შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი–სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 2–ე და 7–ე ნაწილებით)