ნილს მუჟნიეკსი: „საქართველოში გაუმჯობესდა ვითარება ციხეებში არსებული პირობების თვალსაზრისით“

ნილს მუჟნიეკსი: „საქართველოში გაუმჯობესდა ვითარება ციხეებში არსებული პირობების თვალსაზრისით“

„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე საგრძნობი გაუმჯობესება აღინიშნა ციხეებში არსებული პირობებისა და [პატიმრებთან] მოპყრობის თვალსაზრისით“ - უთხრა ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარმა, ნილს მუჟნიეკსმა რადიო თავისუფლებას. ქართულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან დასძინა, რომ საქართველოს კვლავაც აქვს პრობლემები სამართლის ადმინისტრირებისა და უმცირესობების, განსაკუთრებით LGBTI პირთა უფლებების თვალსაზრისით. კომისარმა 12 მაისს სტრასბურგში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის 20-25 იანვრის ვიზიტის მსვლელობისას მოპოვებულ ინფორმაციას. ნილს მუჟნიეკსს დღეს დილით სტრასბურგში დავუკავშირდით.
 
რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, ზოგადი შეფასებით დავიწყოთ: გაუმჯობესდა თუ არა ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული ვითარება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? და, თუ გაუმჯობესდა, რომელ სფეროებში მოხდა ეს?
 
ნილს მუჟნიეკსი: ვფიქრობ, ყველაზე დიდი გაუმჯობესება აღინიშნა ციხეებში არსებული პირობებისა და [პატიმრებთან] მოპყრობის თვალსაზრისით. და ეს ძალიან სერიოზული წინსვლაა, რადგან საუბარია ადამიანის უფლებათა მეტად სერიოზულ დარღვევებზე: სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევებზე. ჩემზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპატიმრო სისტემაში ვითარების გაუმჯობესების მასშტაბმა - ციხეების გადავსების შემცირებამ, ჯანდაცვის თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებამ, საპატიმროებში არსებული ვითარების  გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან ყურადღების ხარისხის მატებამ. პატიმრები თავად აღნიშნავენ, რომ მოხდა დიდი, დიდი ცვლილება. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ძალიან სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. სხვა სფეროებში შედარებით ნაკლები მასშტაბის პროგრესი ვიხილეთ, თუმცა წინსვლა მაინც არის. მაგრამ პრობლემებიც რჩება - როგორც სამართლის ადმინისტრირების, ისე, განსაკუთრებით, უმცირესობების უფლებებთან და LGBTI პირებთან მიმართებით.
 
რადიო თავისუფლება: პრობლემებზე დეტალურად ვისაუბრებთ. მანამდე კი მინდა გკითხოთ ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილზე, სადაც წერთ, რომ საქართველოში ბოლო ხანს იკლო შემთხვევებმა, როცა მოსამართლეებისა და პროკურორების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ჯერაც სიფხიზლეა საჭირო საიმისოდ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დაცული იყოს. თუ შეიძლება, გვითხარით, ვინ უნდა გამოიჩინოს ეს სიფხიზლე - აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თავად სასამართლომ, საზოგადოებამ? და რამდენად საკმარისი იქნება სიფხიზლე სასამართლოს ინსტიტუციური განვითარებისთვის, თუ სულ ახლახან ის, ფაქტობრივად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა?
 
ნილს მუჟნიეკსი: ფხიზლად უნდა იყოს ყველა. იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს გუნდური მუშაობა - კარგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონიტორინგი უნდა აწარმოონ, სახალხო დამცველი ადეკვატურ რესურსებს უნდა ფლობდეს და თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციული და კრიტიკული უნდა იყვნენ, მთავრობამ კი რეფორმები უნდა გააგრძელოს. კონკრეტული ნაბიჯების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშნველოვანი იქნებოდა მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის გაუქმება. ეს გამოსაცდელი პერიოდი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ზრუნვა სისხლის სამართლის საქმეებში დაცვის მხარის უფლებათა გაძლიერებაზე. საქმე ეხება მხარეთა თანასწორობის საკითხს. დაცვის მხარისთვის მტკიცებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაცვამ უნდა იცოდეს, რომელ მოწმეებს გამოიძახებენ, დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურორების ან სხვების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ უნდა განიცადონ; ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვფიქრობ, ეს ის ნაბიჯებია, რომელთა გადადგმაც აუცილებელია. 
 
