ზაზა ხუციშვილი:

ზაზა ხუციშვილი: "ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება"

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ამჟამად იმ ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელსაც ჯგუფ "ვაკის პარკთან" და ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად, უახლოეს პერიოდში განახორციელებს. შემოქმედების გარდა, ზაზა პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც გვესაუბრა.
-  ზაზა, რას საქმიანობთ ამჟამად? 
-  ოფიციალური სამსახური არ მაქვს. ახლა ორ პროექტზე ვმუშაობთ. ხომ იცით, ინტერნეტსივრცემ შოუბიზნესში ბევრი რამ შეცვალა, რასაც "ვაკის პარკმა" თავის დროზე ალღო ვერ აუღო, ამიტომ ახლა მუშაობის სხვანაირ პრინციპზე გადავალთ. "მაესტროზე" პროექტში - "მაგთიფანი" ბევრი კარგი მონაწილე აღმოვაჩინეთ და ჩვენი ჯგუფი მათთან თანამშრომლობს. მათგან ორი გოგონა - თათია ყურაშვილი და ნათია თოდუა ჩვენთან ერთად თითქმის ყველა კონცერტზე გამოდიან. ისინი ბექ-ვოკალისტებიც იქნებიან და თავიანთი სიმღერებიც ექნებათ. ასევე, ვთანამშრომლობთ ვასიკო ჟღენტთან. ერთ-ერთ პირველ სიმღერას, ქალი მომღერლის შესრულებით, უახლოეს მომავალში ჩავწერთ და ინტერნეტში გამოვაქვეყნებთ; მეორე მუსიკალური პროექტი "ვაკის პარკის" სტილისგან განსხვავებულია, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, სიურპრიზად დავტოვებ.
-  ახალი სიმღერები მსუბუქი როკის სტილში იქნება, როგორიც იყო "პოპროკი" თუ უფრო მძიმე, როგორიც - "ანდერგრაუნდი"?
-  ყველანაირი სიმღერები იქნება. ჩვენი ალბომი - "ანდერგრაუნდი" ბევრს ძალიან მძიმე როკადაც მოეჩვენა.
-  "მაესტროსთან" რატომ აღარ თანამშრომლობთ?
-  არჩევნების შემდეგ ამ არხისთვის ხუთი პოლიტიკური ტოქშოუ უკვე ზედმეტი იყო. მე იქ სხვებზე გვიან მივედი, ამიტომ ჩემზე გამოცდილი ჟურნალისტების წასვლა და ჩემი დარჩენა მართებული არ იქნებოდა. თუმცა მერე, მოგეხსენებათ, "მაგთიფანის" სკოლის დირექტორი ვიყავი, ერთ-ერთი მუსიკალური ავტორის სახითაც ჩავერთე, "ვაკის პარკი" აკომპანემენტს აკეთებდა და ამის შემდეგ, პროდიუსერების თხოვნით, რეპერტუარზეც ერთად ვმუშაობდით. ეს პროექტიც დამთავრდა. სამწუხაროდ, ყოველწლიური არ გამოდგა, რადგან ძვირად ღირებული პროექტია, "მაესტრო" კი არ გახლავთ ისეთი ბიუჯეტის მქონე ტელევიზია, რომელსაც შეუძლია, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცეს. ასე რომ, ჩემი წამოსვლა რაიმე წყენას არ უკავშირდება, პირიქით, მე და მამუკა კარგი მეგობრები ვართ.
-  როგორც ვიცი, სხვა პატარ-პატარა პროექტებსაც ახორციელებთ. მაგალითად, კომპანია "ნიკორას" ჰიმნი მოვისმინე, რომელიც თქვენი დაწერილი ყოფილა. 
-  "ნიკორას" მეპატრონეები და დამფუძნებლები ჩემი მეგობრები არიან და ამ ქსელის გახსნის დღიდან, როგორც მათი გულშემატკივარი, ასევე - კლიენტი ვარ. ადრე, როცა "მაესტრო" შოუბიზნესზე იყო ორიენტირებული და იქ ხმის ჩამწერი სტუდია მქონდა, ჩემთან მუშაობდნენ კოტე ნონიკოვი, ნიჭიერი ხმის რეჟისორი და გელა გნოლიძე, ასევე ხმის რეჟისორი და არანჟირებების ავტორი. ერთხელ, გელა მოვიდა და მითხრა, რაღაც მუსიკალური ფრაგმენტი მაქვს, "შევფუთოთ", კარგად გავაკეთოთ და იქნებ "ნიკორა" დაინტერესდესო. მელოდია რომ მოვისმინე, მომეწონა, შემდეგ ტექსტი დავწერე, "ჩონჩხი" გავაკეთეთ და "ნიკორას" მოვასმენინეთ. მოიწონეს და სტუდიაში ჩავწერეთ. სასიამოვნოა, რომ ეს სარეკლამო ტექსტი ლამის ჰიტად იქცა. მოგეხსენებათ, "ნიკორას" 15 წელი შეუსრულდა და სხვა შემსრულებლებთან ერთად, იუბილეზე "ვაკის პარკის" წევრებიც მიგვიწვიეს. ჩვენ რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
-  რომელიმე სხვა კომპანიასთანაც ხომ არ გქონიათ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა?
-  მუსიკალური ე.წ. მოკლე სარეკლამო ჯინგლები ჩამიწერია. მაგალითად, რადიო "საქართველოს ხმის" მელოდია, რადიო "მაესტროს" "ქუდი". 
-  "ვაკის პარკის" სხვა წევრები რას საქმიანობენ?

