ვის ემუქრება კიტოვანი ცხვირ-პირის დამტვრევით

ვის ემუქრება კიტოვანი ცხვირ-პირის დამტვრევით

კიტოვანზე რამის დაწერა, ალბათ, აქტუალური სულაც არ იქნებოდა, მაგრამ ბატონი თენგიზი დრო და დრო ისეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს ხოლმე, რომ იძულებული ხდები, ყურადღება მიაქციო. რამდენიმე დღის წინ, ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, კიტოვანმა განაცხადა: “ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას არ დავუშვებ! პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის საწინააღმდეგოდ, პარლამენტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!” ასე რომ, 76 წლის კიტოვანი ისევ ომისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, კიტოვანი მარტო არ იომებს და მასთან ერთად იქნებიან უშიშროების გენერალი ზურაბ ბაქრაძე და შს ექსმინისტრი რომან გვენცაძე _ ორიოდ თვის წინ, კიტოვანსა და მის მეგობრებს (ზურაბ ბაქრაძე, რომან გვენცაძე) “სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაცია” შეუქმნიათ, რომლის მიზანიც, თურმე, ქვეყანაში ნეგატიური მოვლენებისა და საფრთხეების თავიდან აცილებაა. მეგობრებს დიდი გეგმები აქვთ და, პირველ რიგში სურთ, ნარკომანიისა და წამლების შემოტანისაგან დაიცვან საქართველო, აგრეთვე, _ ტერორისტული აქტებისაგან.

ერთი სიტყვით, კიტოვანისა და მისი მეგობრების მიზნები დიადი და ნათელია, ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ:

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომელმაც 1992 წელს სამოქალაქო ომი წამოიწყო საქართველოში?

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომელმაც ჯაბასთან ერთად, სამხედრო საბჭო შექმნა?

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც (თავდაცვის მინისტრი), ჯაბა იოსელიანმა სამეგრელო ააწიოკა?

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომლის დროსაც სოხუმი დაეცა?

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომელიც 1995 წელს, ჯაბა იოსელიანთან ერთად, “ბოევიკებით” აფხაზეთში ხელმეორე შევარდნას აპირებდა? (ეს მცდელობა დროულად აღკვეთა ედუარდ შევარდნაძემ და კიტოვანი და იოსელიანი ციხეში გაამწესა).

ეს ის კიტოვანი ხომ არ არის, რომელიც შეწყალების შემდეგ (1999 წელი), რუსეთში გაიქცა, სადაც ძალიან თბილად და დიდი პატივით მიიღეს?

და ამ კიტოვანს ოდესმე დაუსვამს თავის თავისთვის შეკითხვა: რა ვარგე მე ჩემს სამშობლოს? (ის ხომ ძალიან დიდ პოსტებზე გახლდათ და მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, ქვეყანაზე ეზრუნა).

კიტოვანის რომელი “ნაღვაწი” იყო ქვეყნისათვის სასარგებლო? ფაქტები ლაპარაკობენ, რომ არც ერთი, პირიქით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან ბევრი უბედურება დატრიალდა საქართველოში.

 

უბედურებები, რომლებიც კიტოვანმა საქართველოს მოუტანა

 

უბედურება პირველი _ ღალატი: 1991 წლის 24 აგვისტოს, ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. ეროვნულიGგვარდია ორ არათანაბარ ნაწილად (პროსამთავრობო და ანტისამთავრობო) გაიყო და კიტოვანმა მის დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა. იწყება აქტიური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური უთანხმოება მწვავე ფაზაში გადადის და კიტოვანიც ეროვნული გვარდიის პროსამთავრობო ნაწილებთან შეტაკებებს იწყებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ საქმეში კიტოვანს მხარში ამოუდგა ჯაბა იოსელიანი თავისი “მხედრიონით”.

უბედურება მეორე _ რუს ძალოვანებთან შეკვრა: თენგიზ კიტოვანი, თავისი მომხრე გვარდიელებით, სასტუმრო “თბილისში” გამაგრდა და იერიში მიიტანა პარლამენტზე, სადაც გამსახურდია და მისი მთავრობა იმყოფებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გამსახურდიას მთავრობის ჩამოგდებაში კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით ეხმარებოდა.

უბედურება მესამე _ ქართველი ქართველს კლავს: თბილისის ომი, ანუ ომი რუსთაველზე 1991 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 1992 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა _ 6 იანვარს გამსახურდიას მთავრობა ჩამოგდებულ იქნა. ზვიად გამსახურდიამ და მისმა გარემოცვამ საქართველო დატოვეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანი დაიღუპა (არაოფიციალურად მეტი). პირველი სისხლი, რომელიც “დიდმა ქართველმა” კიტოვანმა (მეგობრებიც ჰყავდა ამ საქმეში და მათი სახელებიც ვიცით) დაღვარა, ქართველის იყო.

უბედურება მესამე _ სამხედრო საბჭო: გადატრიალების შემდეგ, “სამოქალაქო ომის მუშკეტერებმა” _ კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა “საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო” ჩამოაყალიბეს და გამოსცეს დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდა სსრ (საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის) სამართალმემკვიდრედ. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრალი დაედო ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში.

უბედურება მეოთხე _ რუსული ძალოვანები თავად აცხადებენ, რომ კიტოვანს დაეხმარნენ: 1992 წლის 15 დეკემბერს, რუსულმა გაზეთმა _ “მოსკოვსკიე ნოვოსტი გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმადაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილ ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლკოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰყავდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის (კიტოვანი და იოსელიანი) დასახმარებლად. გაზეთის მტკიცებით, რუსეთის ძალოვანების დახმარების გარეშე “გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა”. გაზეთი, ასევე, ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას დაეხმარა რუსული სპეცნაწილიც 1991 წლის 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში (თავად ბეპაევმა განაცხადა რუსულ არხებზე და თავი მოიწონა, რომ სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში დაეხმარა კიტოვანს).

უბედურება მეხუთე _ აფხაზეთის ომი: 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზმა სეპარატისტებმა მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუცია შეჩერებულ იქნა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაიწყო იურიდიული ომი, რომელიც მალე შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დროისთვის კიტოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრია (1992-1993 წლები).

1992 წლის 14 აგვისტოს, კომუნიკაციების (რკინიგზა) დაცვის მიზნით, აფხაზეთისკენ საქართველოს შინაგანი ჯარები დაიძრა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძეა. გვენცაძე და კიტოვანი ჯერ კიდევ გამსახურდიას ჩამოგდების დროს იყვნენ “ჩამეგობრებულნი” და მათი მეგობრობა დღემდე (“სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაცია” შექმნეს ზურაბ ბაქრაძესთან ერთად) გრძელდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, კიტოვანი თავისი გვარდიით მხარში ამოუდგა გვენცაძეს და აფხაზეთისკენ დაიძრნენ.

აფხაზეთის ომი 13 თვე გრძელდებოდა. როგორი იყო ეს ომი და როგორ დამთავრდა, ვიცით.

ამ ომში დაიღუპა 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, 250 000-ზე მეტი ადამიანი კი, აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. საინტერესოა, ბატონი კიტოვანი თავის მეგობარ გვენცაძესთან ერთად, რამე პასუხისმგებლობას გრძნობს ამ ფაქტზე?! ცხადია, _ არა, რადგან ადექვატური ადამიანი, თუ არ შეძრწუნდებოდა, შეწუხდებოდა მაინც, მაგრამ კიტოვანი და ადექვატური საქციელი ერთმანეთს გამორიცხავს.