უდანაშაულობის პრეზუმფცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენიმე შემთხვევაში მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა კომენტარები გააკეთეს მიმდინარე საქმეებზე და განსასჯელები დამნაშავეებად გამოაცხადეს მანამ, სანამ ამას სასამართლო დაადგენდა. ეს უნდა შეწყდეს. ამასთან, ჩემთვის ცნობილი გახდა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება - განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე - წყდება მას შემდეგ, რაც ისინი პოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლიან. ამას ძალიან სერიოზულად უნდა მიექცეს ყურადღება. პროკურორების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესია და პროკურორის უწყებას აშკარად სჭირდება გაძლიერება - იქ ბევრი სერიოზული ცვლილება მოხდა თანამშრომლების თვალსაზრისით. შეიცვალნენ ლიდერები. პროკურატურა ძლიერი, რესურსებით აღჭურვილი უნდა იყოს, მისმა მუშაკებმა შესაბამისი წვრთნა უნდა გაიარონ, რათა ეს უწყება სტაბილური გახდეს და წინსვლას მიაღწიოს. ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებიც უნდა გადაიჭრას სასამართლო სისტემაში. 

ადამიანის უფლებათა სერიოზული ხელყოფის შემთხვევაში დაუსჯელობა დაუშვებელია.


რადიო თავისუფლება: წამებასა და „ციხის სკანდალად“ წოდებულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, 2012 წელს თქვენ წერილი მისწერეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელშიც გამოთქვით მოწოდება ეფექტიანი გამოძიებისა და ყველა დამნაშავის დასჯისკენ - არა მხოლოდ წამების უშუალო შემსრულებლებისა, არამედ ყველა ოფიციალური პირის, რომლებმაც წამების ბრძანება გასცეს, ან ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. დღევანდელი პერსპექტივიდან, თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანად გაუმკლავდა ქვეყანა ამ საკითხს? თქვენს ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საჯარო გახადა ეს ვიდეოჩანაწერები.
 
ნილს მუჟნიეკსი: ჩემი აზრით, ადამიანის უფლებათა სერიოზული ხელყოფის შემთხვევაში დაუსჯელობა დაუშვებელია. მაშინაც კი, თუ ესა თუ ის პირი პროკურატურასთან ითანამშრომლებს, მას პასუხისმგებლობა სრულად არ უნდა მოეხსნას. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის სხვებს - რომ მსგავსი დანაშაული შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. თუმცა, საერთო ჯამში ხელისუფლებამ, ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფად და გადაჭრით იმოქმედა თანამშრომლების, კანონმდებლობის შეცვლის თვალსაზრისით. კმაყოფილი ვარ, რომ არაერთმა პირმა საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი მიიღო. ვიცი, რომ საქართველოში მიმდინარეობდა დისკუსია იმის შესახებ, ექვსი ან შვიდი წელი ბევრია თუ ცოტა. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ციხეებში ექვსი წელი საკმაოდ დიდი დროა. თუმცა, საქმე მართლაც მძიმე დანაშაულს ეხება.
 
რადიო თავისუფლება: ეს დისკუსია მართლაც მიმდინარეობს და არაერთი ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც ორ პირს მიესაჯა - ექვსი წელი და ცხრა თვე - წამების დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ მინიმუმსაც კი არ შეესაბამება. პარალელურად, ახალი ხელისუფლება აცხადებდა, რომ წინა მთავრობის პირობებში ციხეებში წამება „სისტემური“ დანაშაული იყო, რომელიც ხელისუფლების მაღალ შტოებსაც მოიცავდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
 
