ანაკლიაში პორტის აშენების საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს როგორც ქვეყნის პრემიერი, ასევე ეკონომიკის მინისტრი. 100 მილიონი ტონა ტვირთგამტარობის ნავსადგურის ასაშენებლად ტენდერი წელსვე გამოხადდება და იგი მთლიანად კერძო კაპიტალით დაფინანსდება.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის მიდამოებში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება. კონკრეტულად რა მიდამოებში აშენდება ეს პორტი, მას შემდეგ გადაწყდება, როცა წინასწარი დასკვნა მომზადდება.
„15 ივნისს გვექნება იაპონური კომპანიის წინასწარი დასკვნა და თვის ბოლომდე გამოცხადდება კონკურსი. ამ დასკვნაში მოცემული იქნება ის ტექნიკური მონაცემები თუ სად არის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები იმისთვის, რომ ღრმაწყლიანი პროექტი გაკეთდეს. სავარაუდოდ, ეს არის ანაკლიის მიდამოებში, მაგრამ ზუსტი წერტილი თუ სად იქნება ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი, ამ დასკვნაში იქნება მოცემული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, 15 ივნისს მზად იქნება წინასწარი დასკვნა, ხოლო საბოლოო დასკვნა - ივნისის ბოლოს. „ეს იქნება მთლიანად კერძო თანხებით დაფინანსებული პორტი, ანუ კერძო ინვესტორებმა უნდა მოიძიონ ამისთვის რესურსები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა ანაკლიის პორტის მშენებლობა მრავალმხრივად შეაფასა. მისი აზრით, პორტი შეძლებს უკეთ მოემსახუროს საქართველოში სწრაფად მზარდ ბიზნესებს, როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება-გადამუშავების მიმართულებით.
„ამ ყველაფრის შედეგად საქართველოში არსებულ კომპანიებს, გარდა სხვადასხვა ბაზრებზე მარტივი წვდომისა, ექნებათ საშუალება ისარგებლონ სამი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომლითაც ხასიათდება ჩვენი სატრანზიტო დერეფანი: დაბალი ფასი გადაზიდვებისთვის, გადაზიდვის უფრო სწრაფი ვადები და უსაფრთხოება.
შესაბამისად, უნდა შევაჯამო ჩვენი ქვეყნის უპირატესობები - ჩვენ ინვესტორებს და ბიზნესს ვთავაზობთ: სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიცურ და კონკურეტულად განფასებულ სამუშაო ძალას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კომპანია „კონტი ჯგუფმა“ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი უკვე წარმოადგინა. პროექტს ამერიკული კომპანია „თიბისი ჯგუფთან“ ერთად განახორციელებს.
სამინისტროში შესული ერთობლივი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ანაკლიაში 100 მილიონი ტონა ტვირთგამტარობის პორტი აშენდება. წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.
ამერიკელთა დელეგაცია საქართველოში 2013 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა, მაშინ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს. ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, პორტის მშენებლობაში თანაინვესტირების ფონდი უნდა ჩართულიყო, თუმცა საქმე აქამდე აღარ მისულა.