თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

ბრიუსელის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს დელეგაციამ შეხვედრები მსხვილ ბიზნეს კომპანია - „დემეს“ წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე თბილისში განსახორციელებელ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა საბოლოო მიზანს დედაქალაქის ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო ქალაქად გადაქცევა წარმოადგენს.

ბელგიურმა კომპანიამ საქართველოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი წარმოადგინა. კომპანია - „დემეს“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ქალაქის განვითარების შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა. ბელგიელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს დახმარებას ისეთი მიმართულებით გაუწევენ, როგორიცაა - მუნიციპალური და სხვადასხვა მავნე ნარჩენების მენეჯმენტი, გარემოს დაბინძურება, შესაბამისი სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წყლის სანიტარული გაწმენდა და თბილისის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მსგავსი სახის პროექტები ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმის კარგად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ბელგიური მხარის განმარტებით, დეტალური საკითხების შესწავლის შემდეგ მზად არიან თბილისში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ. განხილული საკითხების შემდგომი სრულყოფისათვის საკრებულოს ხელმძღვანელმა ბელგიური მხარე თბილისში კიდევ ერთხელ მოიწვია. ცნობისთვის, ბელგიური კომპანია „დემეს“ ხელმძღვანელობა თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

უცხოელმა ბიზნესმენებმა და სხვადასხვა საინვესტიციო და ენერგორესურსების საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა საკრებულოს ხელმძღვანელობასთან და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართეს.