NDI-ს კვლევის უცნაური ასპექტები

NDI-ს კვლევის უცნაური ასპექტები

უმრავლესობას მოსწონს დავით ნარმანია, პირველი არჩევანის შემთხვევაში, სწორედ, მას დაუჭერდნენ მხარს, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალურ მოძრაობა“ სახელდება, მატულობს ოპოზიციის წარმომადგენელთა მოწონების რეიტინგი და იკლებს ხელისუფალთა მოწონების მაჩვენებელი - ეს ზოგადი ინფორმაციაა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევიდან. კვლევა 26 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და მისი მიზანი საზოგადოების პოლიტიკური განწყობის შესწავლა იყო.

NDI-ს კვლევებში გამოვლენილ ტენდენციებზე For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ბატონო ვახტანგ, მერობის კანდიდატების მოწონების რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზე 38%-ით არის ნარმანია, მეორე ადგილს იკავებს გია გაჩეჩილაძე, იგი 26%- მოსწონს, კახა კუკავას მოწონების რეიტინგი - 24%-ია, ნიკა მელიასი კი- 17%. როგორ შეაფასებდით სოციოლოგიური კვლევის ამგვარ შედეგს?

- მოულოდნელი არ ყოფილა ნარმანიას მიერ 38%-ის მიღება. საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო, ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მას კარგი სასტარტო პოზიცია აქვს და მოლოდინების მიუხედავად, არჩევნების მეორე ტური არ იქნება. მოულოდნელი იყო გია გაჩეჩილაძის რეიტინგი, სასიამოვნოა, რომ მისი მოწონების რეიტინგი მაღალია. ვისურვებდი, რომ ისეთი ფიგურა, როგორიც არის გია გაჩეჩილაძე, წამყვან პოზიციებზე ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ „მწვანეთა პარტიიდან“ არის, არამედ წმინდა პიროვნული თვალთახედვით. ძალიან მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

NDI- კვლევა 26 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე კი კვლევის დაწყების შემდეგ, 4 აპრილს დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატად.

- კვლევის დაწყებამდე რადგან არ იყო დასახელებული, გასაგებია, რომ რეიტინგებშიც ვერ მოხვდებოდა, მით უფრო რომ, ლორთქიფანიძის დასახელება მერობის კანდიდატად მოულოდნელი იყო.

კვლევის თანახმად, პირველი არჩევანის შემთხვევაში ნარმანიას 39% აძლევს ხმას, 20% არ პასუხობს კითხვას, 10%-იანი რეიტინგი აქვს ნიკა მელიას, 4% ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ისევე, როგორცლეიბორისტებს“. ეს მაჩვენებლები რამდენად ლოგიკურია?

- აქ ცოტა უცნაური ის არის, რომ მოწონების მაღლი რეიტინგის მქონე გაჩეჩილაძე საერთოდ ვერ მოხვდა ჩამონათვალში. თუ ამდენს მოსწონს, ხმას რატომ არ აძლევენ, ცოტა გაუგებარია. ერთადერთი რაც შეიძლება ვივარაუდოთ - მას ვისაც გაჩეჩილაძე მოსწონს, მოსწონს ნარმანიაც და ხმას მას აძლევს. ისე კი, ვიმეორებ, კვლევის ეს შედეგი ცოტა უცნაურია.

ვუსმინე NDI-ს ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებებს. ვარაუდობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, იქნება მეორე ტურები, მაგრამ მეეჭვება ეს ყველაფერი. მე არ ველოდები სიურპრიზებს. კვლევა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეა ჩატარებული და როცა ამხელა სხვაობაა რეიტინგებში პირველ და შემდეგ ადგილზე მყოფ კანდიდატებს შორის, მეორე ტურზე საუბარი უადგილოდ ჩანს. შესაძლოა, რეიტინგებში კორექტირება მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ გამარჯვებული მაინც პირველივე ტურში გამოვლინდება.

კვლევის დროს კითხვები პარტიების რეიტინგზეც დაისვა. პირველ ადგილზექართული ოცნებადა მას კვლევაში მონაწილე ამომრჩეველთა 48% აძლევს ხმას. 19% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას, 12% „ნაციონალურ მოძრაობასირჩევს, 4% - ქრისტიან-დემოკრატებს და ასევე 4% „ლეიბორისტებსემხრობა. გამოდის, მმართველი პარტიის რეიტინგი მის მიერ დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატის რეიტინგს 10%-ით აჭარბებს. რით აიხსნება ეს მაჩვენებელი?

