,,როგორც კი ამას ვიტყვი, იტყვიან, ნაციონალების კაციაო’‘

,,როგორც კი ამას ვიტყვი, იტყვიან, ნაციონალების კაციაო’‘

ამბობს, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ბატალიები მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, სასულიერო პირების მიერ დაანონსებულ მასშტაბურ არეულობას კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. იმის თქმაც არ უჭირს, რომ პატრიარქის განცხადების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, საამაყო ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო კამპანიასა და მიმდინარე პროცესებს ,,ვერსიასთან’‘ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აფასებს. 
  
                
- საპრეზიდენტოსთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ასე ფიქრობენ როგორც საარჩევნო, ისე დარღვევების პრევენციისთვის შექმნილ კომისიაშიც. ბუნებრივია, პოლიტიკური საარჩევნო ბატალიები გველის, მაგრამ ჯამში, შედარებით მშვიდ არჩევნებს ველოდებით. ხელისუფლებას გამარჯვებისთვის საკმარისი რესურსი აქვს არა იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ პარტიას სჯობს, უბრალოდ, ქვეყანაში მეორე და მესამე ძლიერი პოლიტიკური ძალა ვერ გამოიკვეთა. ნაციონალური მოძრაობა და დაქსაქსული არასაპარლამენტო ოპოზიცია სახელისუფლო კოალიციას კონკურენციას ვერ გაუწევს.        
                

- საარჩევნო კოდექსში არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნები რომ დაკმაყოფილებულიყო და წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური ძალა თანაბარ პირობებში ყოფილიყო, კონკურენციას მაშინაც ვერ გაგიწევდნენ?                       
- კახა კუკავა თუ ნინო ბურჯანაძესთან ვერ მივიდა, ამაში ჩვენ რა წვლილი მიგვიძღვის? პროცესებს უფრო საქმიანად უნდა მიუდგნენ და ბრალდებები ნაკლებად გააჟღერონ... ჩვენ როგორ უნდა დავხმარებოდით? ბუნებრივია, არ გვინდა, არჩევნებში მოგვიგონ, ამიტომ მათ ნაცვლად ჩვენ ვერ ვიმუშავებთ.      
                 

- საარჩევნო პროგნოზი როგორია, პირველ მეორე ადგილს ისევ ,,ქართული ოცნება’‘ და ნაციონალური მოძრაობა ინაწილებენ?                        
- თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას ჩააჩოჩებს, არ მეწყინება, მაგრამ ჩანს, რომ ამას ვერ მოახერხებენ.    
                       

- ოპოზიციაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლებისთვის ახლა, მგონი, სასულიერო პირები წარმოადგენენ. ანტიდისკრიმინაციული კანონი პატრიარქმა უკანონობის დაკანონებად, ცოდვად შეაფასა და მიანიშნა, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მომავალში ინანებს.                     
- სასულიერო პირები საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ... უკაცრავად, მაგრამ ყველას საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს. ისეთი საშიშებიც არ არიან, როგორც წარმოაჩენენ. პარლამენტმა ყველა პროცედურის დაცვით, საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღო. ბუნებრივია, ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციები განსხვავდება, მაგრამ მთავარი უნდა გვესმოდეს - საქართველო დანარჩენ მსოფლიოს უცხადებს, რომ ჩვენთან ადამიანების დისკრიმინაცია არ მოხდება და ვიზების ლიბერალიზაციასაც ვიმსახურებთ. იმ ქვეყნიდან, სადაც ადამიანებს ნებისმიერი ნიშნით დევნიან, ხალხი გარბის, ეს რთული გასაგები არ უნდა იყოს, პარლამენტს ამის ფასი ბევრი არაფერი გაუკეთებია და მეამაყება, რომ ზეწოლის მიუხედავად, ეს კანონი მივიღეთ. სამარცხვინოა, როცა ვიღაც მეორე ადამიანის დისკრიმინაციას ითხოვს.  
                   