-  ირაკლი სანაია არქიტექტორი გახლავთ და ფირმა აქვს; გიორგი სამსონაძე პროფესიონალი მუსიკოსია და გივი გაჩეჩილაძე თბილისის ჯაზორკესტრში უკრავს, ასევე - ერთ-ერთ კლუბში; მინდია გაბაშვილი საფეხბურთო გუნდის - "ლოკომოტივი" პრესატაშეა. რეპეტიციებისა და სხვა სამსახურების შეთავსება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან "ვაკის პარკი" არ არის ისეთი დატვირთული ჯგუფი, რომ გასტროლზე ხშირად გვიწევდეს წასვლა.

-  კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ვილაპარაკოთ. როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რომელიც მთავრობის შეცვლის შემდეგ მივიღეთ?

-  არის მიმართულებები, სადაც პროგრესი აშკარაა და არის მიმართულებები, სადაც უკეთესის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ადამიანის ერთ-ერთი ცუდი თვისება, რამაც წინა ხელისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედა, არის სულსწრაფობა. თუ ხედავ, რომ გარკვეული მიმართულებებით სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ სწორად ლაგდება, მოთმინება უნდა იქონიო. ისტორიისთვის თუნდაც, 20 წელი ძალიან მცირე დროა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მყისიერი ეფექტის მოხდენა ძალიან რთულია. ნებისმიერი ახალი წამოწყება გარკვეული მასების სერიოზულ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული. რატომ არის გერმანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა? - უამრავი პროდუქტი აქვს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა საინტერესო. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელსაც ჩვენგან იყიდიან. თუ ყველაფერზე უარი ვთქვით, დოვლათი რის ხარჯზე უნდა შეიქმნას? ამიტომ, როდესაც სხვადასხვა პროექტზე ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური პროტესტი მიდის, ყველამ უნდა გააანალიზოს, რომ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა, პირადი არ უნდა დააყენოს. განათლებით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ვარ და მიმაჩნია, რომ თავის დროზე "ხუდონჰესის" მშენებლობის შეჩერება დიდი შეცდომა იყო. როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელიც პროექტში ას მილიონს დებს, საერთოდ არ აფიქრებს, მყინვარი და წყლის დონე რამდენ ხანს ექნება? გასაგებია, რომ იქ მამა-პაპათა საფლავები და გარკვეული ძეგლებია, მაგრამ ყველა საკითხი მოგვარდება. საფრთხეების გარეშე არაფერი კეთდება. ნებისმიერ დასკვნას პროფესიონალები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ვიმეორებ, არაკომპეტენტური ადამიანების გამო ამხელა პროექტების შეჩერება არასწორად მიმაჩნია.

-  როგორც მუსიკოსს, კულტურის სამინისტროს მუშაობა თუ მოგწონთ? კულტურის აყვავების კუთხითაც დიდი მოლოდინი იყო.
-  ვწუხვარ, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია, ამიტომ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ სამინისტროდ მიმაჩნია. ბატონ გურამ ოდიშარიაზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ის განათლებული, პატიოსანი, ნიჭიერი კაცია, მაგრამ მინისტრებს ისეთივე ლიდერის თვისებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც პრემიერს, პრეზიდენტს და ა.შ. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ყველას გვინდა, რომ წარმატებული იყოს, მაგრამ... საერთოდ, თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს, მთავრობების ცვლილების დროს მოსული ხელისუფლების მხარდამჭერი უნდა იყოს, რადგან მათი წარმატება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ხალხის კეთილდღეობაზე. ახლა რა მომწონს? მომწონს ის, რომ ყველა სადავო საკითხი სამსჯავროზე გამოიტანეს და ბევრი რამ გაითვალისწინეს. "ეს შენ გეხებას" ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ხელისუფლება ცოტა არ იყოს, პასიურობს. თუმცა, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, მტკიცებულებები არსებობს თუ - არა. ცხადია, სპეცსამსახურებს მოსმენის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული, შესაბამისი ორგანოების ნებართვისა და სანქციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.
-  რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ახლახან მიიღო და დიდი განსჯის საგანიც გახდა?
-  ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება ხდება. ევროპა დღე და ღამე იმაზე არ ფიქრობს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰომოსექსუალი იყოს, ეს არასერიოზული ბრალდებაა. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება. თუმცა, ცხადია, ორიენტაციის გამო ადამიანი არ უნდა ჩაქოლო და ისეთი სამსახურიდან არ გააგდო, სადაც ის ხიფათს არავის უქმნის. ცხოვრების წესი და ვნებები, მაგალითად, საკლასო ოთახში არც ჰეტეროსექსუალმა უნდა გამოხატოს, არც ჰომოსექსუალმა და არც ბისექსუალმა. 
-  წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მომღერლების გარკვეული ჯგუფი ე.წ. "შავ სიაში" იყო, ნაწილი კი - "მთავრობის მომღერლებად" იწოდებოდა და ისინი სერიოზულ გასამრჯელოსაც იღებდნენ. დღესაც, სხვადასხვა არხსა თუ პროექტებში კვლავ იმავე ადამიანებს ვხედავთ, ისინი კი, ვინც მაშინაც უმუშევარი იყვნენ, ახლაც ჩრდილში არიან. საინტერესოა თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით.
-  ეს უკვე დამქირავებლისა და მომღერლის პირადი გადაწყვეტილება და მორალის საკითხია. თუ კონკრეტული ტელევიზია მიიჩნევს, რომ ის ადამიანი რეიტინგულია, მისი ნებაა, ითანამშრომლოს. პირდაპირ გეტყვით, მუსიკოსისთვის ტელევიზიასთან ურთიერთობის გაფუჭება ხარაკირის ტოლფასია და მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს ტელევიზია წაართვეს, დაახლოებით ხუთჯერ დამირეკეს, სხვადასხვა პოპულარულ გადაცემაში მიწვევდნენ, მაგრამ არ მივედი. გეთანხმებით, ვინც ბადრის მთელი ამაგი წყალში ჩაუყარა, ისევ იქ არის. კონკრეტულ კერძო ტელევიზიას თუ ისევ ისეთი ადამიანი უნდა, ვინც თავის დროზე თხასავით გაყიდა, ჰყავდეს. თუმცა, პირადად მე, არავის გაკრიტიკებას არ ვაპირებ. იმედია, ოდესმე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.