ერთსაათიანი ბიუსტი გორის ცენტრში

ერთსაათიანი ბიუსტი გორის ცენტრში

9 მაისს, დაახლოებით 3 საათისთვის, რამდენიმე ახალგაზრდამ გორის ცენტრში სტალინის ბიუსტი მიიტანა და იმ ადგილას დადგა, სადაც 2010 წლის ივნისამდე საბჭოთა ბელადის მონუმენტი იდგა. თაბაშირისგან ჩამოსხმული დაახლოებით 50- სანტიმეტრიანი ბიუსტი ოქროსფრად იყო შეღებილი. ფანერისგან იყო  დამზადებული  დაახლოებით ერთმეტრიანი სადგამი, წინა მხარეს საბჭოთა კავშირის გერბით, გვერდებზე კი ვარდების  გამოსახულებით. ბიუსტის წინ ახალგაზრდებმა წითელი ვარდები დააწყვეს და გაუჩინარდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები იყვნენ და გორში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით იყვნენ ჩამოსულები.   
 
ბიუსტის თვითნებური დადგმა მიუღებელი აღმოჩნდა კომუნისტური პარტიის ლიდერის, ალეკო ლურსმანაშვილისთვის, რომელიც ქალაქის ცენტრში ჟურნალისტებთან მივიდა და ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა. მისი აზრით, სტალინის პიროვნება არ იმსახურებს ქურდულად ბიუსტების დადგმას და მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლების ქარტია არ მოსწონს,  კანონს პატივი ყველამ უნდა სცეს. ლურსმანაშვილის აზრით, თუ ბიუსტი ქალაქის ცენტრში დიდხანს დარჩებოდა, ანტისტალინელები მას საღებავს შეასხამდნენ და დაამტვრევდნენ. სწორედ ამიტომ მიიჩნია კომუნისტების ლიდერმა ბიუსტის დადგმა პროვოკაციად.

მაშინ, როცა ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები ბიუსტს დგამდნენ, ხელისუფლებიდან მათთან არავინ გამოსულა. არადა, მათ თვალწინ ირღვეოდა კანონი: თავისუფლების ქარტიის მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის განთავსება აკრძალულია, საბჭოთა დიქტატორის ბიუსტი კი ისე დადგეს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ბიუსტი ქალაქის ცენტრში დაახლოებით ერთ საათს იდგა. მოგვიანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებით, სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სტალინის ბიუსტი მოხსნეს და ადმინისტრაციულ შენობაში შეიტანეს. ადგილზე გორის გამგებელი პაპუნა კობერიძეც გამოჩნდა, რომელმაც ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება შესაბამისი იყო. 
 
ქუჩაში გამვლელები სტალინის ბიუსტთან ჩერდებოდნენ და ფოტოებს იღებდნენ. გორელების აზრი საბჭოთა ბელადის მონუმენტის შესახებ ისევ სხვადასხვაგვარია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლი ქალაქის ცენტრში უნდა იდგეს, მეორე ნაწილი კი მის ადგილს მუზეუმში ხედავს.
 
ადგილობრივი კომუნისტები ისევ ითხოვენ 2010 წელს ქალაქის ცენტრიდან აღებული სტალინის მონუმენტის სტალინის სახლ-მუზეუმის წინ დადგმას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვარცხლბეკის აღმართვის შემდეგ სამუშაოები გაურკვეველი დროით შეაჩერა.