ვალდებულება განახორციელოს უნივერსალური გადაზიდვები, რადგან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო კავშირის წევრია.

ამ კანონპროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ განიხილება, პრობლემები ექნებათ კერძო ოპერატორებს. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულება გავაფორმოთ კომპანიასთან, რომელიც მზად არის ამ საქმეში 30 მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩადოს, თუმცა ამ კანონის მიღების შემდეგ, ის თავს შეიკავებს საქართველოსთან თანამშრომლობაზე“, - აცხადებს კომპანია „ტენეტეს“ წარმომადგენელი ნინო მენთეშაშვილი.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ვითარება ცოტათი შეიცვალა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტი ამჟამად მომზადების პროცესშია. ცვლილების მიხედვით ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეესატყვისება.

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძე კი კერძო გადამზიდავები დაამშვიდა: „გაურკვევლობაში იყვნენ ზოგიერთები, რომლებსაც ეგონათ, რომ უნივერსალური მომსახურების უფლება ჰქონდა მხოლოდ ფოსტას. გაირკვა, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ დავპირდით კიდეც მათ, რომ ფოსტას არ ექნება ამ სფეროში ექსკლუზივი. თუკი „საქართველოს ფოსტა“ ეროვნული ოპერატორი გახდა, ექსკლუზივი ექნება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსალური მომსახურების სარეზერვო ნაწილში“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კერძო კომპანიების წარმომადგენლები ჯერ მაინც ფრთხილად ეკიდებიან არსებულ მდგომარეობას. „შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და თუ ისეთ მონაწილეობას მიიღებენ სხვა გადამზიდავები, როგორსაც „საქართველოს ფოსტა“, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოდის ევროკავშირის ექსპერტი. კარგი იქნება თუ კანონმდებლობა შემუშავდება მასთან ერთად და მაშინ გაუგებარი აღარაფერი იქნება“, - განაცხადა კომპანია „დისიელის“ წარმომადგენელმა თამთა პაპელაშვილმა.

არანაკლებ დაძაბული ვითარებაა ტვირთების გადამზიდავებსა და ფოთის პორტის მმართველი „ეიპიემ ტერმინალს“ შორის. გადამზიდავი კომპანია „ისთგეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი იაშვილის თქმით, მსუბუქი ავტომობილების განბაჟების კუთხით „ეიპიემი“ კვლავ მონოპოლისტია.

არსებობს კონფიდენციალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაბებთან 2011 წელს გააფორმა, რომლის თანახმად არაბულმა მხარემ აიღო ვალდებულება ფოთში აეშენებინა გაფორმების ეკონომიკური ზონა, რის სანაცვლოდაც მთავრობამ მათ მსუბუქი ავტომობილების ბაზარი ექსკლუზიურად 5 წლის ვადით გადასცა. წინა ხელისუფლების დროს შემდგარი გარიგების ვადა 2015 წლის აპრილში იწურება, ხოლო ახალი მთავრობა ხელშეკრულებას ვერ აუქმებს.

იაშვილის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ექსკლუზიური უფლების გამო, სამსახურიდან 135 ადამიანის გათავისუფლება მოუწიათ და საერთო ჯამში კი ფოთის ტერმინალებიდან 800 ადამიანი გაუშვეს.