- ნარმანია დამოუკიდებელ ფიგურად არ განიხილება, ამომრჩევლის თვალში იგი, პრაქტიკულად, არის „ქართული ოცნება“. როდესაც ვამბობ, რომ დღევანდელი 39%-იანი რეიტინგით იგი პირველ ტურშივე გაიმარჯვებს, სწორედ, ამას ვგულისხმობ. რადგან „ქართულ ოცნებას“ 48% უჭერს მხარს, პარტიამ და ნარმანიამ უნდა შეძლონ ერთმანეთთან იდენტიფიკაცია. ანუ ამომრჩეველთა 48%-მა ცალსახად უნდა დაადასტუროს, რომ ნარმანია არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ამ შემთხვევაში კი არსებობს გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ თბილისს პირწმინდად მოიგებს.

ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია“ - ამ პოლიტიკურ ნომინაციაში 51%-ით ლიდერობსნაციონალური მოძრაობა“, 8% ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს, 4% - „ლეიბორისტებს“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომქართული ოცნებისპირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, მეორე ადგილს, წინა არჩევნების მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობადაიკავებს?

- გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო შეთანხმება და ვერ გაერთიანდა, დიდია ალბათობა, რომ არა მხოლოდ თბილისში, ქვეყნის მასშტაბითაც, მეორე ადგილზე, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდეს. ოპოზიციას რომ კონსოლიდაცია მოეხერხებინა, შედეგი, შესაძლოა, სხვაგვარი ყოფილიყო და ეს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი.

მარტ-აპრილის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ მოწონების რეიტინგში ხელისუფლების წარმომადგენლების მაჩვენებლები გაუარესდა, ოპოზიციის წარმომადგენლების კი პირიქით - გაიზარდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არჩევნებში ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგები დღევანდელ რეიტინგებზე მეტი იქნება?

­- „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება ბუნებრივი პროცესია. ხელისუფლებაში მაღალი რეიტინგით მოსული პოლიტიკური ძალა პროცენტებს ნელ-ნელა დაკარგავს. მაგრამ, რეიტინგის კლება ამ არჩევნებში ხელისუფლებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებენ და გაიმარჯვებენ 50+1 ხმით - ყველა რაიონში. მაგრამ, თუ ხელისუფლებამ მომავალი წლების განმავლობაში საქმიანობა კარდინალურად არ შეცვალა, რეიტინგის ვარდნის პროცესი უფრო დინამიური გახდება. გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, „ქართული ოცნების“ მიმართ გულგატეხილობა და იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ ხალხი ჯერჯერობით იქამდე არ არის მისული, რომ არჩევანი გააკეთონ - შესაძლოა, გულაცრუებულები არიან „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ჯერ სრულად არ გადანაწილებულან ოპოზიციურ პარტიებზე - ძალიან მცირე ნაწილმა გადაინაცვლა. ისინი არ წავლენ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, მაგრამ არც დაქსაქსული ოპოზიციისკენ წავლენ, არასაპარლამენტო ოპოზიციას რომ მოეხერხებინა გაერთიანება, ეს ადამიანები, შესაძლოა, მათთან წასულიყვნენ. ამიტომ, არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გაჩნდეს მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, მაგრამ ეს ალბათ, უფრო 2016 წლისთვის გახდება აქტუალური.

წინაასაარჩევნო პოლიტიკურ კვლევაში ასევე მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია. NDI- კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 60% წავიდოდა არჩევნებზე, 40% კი არ წავიდოდა. თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც საკმაოდ ბევრი სუბიექტი მონაწილეობს, საკმარისია 60%-იანი აქტივობა?

- ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი პროცენტია. სწორედ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რაოდენობას მოჰყავს ამდენი ამომრჩეველი, თორემ, გაცილებით მცირე იქნებოდა ეს რიცხვი. არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე 60%-იანი მაჩვენებლი ნიშნავს, რომ არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ საარჩევნო კამპანიის გააქტიურების შედეგად ეს მაჩვენებელი არჩევნებისთვის 70%-მდე გაიზრდება. მოხარული ვიქნები, თუ არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი მოვა.