ვინ და რა უფლებამოსილებით გვისმენს

ვინ და რა უფლებამოსილებით გვისმენს

ჩაიდინა თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა თავის ეთერში გაუშვა პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების საუბრების ფარული ჩანაწერები? საქმე ის არის, რომ, როგორც 10 მაისს გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“  ითქვა, კერძო საუბრების  ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე  ნაწილით - კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე. როგორია სამართალდამცავი ორგანოების რეაქცია ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე და რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი?  
 
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მიერ ეთერში გაშვებულ ჩანაწერებს შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, უშიშროების საბჭოს მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობისა და რამდენიმე ბიზნესმენის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2013 წლის ზაფხულში გაკეთდა.
 
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ფარულად გაკეთებული ჩანაწერები ტელეკომპანიის ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს, მათი გამოქვეყნება კი ერთადერთი მიზეზის გამო გადაწყდა:
 
„ჩვენ აქცენტი არ გაგვიკეთებია ამ ჩანაწერების შინაარსზე. შევეცადეთ ფაქტის ხაზგასმას, რომ მოსმენები ისევ მიმდინარეობს. ვინ აკეთებს ამას, ეს სულ სხვა საკითხია და ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“.


ნიკა გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ დასმულ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ უნდა უპასუხოს, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურა მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ გაავრცელა განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე. კერძოდ, ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გამოიხატა კერძო საუბრის ტექნიკური საშუალებით მიღებული ჩანაწერის ანდა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება-გავრცელებაში. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს გაკეთებული:
 
„მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატიული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გააკონტროლო სხვისი მოსმენა ან ვიდეომეთვალყურეობა, ეს ტექნიკა არის გატანილი და დაკარგული. ამ ტექნიკის განკარგვა შეეძლოთ წინა მთავრობის წარმომადგენლებს“.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმულ ამ ვარაუდს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იზიარებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გავრცელებით „რუსთავი 2“-მა კანონი დაარღვია:

„კანონში წერია, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა, პირად და ოჯახურ სივრცეში ჩარევა და ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება არის დასჯადი ქმედება“.
 
თუმცა, ეკა ბესელიასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პასუხად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ დანაშაულის შემცველ ქმედებას მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ჰქონდა ადგილი:
 
„იმისათვის, რომ დარღვეულად ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსი, არ არის საკმარისი მხოლოდ ასეთი ფორმალური მიდგომა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა მომენტებიც: კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი, სადაც წერია, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტს შეუძლია, როცა ეს გამართლებულია. ანუ ახლა უნდა განვსაზღვროთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ქმედება იყო თუ არა გამართლებული ჟურნალისტების მხრიდან. ცხადია, გამართლებული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს იმასთან დაკავშირებით, გრძელდება თუ არა ის ტრადიცია, რაც დაამკვიდრა წინა ხელისუფლებამ. ვგულისხმობ მოსმენებს, ფარულ მიყურადებას და ა.შ.“
 
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას ღია წერილითი გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA), რომლებიც დაუშვებლად მიიჩნევენ ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის დაყენებას:
 
"რუსთავი 2"-ს ამ შემთხვევაში იცავს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც,:
პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს (მუხლი 12/2);
კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად (მუხლი 12/3). 


ტელეკომპანიის ქმედებები ასევე სრულ შესაბამისობაშია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან" (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის № 2 დადგენილება), რომელიც ადგენს, რომ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია, როდესაც: მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია“.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმ პირების ჩაწერას, ვინც "რუსთავი 2"-ის ხელთ არსებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, „რუსთავი 2“-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებაზე ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეაქციით უკმაყოფილოა საპარლამენტო ოპოზიცია. დეპუტატ დავით დარჩიაშვილის თქმით, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაიკარგა მოსასმენი აპარატურა და უკანონო მოსმენებს ყოფილი ხელისუფლება ახორციელებს.
 
„ასეთი რამ რომ მართლა მომხდარიყო, მაშინათვე ატეხდნენ განგაშს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ მანამდე, სანამ არ აღმოჩნდა, რომ 2013 წელს უსმენენ არა მარტო ოპოზიციას, რაც ისედაც ვიცოდით, არამედ უსმენენ საკუთარ მაღალი თანამდებობის პირებს. ეს აჩვენებს რა დამოკიდებულებები აქვთ შიგნით. და რა უნდა თქვან? ეს რომ აღიარონ, მაშინ უნდა დაიხურონ ქუდი და წავიდნენ. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეც იზამდნენ. შევიდნენ ჭაობში და ეფლობიან ღრმად. ამიტომ დააბრალეს ეს მოსმენები ყველას, გარდა თავის თავისა“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.