ნილს მუჟნიეკსი: დიახ, ვიცნობ ამ ბრალდებებს. როგორც სახალხო დამცველი, ისე წამების პრევენციის კომიტეტი, წლების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. ჩემთვის რთულია იმის დაბეჯითებით თქმა, ეს „სისტემური“ იყო თუ არა. თუმცა ცხადია, რომ ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული. ამას ადასტურებს საჩივრების დიდი რაოდენობაც, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატსა და პარლამენტში, და რომლებიც პატიმართა უფლებების შელახვას ეხება. პროკურატურის მუშაობაში ყველა ეს ცნობა ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს განხილული, შესწავლილი და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებული. ვიცი, რომ საჩივრები სხვა საკითხებსაც ეხება - მაგალითად, კერძო საკუთრებას. მაგრამ ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა და მათი წამება, ვფიქრობ, პრიორიტეტული საკითხები უნდა გახდეს და ძალიან სერიოზული ყურადღება მიექცეს.
 
რადიო თავისუფლება: გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა უწყებაში მართლაც შესულია ათასობით საჩივარი. პარალელურად, აწ უკვე ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, აცხადებს, რომ ისინი - მაგალითად, ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად პატიმარი ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკურ დევნას განიცდიან და შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან. ანგარიშის მომზადების პროცესში ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები თუ შეგხვდათ?
 
ნილს მუჟნიეკსი: როგორც უკვე ვთქვი, ორი შემაშფოთებელი ასპექტი შემხვდა. ერთი იყო ამჟამინდელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება და მეორე - პოლიტიკოსების გარშემო მიმდინარე გამოძიება, რომელიც წყდება მაშინ, როცა პოლიტიკოსი იცვლის თავის [პარტიულ] კუთვნილებას. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია და მათ ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს, უფრო მეტად მხვდებოდა საქართველოს სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე არსებული პრობლემები. ამაზე უკვე ვისაუბრე: დაცვის მხარის უფლებები, მხარეთა თანასწორობა და ასე შემდეგ. მაღალი პროფილის პოლიტიკურ საქმეებში ასეთი საკითხები ხშირად იჩენს თავს, თუმცა საქართველოში საქმე გვაქვს კიდევ უფრო ფართო პრობლემებთან, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებამდეც იყო და რომლებიც გადაჭრას საჭიროებს.
 
რადიო თავისუფლება: კონკრეტულად მერაბიშვილის საქმე თუ განიხილეთ? ოპოზიცია არაერთ პრობლემაზე ლაპარაკობდა, მათ შორის მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე.
 
ნილს მუჟნიეკსი: ჩემი მანდატი არ მაძლევს ცალკეული საქმეების შესწავლის უფლებას. როცა ვისმენდი ბრალდებებს ფართოდ გავრცელებულ, პოლიტიზებულ ან შერჩევით სამართალზე, მსურდა შემესწავლა სასამართლო სისტემის ზოგადი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის საკითხი. ინდივიდუალურ საქმეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი, რომ იყო პრობლემა ამ პირის წინასწარი პატიმრობის საკნიდან გაყვანასა და შემდეგ ამ ფაქტის ამსახველი ჩანაწერის გაქრობასთან დაკავშირებით. საქართველოში ყოფნისას, ამ თემას პრესკონფერენციაზეც შევეხე. ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ საკითხს სათანადოდ ვერ გამოეხმაურა. ამავე დროს, ამ მოვლენებმა აშკარა გახადა წინასწარი დაკავების საკნების მონიტორინგის გაუმჯობესების აუცილებლობაც. აქ, ვფიქრობ,  უნდა განხორციელდეს მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციები.
 
რადიო თავისუფლება: ახლა უფრო ზოგადი კითხვა: თქვენი აზრით, საქართველოს მსგავს ქვეყანას საერთოდ თუ შეუძლია თავიდან აიცილოს შერჩევითი სამართლის ბრალდება? ქვეყანაში კანონის უზენაესობა არასოდეს არსებობდა, ინსტიტუტები ჯერაც მყიფეა. მეორე მხრივ, ისმის ბრალდებები ძალიან სერიოზული დანაშაულების შესახებ, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა ჩადენილი. საერთოდ, რამდენადაა შესაძლებელი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა მიუკერძოებლად გამოძიება საქართველოს პირობებში? და, თუ შეუძლებელია, რა არის გამოსავალი? როგორ უნდა დადგეს ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი? 

ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი სასამართლო ხელისუფლების ქონა, რომელიც გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს.


ნილს მუჟნიეკსი: ადამიანის უფლებათა დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუ ვინმემ ამ თვალსაზრისით სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი სასამართლო ხელისუფლების ქონა, რომელიც გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შევისწავლეთ. როგორ ფუნქციონირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება, როგორ აისახება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. რამდენად პროფესიონალურია პროკურატურა, რამდენადაა საპროცესო გარიგებების და აღიარებითი ჩვენებების ხშირი გამოყენება პროკურატურის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ასე ძლიერად არ უნდა ეყრდნობოდნენ საპროცესო გარიგებებს და აღიარებით ჩვენებებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. არ უნდა ეყრდნობოდნენ უკანონო თვალთვალს. ამდენად, ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია. ანგარიშში დავსახეთ წინ სავალი გზა, რათა გაქარწყლდეს ეჭვი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, გაძლიერდეს პროკურატურა და დაცვის მხარის უფლებები. პოლიტიკაში ცვლილებები ხშირად იქნება, სასამართლომ კი ამას უნდა გაუძლოს და მთელი საზოგადოების ნდობა მოიპოვოს. ეს არის ჩვენი ანგარიშის ძირითადი მესიჯი.
 
რადიო თავისუფლება: ანგარიშში არ ეხებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას, ათ სხვადასხვა საქმეზე. ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არ ენდობა პოლიტიზებულ პროკურატურას. როგორია თქვენი შეფასება?
 
ნილს მუჟნიეკსი: ეს ფაქტი საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ მოხდა და ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა მისი ანგარიშში ჩართვა, რადგან არ მქონდა საშუალება, ამაზე უშუალოდ გავსაუბრებოდი ხელისუფლებას, მომესმინა მათი პოზიცია. თანაც, მე ცალკეულ საქმეებს არ შევისწავლი. საერთოდ, ზოგადად თუ ვიტყვით, პრეზიდენტმაც ისეთივე სამართლიანი სასამართლოს უფლებით უნდა ისარგებლოს, როგორითაც ნებისმიერი სხვა მოქალაქე სარგებლობს. ცხადია, მან უნდა ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან; თუმცა, ისიც ნათელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ნამდვილად მყარი მტკიცებულებები სჭირდება.
 
რადიო თავისუფლება: პრობლემებთან გამკლავების ერთ-ერთი გზა გარდამავალი სამართლის დროებითი მექანიზმების შექმნაა; მაგალითად, დროებითი კომისიების. საქართველოში, საზოგადოებრივ დისკუსიებში ახსენებენ არგენტინის, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის მაგალითებს - „სიმართლისა და შერიგების კომისიას“, როგორც რეპრესიული წარსულის გადალახვის საშუალებას. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს სურდა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის“ ამოქმედება, რაზეც შემდეგ უარი თქვა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. როგორც ვიცით, ვენეციის კომისია და, ასევე, ევროსაბჭო ამ ინიციატივას დადებითად არ აფასებდნენ. რატომ?
 
ნილს მუჟნიეკსი: ჩემი აზრით, მთავარია, არ შექმნა სტრუქტურა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს შეასრულებს. არსებობს სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს და  ასეთ საქმეებთან გამკლავება სწორედ მან უნდა შეძლოს. პარალელური სტრუქტურის შექმნა საჭირო არ არის.
 
რადიო თავისუფლება: საზოგადოებრივ კომისიებზეც ამასვე იტყოდით?
 
ნილს მუჟნიეკსი: საქართველოში საუბარი იყო სახელმწიფო კომისიაზე. სხვა კონტექსტებში, სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები ძირითადად მიმართული იყო ფაქტების, ისტორიული მოვლენების დადგენაზე: რა მოხდა წარსულში. ცხადია, აქ შეიძლება ჩაერთონ ისტორიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ. საქართველოს შემთხვევაში კი ვსაუბრობთ ბრალეულობის დადგენაზე, და ამას სასამართლო უნდა აკეთებდეს. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დემოკრატიულ სისტემაში მხოლოდ სასამართლო ადგენს.
 
