დიმიტრი დარბაისელის ჩაკეტილი წრე

დიმიტრი დარბაისელის ჩაკეტილი წრე

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ, დიმიტრი დარბაისელმა უკანასკნელ ხანებში ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო. მედია და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები დარბაისელს საკადრო პოლიტიკას და ფულის მიმართ მოძალებულ მადას უწუნებენ. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შსს-ს მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირების დაწინაურებაზე და მათთვის ასტრონომიული პრემიების გაცემაზე. დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების სისტემის მაღალ პოზიციებზე საეჭვო რეპუტაციის და სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი არაერთი ადამიანი დანიშნა.

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბრალდებული გიორგი ყავლაშვილი დიმიტრი დარბაისელმა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძველი საქმიანობით არის დაკავებული და მოსმენების სამსახურს კურირებს. არადა, შეიძლება ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ყავლაშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასვე ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა ყავლაშვილი და კიდევ რვა ადამიანი სხვა საქმეზე დააკავეს, პროკურატურა მათ პირადი ცხოვრების ხელყოფას ედავებოდა: „დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ”, – აღნიშნა 2012 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გიორგი ყავლაშვილს დაჭრაში ადანაშაულება ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია. როგორც გობეჩია და მოწმეები აცხადებდნენ, ყავლაშვილმა ის სახის არეში დანით დაჭრა.

ცნობილი გახდა იმის შესახებაც, თუ როგორ აარიდა თავი ყავლაშვილმა მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროკურორს გააჩნია უფლება არ დაიწყოს და შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. განრიდებაში ყავლაშვილს დახმარება პროკურორმა თამარ მესაბიშვილმა გაუწია, რომელიც თავის მხრივ დიმიტრი დარბაისელის კადრის და პირველი მოადგილის სიმონ მაჩაიძის მეუღლეა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ პრემირებულ პირებს შორის ყავლაშვილი და მაჩაიძეც არიან. პირველ მათგანს, პრემიის სახით 17 125, ხოლო მეორეს 38 733 ლარი ერგო.

საგულისხმოა ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გამოდის, დეპარტამენტის უკლებლივ ყველა მაღალ და საშუალო პოზიციებზე დიმიტრი დარბაისელის ერთგულებით გამორჩეული ადამიანები დაინიშნენ. თბილისის „სუსი“–ს ყოფილმა უფროსმა დარბაისელმა ძველი სამსახურიც თავის ერთგულ კადრს გადააბარა რამაც ერთგვარად ჩაკეტილი წრე შექმნა.

Opinon.ge -მ ვერ მოახერხა გიორგი ყავლაშვილის და სიმონ მაჩაიძის პოზიციების მოსმენა, ორივე მათგანის ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა.