სატყუარა ქართველი მომხმარებლისთვის: შხამს + ქიმია =

სატყუარა ქართველი მომხმარებლისთვის: შხამს + ქიმია = "ბიოს"?!

ბიომეურნეობა მთელი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ყველა პირობა არსებობს ბიომეურნეობების მოსაწყობად და ბიოპროდუქტების წარმოებისთვის. თუმცა, დღეს ქვეყანა დიდწილად იმპორტირებულ სურსათს მოიხმარს. 

დავით ჩაჩანიძე, "მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის" წევრი:
 - მოწინავე ქვეყნებში ბაზარი ორად არის გაყოფილი. ჩვეულებრივ პროდუქციას (მას კონვენციურს უწოდებენ) აწარმოებს ნებისმიერი მეურნეობა, რომელიც არ არის სერტიფიცირებული როგორც ბიო, ანუ ორგანული პროდუქციის მწარმოებელი. ბიოლოგიურ პროდუქციას კი გამოარჩევს შესაბამისი ლოგო ან ნიშანი. საქართველოში ბევრ პროდუქტს ნახავთ ეტიკეტზე წარწერით, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ორგანულია, სინამდვილეში ხშირად ეს მარკეტინგული ხრიკია. 
ბიოპროდუქტების საწარმოებლად არაერთი პროცედურის გავლაა საჭირო. ნიშანი "ბიო" არ ენიჭება მხოლოდ საბოლოო პროდუქტს - კვლევა იწყება ნიადაგიდან, სადაც ეს პროდუქტი მოჰყავთ და სრულდება შესაფუთი საწარმოს შესწავლით - არის თუ არა მასთან ახლოს საავტომობილო გზა, ქარხანა და სხვ. ბიოპროდუქტების შემოწმება დასავლეთში კონკრეტულ უწყებებს ევალება, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს, ზოგანაც კერძო, აკრედიტებულ ორგანიზაციებს. 

- საქართველოში რა რესურსია მომგებიანი ბიომეურნეობების მოსაწყობად?

- ჩვენთან სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწის მხოლოდ 10%-ია ათვისებული, ხოლო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოსაყვანად ვარგისი მიწისა - მხოლოდ 1%. ყველაზე დიდი რესურსი მთიან რეგიონებშია. უცხოელები გაოცებული ამბობენ: არ გჭირდებათ კონვერსიის პროცესი, რადგან "ბიოში ცხოვრობთო". პირველ ბიომეურნეობებს საქართველოში ძალიან უჭირდათ პროდუქციის წარმოება, რადგან ბიოპესტიციდები და სასუქები უცხოეთიდან უნდა ჩამოეტანათ და ეს საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. თავიდან ყველა ცდილობდა, ტყეში მოპოვებული პროდუქციისთვის მიენიჭებინა ბიოსერტიფიკატი და ასე გავიდა საქართველოდან უცხოეთში კენკრა და წაბლი. ამას მოჰყვა ბიოლოგიურად სუფთა ვარდის ზეთისა და ღვინის წარმოება, მაგრამ საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოება მაინც ძალიან მცირეა. ჩვენთან ბიოპროდუქციას 39 მეწარმე აწარმოებს და მათ შორის მხოლოდ 15-ია ბიოსერტიფიცირებული. მაშინ, როცა თურქეთში ბიოსერტიფიცირებულია 21 ათასი მწარმოებელი. 5 მილიონი ჰექტარი მიწაა ბიოსერტიფიცირებული ავსტრალიაში, მოლდავეთს ბიოსერტიფიცირებული აქვს 5 ათასი ჰექტარი ვენახი, საქართველოში კი მხოლოდ 140 ჰექტარია. 

ჩვენ ყველა პირობა გვაქვს ბიომეურნეობის მოსაწყობად, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო ნებაა საჭირო. ბიოპროდუქტების წარმოებისას საქართველო ხელმძღვანელობს მხოლოდ სახელმწიფოს დადგენილებით და არა კანონით, ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია, პროდუქტს "ბიო" დააწეროს და ასეთი ეტიკეტით გაყიდოს შხამქიმიკატებით მოყვანილი პროდუქცია. ბიოპროდუქტების წარმოებით გაგვასწრეს უკრაინამ, რუსეთმა, მოლდავეთმა და დსთ-ის ბევრმა სახელმწიფომ.

პროდუქციის შემოტანაზე ორიენტირებული ქვეყანა არასდროს გადავა ბიოპროდუქციის წარმოებაზე, რადგან ეს სილის გაწნა იქნება იმპორტიორებისთვის.
არ გვესმის, რომ ადგილობრივი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მხოლოდ ბიზნესი კი არ არის, ეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაცაა. 

ჩვეულებრივი, ანუ კონვენციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით საქართველოს ძალიან გაუჭირდება დიდ ბაზრებზე შესვლა და კონკურენციის გაწევა, ვთქვათ, თუნდაც ესპანეთისთვის ან ბულგარეთისთვის, მაგრამ საკმარისია ჩვენს პროდუქტს მიენიჭოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ნიშანი "ბიო", მომხმარებელი აღარ გამოიკვლევს, სად და რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქტი წარმოებული. ნდობით მომხმარებელს თავად ეს ლოგო განაწყობს. 

იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, თურქეთი უძლიერესი აგრარული ქვეყნებია და ვის უნდა გავეჯიბროთ თუნდაც კონვენციური, ანუ ქიმიურად მოყვანილი პროდუქციის წარმოებით? ჩაატაროს სახელმწიფომ ექსპერიმენტი და ერთი ტრაილერი ქიმიურად მოყვანილი მწვანილი გაიტანოს ევროპაში. საზღვარზეც კი არ გაუშვებენ. 
ჩვენს პროდუქციას უკვე რუსეთშიც არ იღებენ ნიტრატების მაღალი შემცველობის გამო. 

იცით, რას აკეთებს ამ დროს არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი? ქართულ მწვანილში უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და ირანიდან ჩატანილ მწვანილს ურევს. ბიოლოგიურად სუფთა ბროკოლის საბითუმო ფასი ევროპაში 1 კილოგრამზე 19-20 ევროა, საქართველოდან გატანილ, ქიმიურად მოყვანილ ბროკოლს კი 2 ლარადაც არ იბარებენ. მთელი იმერეთი ტირის, ვერ გააქვს პროდუქცია ვეღარც უკრაინაში და ვერც რუსეთში. 1 კგ მწვანილის დაკრეფაში მუშას მეწარმეები 1 ლარს უხდიან, მაშინ როცა ექსპორტიორები 1 კგ-ს 40 თეთრად იბარებენ. არადა, თვეში ოთხჯერ თუ არ დაკრეფენ, მწვანილი გადაყვავილდება და მოსავალი მთლიანად გაფუჭდება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ტყაჩირში სანაგვეზე გადაყრილი 7 000 ტონა მწვანილი. 

- რამდენი სახეობის პროდუქციაა საქართველოში ბიოსერტიფიცირებული?

- შედარებისთვის, თურქეთში 500-ზე მეტი კულტურაა ბიოსერტიფიცირებული, ჩვენთან კი ბიოლოგიურად აწარმოებენ მხოლოდ ღვინოს, მწვანილს, პამიდორს, ხურმას, თხილსა და სასუქს. ხომ ხედავთ, ათამდე პროდუქტიც ვერ ჩამოვთვალე. 

ვიცნობ რამდენიმე მეღვინეს, ვინც ბიოღვინოს აყენებს და როგორც იტყვიან, დაკრეფილი არა აქვთ ყურძენი, რომ ღვინო უკვე გაყიდულია. საქართველოში მოყვანილი ბიოღვინო წარმატებით იყიდება მილანში, ლონდონში, ვენაში, საფრანგეთსა და იაპონიაში. 

ცოტა ხნის წინ ბაზარში ვიყიდე კარტოფილი, ლაბორატორიაში სახამებელი მჭირდებოდა, და ეგვიპტიდან შემოტანილი აღმოჩნდა. ადგილობრივი ბაზარი ფალსიფიცირებული პროდუქციით არის გაჯერებული. კარგია, როცა ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობა რეალობას ემთხვევა, თუმცა, ხშირად რომ გვგონია, რძის პროდუქტი ვიყიდეთ, სინამდვილეში სპრედს (კომბინირებული ცხიმები) ან შეღებილ პალმის ზეთს მივირთმევთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად წამგებიან მდგომარეობაშია ის მეწარმე, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს, სადაც ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ბუნებრივი, ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა. 

- როგორია მოსავლიანობა ბიომეურნეობებში?
- მოსავლიანობით ბიომეურნეობა ჩვეულებრივ მეურნეობას არ ჩამოუვარდება. როცა წლიდან წლამდე ბიოლოგიურად ამუშავებ მიწას, ისე ჰარმონიულად შეიძლება ააწყო შენი ნაკვეთი, გამოიყენო ლანდშაფტის ნიუანსები, ტენიანობა, მზე, ნაკელი და სხვა, რომ ოჯახსაც გამოკვებავ და ბაზარზეც გაყიდი... ყველანაირი შხამქიმიკატი ნიადაგის გამოფიტვას იწვევს. 

დასავლეთ საქართველოში მითხრეს, რომ თუ 50 წლის წინ 1 ჰექტარზე იყენებდნენ 1 ტომარა გვარჯილას, დღეს იმავე ფართობზე 1 ტონაც არ ჰყოფნით. ეს იმის ბრალია, რომ მინერალური სასუქები უაზროდ შეაქვთ ნიადაგში. ბიომეურნეობაში კი წლიდან წლამდე მოსავლიანობა იზრდება და ნიადაგის ფორმულა მოსავლის აღების შემდეგ უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე დათესვამდე.

რედაქციაში მკითხველმა გამოგვიგზავნა ფოტო, რომელზეც დაჭრილი, შავი პურია აღბეჭდილი. პურის შუაგული თეთრია, რაც მომხმარებლის აზრით, იმას ნიშნავს, რომ საღებავით არის გაფერადებული. momxmarebeli. ge-ს დამფუძნებელი ლია თოდუა ადასტურებს, რომ მწარმოებლები პურის "გასაშავებლად" კოლერს იყენებენ. კოლერი ერთგვარი საღებავია, რომელიც დამწვარი შაქრით მიიღება, ოღონდ ქიმიური რეაქციის შედეგად... ამ მეთოდის გამოყენება კანონმდებლობით აკრძალული არ არის - ანუ საღებავით შეფერადებული შავი თუ რუხი პური ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა, რაც მთავარია, მომხმარებელი მოტყუებული რჩება...