რადიო თავისუფლება: ანგარიშში ასევე ეხებით უკანონო თვალთვალისა და მოსმენის საკითხს. ეს თემა საქართველოში ორი დღის წინ კვლავ აქტუალური გახდა: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში გაუშვა ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩანაწერები, რომლებიც თითქოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგაა გაკეთებული. ხელისუფლება და ოპოზიცია ამას ერთმანეთს აბრალებენ, დაიწყო გამოძიებაც. თქვენს ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემები რჩება, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში ჯერაც მოქმედებს აპარატურა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კერძო კომუნიკაციას ავტომატურად ხელმისაწვდომს ხდის. რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად? 

მთავრობას მოვუწოდებდი, გადაჭრით გაემიჯნოს უკანონო თვალთვალის პრაქტიკას.


ნილს მუჟნიეკსი: დიახ, ამაზე ანგარიშშიც ვწერთ. მე მთავრობას მოვუწოდებდი, გადაჭრით გაემიჯნოს უკანონო თვალთვალის პრაქტიკას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული წინა ხელისუფლების პირობებში. რასაც თქვენ ჰყვებით, აძლიერებს ეჭვს, რომ ეს პრაქტიკა, შესაძლოა, ახლაც გრძელდებოდეს. ვისურვებდი ამასთან გადაჭრით გამიჯვნას. მთავრობამ უნდა მოუსმინოს მონაცემთა დაცვის ახალდანიშნულ ინსპექტორს, სახალხო დამცველს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ განადგურდეს უკანონო თვალთვალით მოპოვებული ყველა მასალა და დაისაჯონ დამნაშავეები. ანგარიშში ვწერთ, რომ ეს „შავი ყუთები“ მართლაც შეშფოთებას იწვევს. ხელისუფლება ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს, უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები.
 
რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რომ ვთქვათ, უნდა გაუქმდეს თუ არა ეს „შავი ყუთები“? როგორც ვიცით, ახლა დამუშავების პროცესშია კანონპროექტი და ძირითადი უთანხმოება უკავშირდება საკითხს, უნდა ჰქონდეს თუ არა სამართალდამცველ სტრუქტურებს პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე. ინიცირებული ცვლილებები ამას ზღუდავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თვლის, რომ სასამართლოსგან მოსმენის ნებართვის მიღების შემდეგ ის ვალდებული არ უნდა იყოს, ამის შესახებ აცნობოს მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიას, რადგან ჩნდება ამ ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე.
 
ნილს მუჟნიეკსი: ჩემი ფიქრით, ეს „შავი ყუთები“ უნდა გაუქმდეს. თვალთვალი მხოლოდ სასამართლოს სანქციის მიღების შემდეგ უნდა ხორციელდებოდეს სისხლის სამართლის გამოძიების კონკრეტულ ობიექტზე, განსაზღვრული დროით. ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც. ამას არ უნდა სჭირდებოდეს „შავი ყუთები“ და კომუნიკაციაზე სამართალდამცველების შეუზღუდავი წვდომა. ამ სფეროში აუცილებელია წარსულში მომხდარ დანაშაულებთან ცალსახა და მკაფიო გამიჯვნა.
 
რადიო თავისუფლება: მალე შესრულდება ერთი წელი 17 მაისიდან - იმ დღიდან, როცა თბილისის ქუჩებში დიდი სიმძლავრით იფეთქა შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულმა ძალადობამ. თქვენი ანგარიშის მეორე ნაწილი მთლიანად ეხება უმცირესობათა მდგომარეობასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებს.  ცხადია, ეს ძალიან ფართო საკითხია, მაგრამ მაინც გკითხავთ, ზოგადად როგორ შეაფასებდით მდგომარეობას? 

საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს LGBTI პირთა უფლებებზე; მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ამ თემის წევრთა მიმართ ძალადობა მიუღებელია.


ნილს მუჟნიეკსი: დიახ, ეს ნამდვილად ფართო თემაა. მოდით, დავიწყოთ LGBTI საკითხით. ვფიქრობ, ყველას თავზარი დასცა შეუწყნარებლობის ხარისხმა, რომელიც შარშან მაისში ვიხილეთ. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა მაშინ დადებითი მესიჯებიც გაავრცელეს, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტ მოქმედებას. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს LGBTI პირთა უფლებებზე; მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ამ თემის წევრთა მიმართ ძალადობა მიუღებელია და დაისჯება; ის, ვინც შარშან LGBTI პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს სჩადიოდა, უნდა დაისაჯოს. 
 
