როცა მოძღვარს ვესაუბრებოდი, ყველაზე მეტად ერთმა ფრაზამ დამაფიქრა: “თუ ვინმეს უნდა ზუსტი სოციალური გამოკითხვის ჩატარება, მაშინ სასულიერო პირთან უნდა მოვიდეს, რადგან აქ გაცილებით გულწრფელი პოზიციებია. როცა ადამიანი აღსარების დონეზე გესაუბრება და ამდენ უბედურებას ისმენ, მერწმუნეთ, აპოლიტიკური ვერ იქნები”. რაც შეეხება რელიგიის, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობის როლს დღევანდელ საზოგადოებაში, ამ თემაზე ისეთი აზრთა სხვადასხვაობაა, რომ კამათის ფარგლებსაც გასცდა და გარკვეულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ამ მიმართულებით,საზოგადოება, პირობითად, ოთხ ნაწილად გაიყო:
მრევლის ინტელექტუალურ ნაწილს სურს, თავისი მოძღვარი განათლებული იყოს, რათაურთიერთობაშედგეს. განათლება ფართო მცნებაა და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანის მსოფლმხედველობით განისაზღვრება. დღევანდელი მსოფლიო იოლი აღსაქმელი და მარტივად განსაჭვრეტი არ არის და ამიტომაც, აქვს მოძღვარს, განათლებულ მოძღვარს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი. სამწუხაროდ, სტატისტიკიდან გამომდინარე, განათლებული ადამიანები თითქმის უკიდურეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ეს ეხება როგორც საერო, ასევე, სასულიერო პირებს.
გაუნათლებელი, პირდაპირ ვიტყვი, უწიგნური მრევლის ნაწილს ეს პრობლემა არ აქვს და პრობლემაც ესაა... ზოგი ანაფორიანი ისეთ სისულელეს ქადაგებს, იმდენად აგრესიულია და ისე არაადექვატურად იქცევა, რომ ნორმალურ ადამიანში, რბილად რომ ვთქვა, ანტიპათიას იწვევს. ამ უწიგნურებობის შოკისმომგვრელი აგრესიული ვიდეოფაქტები მრავლადაა “იუთუბიზე”, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას - ჰყავთ მრევლი, რომელიც ისეთივე აგრესიულია, როგორც “ატამანი” (სხვა სახელს ვერ დავარქმევ) და მზადაა, “ატამანის” ერთ დაძახებაზე, ერთ მუშტად შეიკრას და ეს მუშტი იქით მიმართოს, საითკენაც “ატამანი” უბრძანებს. სავალალოდ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში განათლება კატასტროფულად დაეცა, აგრესია კი კატასტროფულად გაიზარდა. ეს ე.წ. მრევლი, თავისი “ატამანებით”, უკვე ლეგიონებად იქცა და მზადაა, მართლმადიდებლობის სახელით ყველაფერი შემუსროს.
საზოგადოების მესამე ნაწილი შედგება ნიჰილისტების, ათეისტებისა და აგნოსტიკოსების პასიური ნაწილისაგან, რომელიც თვალყურისმდევნელის პოზიციაშია და შეიძლება, მხოლოდ მაშინ გააქტიურდეს, როცა ამ აქტიურობას, გლობალურ პროცესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აღარ ექნება.
რა თქმა უნდა, პროგრესულები და აქტიური მებრძოლები ყოველთვის მოიძებნებიან და, როგორც წესი, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას, ეპოქას და საკაცობრიო ცივილიზაციის მარადიული ღირებულების საფუძვლებს. მიუხედავად სიმცირისა, ასეთ ადამიანებს ხელეწიფებათ (ღვთის ნებითა და მადლით) უგუნურთა ბრბო უმეცრების ჭაობიდან გამოიყვანონ. ამის მაგალითი ბევრია როგორც მსოფლიო, ასევე, საქართველოს ისტორიაში, რაც ადასტურებს, რომ ერთეულებს სიბნელეში მყოფ უმეცართა ლეგიონების შემობრუნებაშეუძლიათ, არა დამარცხება-განადგურება, არამედ, შემობრუნება სინათლისკენ. საზოგადოების მეოთხე ნაწილი, სწორედ ასეთი კატეგორია გახლავთ.
მიუხედავად სიმცირისა, დღეს, საქართველოში, საბედნიეროდ, არიან ადამიანები (როგორც ერში, ასევე, - ბერში), რომლებმაც ძალიან ხმამაღლა ამხილეს უვიცობა, უწიგნურობა, გაუნათლებლობა და სიბნელეში მყოფ უმეცართა ბრბოს დაუპირისპირდნენ.
მართალია, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მომავალს, მომავალ თაობებს და კონკრეტულად, შენი ოჯახის მომავალს, შეუძლებელია, დუმილი არჩიო და ვერც სიტყვაძუნწი იქნები. როგორც ბიბლია გვასწავლის, პირველად იყო სიტყვა! სიტყვა ძალაა და თუ ამ სიტყვაში სიყვარულისა და სიკეთის სინათლეა, მაშინ სიტყვა უძლეველი ხდება...
