საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყაზახეთის წინაშე არსებულ სახელმწიფო „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ვალს ითვლის, მაგრამ აგერ უკვე რამდენიმე თვეა ვერაფრით დათვალა. უფრო სწორად, ქართველი და ყაზახი მოხელეების ნაანგარიშევი ერთმანეთს არ ემთხვევა. მართალია, ფინანსთა მინისტრმა ყაზახეთი მოიარა, მაგრამ ამ კუთხით წინსვლა არ ყოფილა.
„ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი არის საქართველოს სახელმწიფოს ვალი ყაზახურ მხარესთან და მეორეა, ვალი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. მიმდინარეობს მუშაობა, სხვადასხვა ციფრებია და ვერ შევთანხმდით, იმიტომ, რომ დათვლის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, ჩვენ ვითვლით პარიზის კლუბის წესების შესაბამისად, რისი ვალდებულებაც გვაქვს, ყაზახური მხარე კი არ აღიარებს პარიზის კლუბის ვალდებულებას, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკებები“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა ყაზახეთში გამგზავრების წინ და როგორც ჩანს, ახლაც იმავე პოზიციაზეა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი სანჟარ შოკატაევი კომპანიის დაბრუნებას მხოლოდ იმ პირობით თანხმდება, თუ კომპანია 40 მილიონ დოლარს გადაიხდის. მისივე მტკიცებით, თავის დროზე კახი კალაძის ვიზიტი ყაზახეთში მხოლოდ ფორმალობა იყო.
როგორც ცნობილია, გასული წლის ივნისში, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყაზახური მენეჯმენტისთვის დაბრუნების შესახებ, თუმცა მას შემდეგ ამ პროცესში არავითარი სიახლე არ ყოფილა.
შოკატაევი მოითხოვს, რომ ის გადასახადები, რასაც კომპანია ამ წლების განმავლობაში ბიუჯეტში იხდიდა, ვალის დაფარვაში ჩაითვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კომპანიას არ დაიბრუნებენ.
„თბილგაზი“ 2006 წელს 12 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2009 წლიდან კი, 80-მილიონიანი დავალიანების ამოსაღებად, კომპანიაში დროებითი მმართველობა მოქმედებს.
ერთია, „ყაზტრასგაზ-თბილისის“ ვალი საქართველოს მთავრობის წინაშე და მეორე - საქართველოს ვალი ყაზახეთის რესპუბლიკის წინაშე. წესით და რიგით, ვალები ერთმანეთში უნდა გაქვითულიყო. სწორედ აქ არის გაურკვევლობა და ვალების მოცულობის დადგენა ვერ ხერხდება დღემდე, შესაბამისად, ორივე საკითხი ჰაერშია გამოკიდებული.
ყაზახეთის ელჩი ერმუხამედ ერთისბაევი ამ რამდენიმე თვის წინ კონკრეტულ ციფრებს ასახელებდა:
„როცა 2005 წელს შედგა ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაშინ საქართველომ აიღო ვალი ყაზახთისგან 25 მილიონი დოლარი. 2005 წლის და 2013 წლის დოლარს შორის განსხვავებაა. ეს ყველაფერი დათვლადია. ამიტომ მუშაობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პასუხისმგებელი თანამშრომლები. მხარეებს შორის 6 თვის წინ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. ქართული მხარე ამბობდა, რომ ვალი არის 40 მილიონი დოლარი, ხოლო ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ვალი 55 მილიონი აშშ დოლარია. ეს საკითხი არის მოლაპარაკების საგანი“, - ამბობდა ელჩი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე კი სრულიად სხვა მონაცემებია: 2014 წლის მარტის მდგომარეობით, ყაზახეთის წინაშე საქართველოს ვალი 27,7 მლნ აშშ დოლარია.