სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შეძლებისდაგვარად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა ბოლო დროს მის მიმართ პრეტენზიები მხოლოდ მატულობს. პაციანტები ყველაფერს სასწრაფოს პერსონალს აბრალებენ, ექიმები კი პაციენტების უპასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ფაქტი კი ერთია, ბოლო დროს, სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირებისა და კონკრეტულ მისამართზე მისვლის დრო საკმაოდ გაიზარდა.
აუდიტის სასახურის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, რეაგირების დროის საშუალო მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია: კრიტიკული - 18:49 წუთი, საშუალო - 17:29 წუთი, დაბალი - 20:04 წუთი“. არადა, რეაგირების საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია: კრიტიკული - 8 წუთი, საშუალო - 15 წუთი, დაბალი - 30 წუთი. გარდა ამისა, გამოძახებების 10 000 მეტ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 1 საათით დაიგვიანა, ხოლო 3 000-მე მეტ შემთხვევაში - 2 საათით.
მნიშვნელოვანი პრობლემებია რეგიონებში, სადაც არ არის გადაჭრილი სამედიცინო ბრიგადების ტერიტორიული გადანაწილების საკითხები. თითო ბრიგადაზე დატვირთვის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია.
„მუნიციპალიტეტების დაახლოებით 25%-ში მოსახლეობის რაოდენობა ერთ ბრიგადაზე 200 000-ზე მეტია, რაც ამ ბრიგადების დატვირთვის საგრძნობ ზრდას იწვევს. სხვა შემთხვევაში კი ერთი ბრიგადა გაცილებით ნაკლები რაოდენობის მოსახლეობას ემსახურება“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
რეგიონებში გამოძახებებზე დაგვიანების ან საერთოდ გაუსვლელობის ერთ-ერთი მიზეზი გაუმართავი ავტოპარკია: კარგ მდგომარეობაში 48 მანქანაა, საშუალო მდგომარეობაში - 44, ცუდ მდგომარეობაში - 159, ამორტიზებულია - 32.
დედაქალაქში დღე-ღამის განმავლობაში 1500-დან 2000-მდე გამოძახება ფიქსირდება, რომელსაც მხოლოდ 80 სამედიცინო ბრიგადა ემსახურება. როგორც თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მათგან 70-80% არამიზნობრივია. არის შემთხვევები, როცა ხდება ექიმის დაყოვნება იმ მისამართზე, სადაც პაციეეტებს გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.
„ხანდახან თითო ბრიგადას 24 საათში 30-33 გამოძახებაზე უწევს გასვლა. ისინი, ფაქტობრივად, მუდმივად გზაში არიან - ერთი ბინიდან მეორეში გადაადგილდებიან, ცენტრში მოსვლას ვერასდროს ასწრებენ, იმდენად მაღალია გამოძახებების რაოდენობა“, - აღნიშნეს მათ.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მიზნობრივად მიმართონ სასწრაფო დახმარებას, რათა მნიშვნელოვანი გამოძახებები არ დარჩეს დროული დახმარების გარეშე.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს თბილისში 13 ფილიალი აქვს, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით არის გადანაწილებული და მთელ ქალაქს მოიცავს.
გამოძახებების ერთ-ერთი პიკი წელს, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაფიქსირდა. ამ დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდნენ, თუმცა დაგვიანებები მაინც ხშირი იყო, რის მიზეზადაც ექიმები უმნიშვნელო მიზეზით გამოძახებებს ასახელებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც მაღალპრიორიტეტულ გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდნენ იმის გამო, რომ იძულებულნი იყვნენ, მსუბუქ შემთხვევებზე დაეხარჯათ დიდი დრო.
თითქმის ყველა შენიშვნას ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დამძენს, რომ „სასწრაფო დახმარება თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდოლოგიით იმუშავებს“. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების დაგვიანების პრობლემის მოგავრებაზე მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. განახლდება სასწრაფო დახმარების ავტოპარკი, ხოლო თბილისში სასწრაფო დახმარება თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდოლოგიით იმუშავებს.
„რეალურად მართლაც არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ თუ დინამიკას შევხედავთ, კლებადია. აქ არის ორი ტიპის მიზეზი - თბილისის შემთხვევაში ეს არის საავადმყოფოში მიყვანის გართულებული სქემა, ხოლო რაიონების შემთხვევაში ამორტიზირებული ავტოპარკი. ჩვენ ამ ორივე პრობლემაზე ვმუშაობთ. მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდება, ხოლო თბილისში სასწრაფო დახმარება თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდოლოგიით იმუშავებს“, - განაცხადა სერგეენკომ.