უბედურება მეექვსე _ არაადექვატურობა: შევარდნაძეს ციხეში რომ არ ჩაესვა, კიტოვანი კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანდა საქართველოს, მაგრამ არ დასცალდა. 1999 წლიდან კიტოვანი მოსკოვში გადავიდა და, დრო და დრო, იქიდან გვეხმიანებოდა. ინტერვიუებს აძლევდა რუსულ პრესას და ისეთ “უცნაურობებს” ლაპარაკობდა, ისეთ არაადექვატურ ბოდვებს ავრცელებდა, რომ ქართველი ჟურნალისტები იძულებული ვიყავით, დავკავშირებოდით და გაგვეგო, რა უნდოდა. ასე იქცა კიტოვანი აქტუალური ქართულ პრესაში და გარკვეული დროის შემდეგ, ჩამობრძანდა კიდეც ჩვენს გასაოცებლად.

 

რითი გვაოცებს კიტოვანი

პირველი, რაც ძალიან თვალში საცემია, ისაა, რომ თენგიზ კიტოვანს _ არც მეტი, არც ნაკლები _ უნდა, გმირად გამოჩნდეს ქართველი ხალხის წინაშე. ასახელებს საქართველოს მტრებს, რომელთაც დაღუპეს ქვეყანა, რომელთა გამოც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები 1992-1993 წლებში (თავისი თავი მხედველობაში არ ჰყავს) და 2008 წელს.

თვლის, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული სულისკვეთების იყო და თავისი ცხოვრებით დაიმსახურა მარადიული სავანე მთაწმინდაზე. დარწმუნებულია, რომ ზვიადი მოკლეს და მისი მკვლელი კვირაიაა, რომელმაც რუსი ქილერი დაიქირავა.

ახლა, 75 წლის ასაკში სურს, შევარდეს პარლამენტში და ცხვირ-პირი დაუმტვრიოს იმათ, ვისაც გარყვნილების შემოტანა უნდათ საქართველოში. ასეთები კი, ცოლ-ქმარი დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი ყოფილა.

ერთი სიტყვით, ბევრს ლაპარაკობს ბატონი თენგიზი, ფიქრობს და ოცნებობს კიდეც. “ჩემი ფიქრები, ოცნებები და იმედები დაკავშირებულია დაკარგულ ტერიტორიებთან და ღმერთს ვეხვეწები, იმდენ ხანს მაცოცხლოს, სანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს არ დაუბრუნდება”, _ ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კიტოვანი.

ჰო, მაგრამ, ბატონო თენგიზ, აი, მაშინ, ომი რომ ატეხეთ თბილისში, უბანი-უბანს რომ ეომებოდა, ბეპაევი რომ გეხმარებოდათ პარლამენტის იერიშისთვის, მიტინგები რომ იხვრიტებოდა თბილისში, სამეგრელოს რომ შეესია “მხედრიონი”, ომი რომ დაიწყეთ აფხაზეთში, რომლის ფინალიც კარგად იცოდით, რაზე ფიქრობდით?!

თუ ასეთ შეკითხვას დაუსვამთ კიტოვანს, გიპასუხებთ, მე არაფერ შუაში ვარ, ჩემი ბრალი არ იყოო და დაიწყებს დამნაშავეების ჩამოთვლას. აი, ამას რუსების აგენტობა აღარ ჰქვია (როგორც მოიხსენიებენ ხოლმე კიტოვანს), არამედ, _ არაადექვატურობა! სწორედ ესაა უბედურება, რომ ასეთი არაადექვატურები მრავლად გვყვანან.

 

P.S. თურმე, ბატონმა თენგიზმა, მას შემდეგ, რაც დიდი პოლიტიკა დატოვა, მოსკოვში თავისასნავნოიპროფესიას დაუბრუნდა და ხატავს. როგორც თავად ამბობს: “ვხატავ, რასაც სული მთხოვს და არა _ ლენინებს, როგორც კომუნისტების დროს. ჩემს ერთ-ერთ სურათს კი, “გზა ზეციურ სამეფოშიჰქვია.

ბატონი თენგიზის ერთადერთი სურათი, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, სისხლით მოხატული საქართველოა.