რადიო თავისუფლება:  თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანად მოხდა შარშანდელი მოვლენების გამოძიება? დარბევის შემდეგ მხოლოდ ოთხი პირი დააპატიმრეს, შეკრების თავისუფლებისთვის ხელის შეშლისთვის ბრალი წაუყენეს ხუთ პირს, მათ შორის ორ მღვდელს - თუმცა ერთ-ერთს ბრალდება მოუხსნეს, სხვებმა კი მცირე ჯარიმები გადაიხადეს. 
 
ნილს მუჟნიეკსი: ვინც იმ დღის ვიდეოჩანაწერი ნახა, იხილა, როგორ დაესხა თავს მშვიდობიანი დემონსტრანტების მცირე ჯგუფს უზარმაზარი ბრბო, თავზარი დაეცემოდა. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან, რომელთა ჩამდენები სერიოზულად უნდა დაისაჯონ; მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. ვფიქრობ, ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია ამ კანონის რეალობად ქცევა, საზოგადოების ინფორმირების, სიძულვილის დანაშაულის გამოძიების, სახალხო დამცველის აპარატის რესურსებით ადეკვატურად მომარაგების გზით. 

რელიგიური უმცირესობებისთვის ლოცვის თავისუფლებაში ხელის შეშლის შემთხვევები სერიოზულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ.

რაც შეეხება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ვფიქრობ, აშკარაა ქართული ენის სწავლების აუცილებლობა რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დომინანტურ ნაწილს უმცირესობები შეადგენენ. ეს გრძელვადიანი პროცესია, ცვლილება მალე ვერ მოხდება. ვისურვებდი არა მხოლოდ ქართული ენის სწავლების გაძლიერებას, არამედ უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიცირებასაც. ეს ორივე ზომა გააძლიერებდა უმცირესობათა უფლებების დაცვას. მოვისმინე სერიოზული ბრალდებები რელიგიური უმცირესობებისთვის ლოცვის თავისუფლებაში ხელის შეშლის თაობაზე. ასეთი შემთხვევები სერიოზულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ. ამდენად, ვფიქრობ, სამუშაო ჯერაც ბევრი რჩება. თუმცა, ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
 
რადიო თავისუფლება:  არაერთი უფლებადამცველის აზრით, ეს კანონი ბევრად უფრო სუსტი ფორმით მიიღეს, ვიდრე თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. თქვენს ანგარიშშიც ამბობთ, რომ გათვალისწინებული იყო აღსრულების მექანიზმი, „თანასწორობის დაცვის ინსპექტორი“, რომელიც შეძლებდა სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებასა და ჯარიმების დაკისრებას. ეს მექანიზმი დოკუმენტიდან ამოიღეს და ეს უფლებამოსილება სახალხო დამცველს დააკისრეს. მაინც ფიქრობთ, რომ ეს კანონი ეფექტიანი ახალი მექანიზმი იქნება? ცხადია, სიმბოლური თვალსაზრისით, თანასწორობისა და ტოლერანტობის თვალსაზრისით, მისი მიღება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როცა კანონპროექტს არაერთი გავლენიანი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება კანონი რეალურად?
 
ნილს მუჟნიეკსი: არსებობს ამის მრავალი მოდელი, რაიმე ზოგადი, საყოველთაო ვარიანტი არ არის. ვიცი, რომ თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. თუმცა მე ძალიან ვენდობი თქვენი სახალხო დამცველის აპარატს. ვფიქრობ, თავის მოვალეობას ის კარგად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, მათ საქმიანობისთვის ადეკვატური რესურსი ჰქონდეთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველმა და სხვა ძალებმა გააგრძელონ მუშაობა ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებთან, LGBTI პირებთან, რათა ეს კანონი რეალურად ამუშავდეს. კარგი კანონი ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ ის ქაღალდზე რჩება. ამდენად, წინ ჯერაც ბევრი რთული სამუშაოა.