“მღვდელს პოლიტიკასთან შეჯახება ყოველდღე უხდება!”
მამა გიორგი (ჩაჩავა), წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი: - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე არ არის გააზრებული ქვეყნის კონცეფცია - სულიერი, ინტელექტუალური და რელიგიური. ასეთი კონცეფციის შესაქმნელად საქართველოს გააჩნდა და ახლაც გააჩნია ინტელექტუალური და სულიერი რესურსი, მაგრამ ამ საქმეს თავი ვერ მოება. ამიტომაც, დღეს იმას ვიმკით, რაც 23 წლის წინ არ გავაკეთეთ.
დღეს საქართველო, იცით, როგორ მოძრაობს? - მიდის გზაზე, შეხვდა დაბრკოლება და სხვა გზას ირჩევს, ისევ შეხვდა დაბრკოლება და ისევ სხვა გზას ირჩევს. ყოველი დაბრკოლების შემდეგ, ვიცვლით კურსს და, ღმერთმა იცის, სად მივდივართ. მთელი ამ 23 წლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერებას, პრაქტიკულად, ვანგრევდით.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- ადამიანში დაინგრა ფასეულობები, შეირყა ფასეულობათა საფუძვლები და საზოგადოება ნიჰილიზმმა მოიცვა. ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სრულიად დეზორიენტირებულია. მეტიც, ადამიანთა დიდი ნაწილი პესიმიზმშია ჩაფლული და იმედი აქვს დაკარგული. ერთადერთი, რაც ასულდგმულებს, რელიგიაა.
- ანუ, საზოგადოების უმრავლესობა უფლის ნებასაა მინდობილი?
- დიახ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა თავისუფალი ნება მოგვცა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დღევანდელი ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ბევრი რაღაც, რა თქმა უნდა, დასახვეწია. მრევლი ერთფეროვანი ვერ იქნება - სხვადასხვა ინტერესი, სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა ინტელექტუალური დონე, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსი აქვს და მოძღვარი თითოეულს თავის ენაზე უნდა ესაუბროს. ეს იოლი არ არის, რთულია, მაგრამ თუ მოძღვარი ხარ, უნდა შეძლო.
- ახლახან, პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი დასავლეთია და სწორედ დასავლეთია ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი. ამბობთ, რომ მრევლში სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის ადამიანია. პატრიარქის განცხადების შემდეგ, როგორც მღვდელს, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ხომ არ გეკისრებათ?
- ვცდილობ, მრევლს ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ მოვახვიო. ვფიქრობ, რომ ტოლერანტული მხოლოდ ადამიანი კი არა, სახელმწიფოც უნდა იყოს. თუ არის შანსი, რომ მეზობელ ქვეყანასთან სწორი ურთიერთობა დავალაგოთ, მაშინ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
- პატრიარქის განცხადება იმას ხომ ნიშნავს, რომ ეკლესიას საერო პასუხისმგებლობაც დაეკისრა?
- სასულიერო პირი ჩვეულებრივი მოქალაქეა და კონსტიტუციას ისევე ემორჩილება, როგორც ყველა დანარჩენი. ასე რომ, სასულიერო პირები პოლიტიკისაგან განდგომილები სულაც არ არიან. წინა მთავრობის დროს, ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილო იყო, რადგან სამართალს ვერ პოულობდა. შემომჩივლებდნენ ხოლმე, ქონება - სახლი, მიწა, სავაჭრო ობიექტი და სხვა კერძო საკუთრება უკანონოდ წამართვესო. მოვიდა ახალი მთავრობა და ხალხს იმედი მიეცა, რომ უკანონოდ წართმეულს დაუბრუნებდნენ, მაგრამ იმედი არ გამართლდა - წინა მთავრობის დროს წართმეული ვერ დაიბრუნა, სამართალი ვერ ნახა.
სამწუხაროდ, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ძალიან ბევრია. ყველაფერი ეს პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, ეს ადამიანები მოძღვართან მოდიან და თავიანთ გასაჭირს გვიამბობენ. ასე რომ, მღვდელს ყოველდღე უხდება პოლიტიკასთან შეჯახება. თუ ვინმეს ზუსტი სოციალური გამოკითხვის ჩატარებაუნდა, მაშინ სასულიერო პირთან უნდა მოვიდეს, რადგან აქ გაცილებით გულწრფელი პოზიციებია. როცა ადამიანი აღსარების დონეზე გესაუბრება და ამდენ უბედურებას ისმენ, მერწმუნეთ, აპოლიტიკური ვერ იქნები.
საქართველოს კონსტიტუციაში დევს ექსპროპრიაციის კანონი, რომელსაც წინა მთავრობა ხმალივით იქნევდა და ხალხს ქონებას ართმევდა, ადამიანის უფლებები გათელილი იყო. ახალ მთვარობაშიც ვერ ვხედავ პოზიტიურ ცვლილებას.Eეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში კერძო საკუთრება ხელშეუხებელი, პრაქტიკულად, სიწმინდის დონეზეა. საქართველოშიAკი, ადამიანებს საკუთარი ქონებისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობის გარანტია არ გვაქვს.