- საპატრიარქოს პოზიციაა სამარცხვინო?                   
- როგორ გეკადრებათ, ამას რატომ ვიტყვი... სამარცხვინოა, როცა ადამიანები თანამოქალაქის დისკრიმინაციას ითხოვენ და ამ ადამიანებს ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. საპატრიარქოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ეკლესიის გარდა, სხვა ცხოვრებაც არსებობს. ეს კანონი სახელმწიფოს სჭირდება, ეკლესიას კი ადამიანებზე საკუთარი წარმოდგენა აქვს და ჩვენ შორისაც სწორედ ეს განსხვავებაა. რაც შეეხება მუქარას, ეკლესია ასეთი ენით არ უნდა საუბრობდეს. პირადად მე, პატრიარქის უფრო მჯერა, რომელიც არ გვემუქრება, ვიდრე იმ მღვდლებისა, რომლებიც კუნთებზე იყურებიან. მღვდლის ამოცანაა, ყველა უყვარდეს და, თუ რამე შეგვეშალა, მით უმეტეს, უფრო მეტად უნდა შეგვიყვარონ, რადგან ქრისტეს ყველაზე მეტად შემცოდებელი და დამნაშავე შვილი უყვარს.                       
- სასულიერო პირები არეულობით იმუქრებიან და 17 მაისამდეც რამდენიმე დღე რჩება. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს?                                
- მასშტაბურ აქციას არ ველი და საქართველო 17 მაისსაც გადაიტანს. თანაც ტყუილი საუბარია, ეს კანონი მიღებულია! ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ არ მიგვეღო, რუსეთის სიხარული და არეულობა მაშინ გენახათ! თუ ვინმეს ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა უნდა, სახელმწიფო ინტერესების დამცველად ვერ ჩაითვლება... თანაც არ მჯერა, რომ რომელიმე დაჯგუფებას საქართველოს არევა მარტივად შეუძლია, მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც პარლამენტის გადაწყვეტილება არ მოეწონა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ გვაქვს! მშვიდობიანი გამოსვლები კი ალბათ იქნება, რაც მათი უფლებაა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები როცა გაუხარდებათ, მაშინ ჩაატარონ.   
                            

- ისე, სასულიერო პირებმა არაერთხელ შეგახსენეს, რომ ,,ქართული ოცნება’‘ ეკლესიასთან ვალშია და მათ გარეშე არჩევნებში გამარჯვებასაც ვერ მოახერხებდით.                       
- არავის, მათ შორის, არც ეკლესიის ვალი არ გვაქვს და არ ვიცი, რაშია საქმე. საპატრიარქოს არასოდეს დავამადლით, რომ ბიუჯეტიდან ფულს ვაძლევთ, მაგრამ მასთან ვალში ნამდვილად არ ვართ, რადგან ეკლესიამ კი არა, ამომრჩეველმა აგვირჩია და, თუ მომავალში ასარჩევი არ ვიქნებით, ამას მხოლოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს. ეკლესიას არჩევნების არც წაგება შეუძლია და არც მოგება, რადგან სახელმწიფოსგან გამოყოფილია. არჩევნებს პოლიტიკური პარტიები იგებენ. ზოგ მწერალს ჰგონია, წიგნს დაწერს და ხალხს გამოაცოცხლებს. არადა, ზოგი წიგნი, ორი ათასი წელია გვეუბნება, ცუდი საქმე არ აკეთოთო და მაინც ვაკეთებთ. ვიმეორებ, ზოგს თავის თავზე, ორგანიზაციასა თუ რელიგიაზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, მაგრამ პოლიტიკა მხოლოდ რეალობის ხელოვნებაა. ეკლესია არჩევნებში არასოდეს მონაწილეობს ისე, როგორც ვიღაც ახლა გვიხატავს. თქვენი ჭირიმე! კარგად ვიცით, ვინც ამომრჩეველსა და პოლიტიკოსს შორის ჩადგა, ყველამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. თანაც ეკლესიის ამოცანა პოლიტიკა არ არის, მათ ეს საერთოდ აკრძალული აქვთ და დანაშაულია, რასაც აკეთებენ, მაგრამ რა მოხდა მერე, თუ ერთი- ორი გაურკვეველი ადამიანი შეცდება?! ანაფორა ინდულგენცია არ არის. რადგან ანაფორა ჩაიცვა, არ უნდა შეეშალოს? ერთი ალილო მღვდელსაც შეეშლებაო, უთქვამთ ქართველებს. 
                            

- და ეს მხოლოდ შეცდომაა თუ მიზანმიმართული კამპანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ?                
- დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ეშლება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ევრაზიული კავშირი, რა თქმა უნდა, რუსეთიდან იმართება. ზოგი შემცდარია, ზოგიც აგენტია, ზოგსაც ფულს უხდიან, მაგრამ ვინც იტყვის, რომ ქვეყანას სინამდვილეში სასულიერო პირები მართავენ და არა პოლიტიკოსები, არჩევნების შედეგებს შეხედოს. ვინც ამბობს, რომ მამათმავალი უნდა ვცემოთ, ბნელია და მასში ნათელი უნდა შევიტანოთ. ამას იწილო- ბიწილო არ სჭირდება, მსგავსი საუბრები 21-ე საუკუნეში სამარცხვინო და თავის მოჭრაა, მებრძოლი გაუნათლებლობა და სიბნელის ქადაგებაა! კარგი იქნება, თუ ასეთი პოზიციის ადამიანებს განათლებას მივუსჯით და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვაშორებთ. სხვათა შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საპატრიაქროსთან მუდმივი თანამშრომლობით დაიწერა. მიხეილ სააკაშვილმა, ორი წლის წინ ამ კანონის მიღება ვერ შეძლო, რადგან მხდალი იყო და შეეშინდა. ჩვენ კი არჩევნებამდე ეს ნაბიჯი გადავდგით. ამის გამო თუ ამომრჩეველი ხმას არ მოგვცემს, კი ბატონო, რა პრობლემაა.      
              

- სანამ პარლამენტი დისკრიმინაციას ებრძვის, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქუჩურ გარჩევებში რომ გადაიზარდა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის?               
- მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და საქმეც ნაწილობრივ კი არა, სრულად უნდა გაიხსნას. ძველი საქმეებიც სრულად გასახსნელია და მიდგომა _ სანამ ერეკლე კოდუა ციხეში ჩაჯდება, მისი ძმა უნდა იცემოს, თუნდაც სამართლიანად, აბსოლუტურად დაუშვებელია. ადამინის სიმართლე მხოლოდ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ლინჩის წესი და მეუღლეების ტრაბახი _ ჩემი მეუღლე ვაჟკაცია და ამიტომ სცემაო, სამარცხვინოა და გაუნათლებლობაზე მიანიშნებს. სამართლიანობის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია. ახლა სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს და ქუჩაში ცემა- ტყეპა დასრულდეს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ყველა ძველ საქმეს გამოიძიებენ. სანამ კობა დავითაშვილის ცემაში დამნაშავე პირები არხეინად არიან, დეპუტატის ცემა დედამიწის ზურგზე არავის შეაწუხებს. ნუგზარ წიკლაურს უნდა სცოდნოდა, რომ, როცა კობა დავითაშვილის ცემას მხარს უჭერდა, ერთ მშვენიერ დღეს, მასაც მიადგებოდნენ და ცხვირ-პირს დაუნაყავდნენ.    
                

- ამიტომაც გეკითხებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რატომ გაჭიანურდა პროცესი და ძველი საქმეებიდან ერთის გამოძიებაც კი არ დასრულდა?                   
- სამართლიანობის აღდგენას ასი-ორასი წელი სჭირდება. საქართველოში საუკუნეებია კანონი ირღვევა და ერთ წელიწადში რა უნდა აღდგენილიყო? ან რომელი სამართალი უნდა აღდგეს, კომუნისტებისა თუ ნაციონალური მოძრაობისდროინდელი? სამართლიანობა ანტიდისკრიმინაციული, ასევე მოსმენების შესახებ და სხვა მსგავსი კანონების მიღებით უნდა დამკვიდრდეს. მოქალაქე ნაწყენია, კოდუამ ფული წამართვაო, მაგრამ იმავე მოქალაქემ ფული როგორ იშოვა, ხომ უნდა დავინტერესდეთ? ზოგადად, აუცილებლად დაისმის კითხვა, ვინ იშოვა ამ ქვეყანაში ფული და ეს პროცესი არასოდეს დასრულდება. ნინო ბურჯანაძე რომ ამბობს, მდიდარი ვიყავიო, რატომ იყო მისი რაიკომის მდივანი მამა მდიდარი? იმიტომ რომ იპარავდა. სხვა პასუხი არ არსებობს. სამართლიანი იყო, რომ იპარავდა? სამართლიანობას ბოლომდე ვერავინ აღადგენს! ისე, სამართლიანობა ყველაზე მძიმე სიტყვაა, რომლითაც დედამიწაზე ყველაზე დიდი დანაშაულები ჩაიდინეს, ამიტომ მას მაინცდამაინც ნუ ჩავეჭიდებით.    
                               

- ამ სიტყვას წინასაარჩევნოდ თქვენი გუნდი თავად ჩაეჭიდა, როცა სამართლიანობის აღდგენა მთავარ დაპირებად დაასახელა.                  
- პირადად ლევან ბერძნიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს. საზოგადოების ნაწილი ითხოვს, ნაციონალები დაჩაგრეთ და მათთვის სამართლიანები ნუ იქნებითო. ერთ ნაწილს აწყენინო და მეორეს არა, ასე არ გამოვა, რადგან სამართლიანობა და კანონი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს. როგორც კი ამას ვამბობ, ამბობენ ნაციონალების კაციაო, ამიტომ საქართველოში პოლიტიკოსების არავის შეშურდეს. საქართველოში დემოკრატია რამდენიმე წელიწადში აშენდება. ერთ წელიწადში ვერც ევროპული ქვეყანა გავხდებით და თუ ვინმე გეტყვით, რომ გაისად ევროკავშირში შევალთ, არ დაუჯეროთ, ხალხო! ანტიდისკრმინაციული კანონის მიღებითაც იმის თქმა გვსურს, რომ ამ კანონის დონის ხალხი კი არ ვართ, გვინდა, ასეთები ვიყოთ და იდეალებს შევხვდეთ.