როგორც მოსალოდნელი იყო საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი გაძვირდა. ამის მიზეზი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპოტიორი ქვეყნის - უკრაინის კრიზისია. საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ფასი, დაახლოებით, 1,5 ლარით გაძვირდა, თუმცა პურპროდუქტების ბაზარზე ეს გავლენას არ მოახდენს. მეპურეებს ჯერ კიდევ აქვთ, დაახლოებით, 8-9-ლარიანი რესურსი. კრიტიკული ზღვარი 1 ტომარაზე 45 ლარია.
უკრაინაში არსებული დაძაბულობა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირების მიზეზი ხდება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩიკაგოს ბირჟაზე ტონა ხორბალი 3,4%–ით გაძვირდა და 272 დოლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკრაინა ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მე–6 ადგილზეა, რის გამოც იქ არსებული კრიზისი მსოფლიო ბირჟებზე უარყოფითად აისახება.
ცნობისთვის: უკრაინაში 2013 წელს მარცვლეულის რეკორდული მოსავალი – 63 მილიონი ტონა აიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე ევროკავშირში, აზიასა და დსთ–ში გავიდა.
ამერიკელი ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინული ხორბლის ექსპორტი და მოსავლის აღების კამპანია მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ქვეყნის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებმა უკვე იქონია გავლენა და ხორბალზე ფასები გაიზარდა.
მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე ხორბლის გაძვირება დაიწყო საქართველოშიც. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ფოთში შემოტანილი ხორბლის ფასი, წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 10-20 დოლარის ფარგლებშია გაზრდილი. სილაგავას განმარტებით, აპრილში ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ღირებულება 280 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად 1 ტონა ხორბლის ღირებულება უკვე 300 დოლარამდეა. ფქვილზე ფასის მატება დღეისათვის შესამჩნევი არ არის, თუმცა რიგმა საწარმოებმა 1 ტომარა ფქვილის ფასი 1 ლარის ფარგლებში უკვე გააძვირეს. ლევან სილაგავას ინფორმაციით, წისქვილებიდან პურის ქარხნებზე ფქვილის გასაცემი ფასი დღეისათვის 35,5-38 ლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება პურის ფასს, მეპურეების ინფორმაციით, მათთვის კრიტიკული ნიშნული პურის ფასის განსასაზღვრელად 44-46 ლარია. შესაბამისად, დღეს არსებული ფასები, პურის მწარმოებლებს პურის ფასის გაზრდას არ „აიძულებს“, რადგანაც მწარმოებლებმა პურის ფასის გაძვირება რომ დაიწყონ ფქვილის ფასმა 20%-ით უნდა მოიმატოს.
„ბირჟებზე ფასის გრძელვადიანი ზრდის შემთხვევაში (ხორბალზე ფასის) ფქვილის ფასი ტომარაზე შეიძლება 1-2 ლარით გაიზარდოს, რაც უახლოეს პერიოდში პურის ფასზე არ იმოქმედებს“, - აცხადებს ლევან სილაგავა „ჯიეიჩენთან“ საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან (დაახლოებით 70%) და უკრაინიდან (30%) ხდება. თუმცა წლების წინ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი ყაზახეთი იყო. მართალია, შუა აზიური მარცვლეული მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ, სამაგიეროდ, იაფია. ასე რომ, ხორბლის უპრეცედენტოდ გაძვირების შემთხვევაში, ყაზახეთიდან შედარებით იაფი პროდუქტის შემოტანაც შეიძლება. მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, მარცვლეული შუა აზიაშიც გაძვირდება, თუმცა იგი მაინც იაფი ეღირება, ვიდრე რუსული ან უკრაინული.