- ხომ შეიძლება, მღვდლები გაიფიცონ და ხელისუფლებისაგან სამართლიანობის აღდგენა მოითხოვონ? ეს უპრეცედენტო აქცია იქნება!
- არ შეიძლება, მღვდელი გაიფიცოს და წირვა არ ჩაატაროს. ვფიქრობ, საქართველოში ეროვნული კონგრესი უნდა შეიკრიბოს, რომელშიც მონაწილეობას ყველა პარტია, არასამთავრობო მიიღებს და ერთიან ეროვნულ კონცეფციას შეიმუშავებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა მხოლოდ პიროვნული ბრძოლაა და 23 წელია, ხან მარცხნივ ვბორძიკობთ, ხან - მარჯვნივ და ვერაფერს ვაღწევთ.
- ძველი ქართული სიბრძნეა, რაც ერი, ის ბერიო... ისევე, როგორც პოლიტიკაში, სასულიერო წრეებშიც არ არის საქმე რიგზე. საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი მღვდლების უწიგნურობასა და განათლების დაბალ დონეზე წუხს. ხომარ ფიქრობთ, რომ სასულიერო წრეებშიც უნდა მოხდეს დიდი ცვლილებები?
- სასულიერო პირების დონის შეფასება ჩემი პრეროგატივა არ არის. ძველი რომაელები ამბობდნენ, თანაბარს თანაბარზე ძალა არ გააჩნიაო და ამიტომ ჩემს თანაბარზე ვერ ვისაუბრებ. ამა თუ იმ სასულიერო პირის შეფასება უნდა მოხდეს იმ ეპისკოპოსის მიერ, რომელ ეპარქიაშიც, როგორც თქვენ ამბობთ, დაბალი დონის მღვდელი მსახურობს.
ეკლესია, პირველ რიგში, მარადიული ფასეულობების მატარებელი უნდა იყოს და ჰუმანიზმს, სიყვარულსა და სათნოებას ქადაგებდეს. სასულიერი პირი რწმენის უპირატესობას მუშტებით არ უნდა ამტკიცებდეს. ცხადია, სასულიერო პირი განათლებულიც უნდა იყოს და იმდენი მადლი ჰქონდეს, რომ დაცემული სულიერად გაამხნეოს, გააძლიეროს და ადამიანს რწმენის უპირატესობა ამით დაანახოს და არა - ფიზიკური ზემოქმედებით.
- მარადიული ფასეულობები ახსენეთ... არცთუ დიდი ხნის წინ, რომის პაპმა ფრანცისკმა წმ. პეტრეს მოედანზე განაცხადა: “ჩვენ გვყავს სხვა პლანეტებზე დები და ძმები, მათ ჩქარა შევხვდებით და მშვიდობის ნიშნებს გავცვლით. ეს დღე იქნება საოცარი და გახსოვდეთ, რომ ღმერთი ერთია და ის ყოველ ჩვენგანს ხედავს. ისინი უკვე ელაპარაკნენ ვატიკანის სწავლულ სასულიერო პირებს, მეცნიერებს და შეიძლება ის, რაც ჩვენ სახარებაზევიცით, არასწორი იყოს და გადაიხედოს”. რომის პაპის განცხადებაზე რას იტყვით?
- უცხოპლანეტელ დებსა და ძმებზე, როგორც რომის პაპი ამბობს, ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება სახარებას, მოგახსენებთ, სახარება დარჩება ისეთად, როგორიც არის, არც შეიცვლება და არც - გადაიხედება.
- ამ დღეებში ყველაზე აქტუალური ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო. საზოგადოების პროდასავლური ნაწილის ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ეს კანონი ბუნდოვანია, რადგან მასში ლგბტ-ები ნახსენები არ არის, შესაბამისად, მათი უფლებები გაურკვეველია და მოითხოვს, რომ ეს საკითხი დაკონკრეტდეს. თქვენი პოზიცია როგორია?
- სიყვარულის უფლება ყველას აქვს და სიყვარული უფალია - ასეთია ქრისტიანული პარადიგმა. რა არის სიყვარული და რა არის გარყვნილება? საუბედუროდ და სავალალოდ, დღეს ამ სიტყვების შინაარსი აღრეულია. საკაცობრიო ფასეულობების ფუნდამენტი ირღვევა და კაცობრიობის მტრებს ამ ფუნდამენტის დაშლა უნდათ. რა ფორმით შეიძლება ამას ებრძოლო, “ტაბურეტკით”? - “ტაბურეტკით”, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებ. პრობლემა გლობალურია და ამ თემასთან დაკავშირებით დასავლეთშიც ძალიან დიდი დაპირისპირებაა. ჩემი, როგორც სასულიერო პირის პოზიცია, მარტივია - არ შეიძლება ის დაკანონდეს, რაც საკაცობრიო ღირებულებებს ეწინააღმდეგება! ვფიქრობ, პირველ რიგში, პირადი მაგალითია საჭირო: საჭიროა, რწმენაში გაძლიერება, ჭეშმარიტი ოჯახური ღირებულებების ამაღლება და დაცვა.