რომელია თურქების მიერ მიტაცებული ქართველთა მიწა-წყლები

რომელია თურქების მიერ მიტაცებული ქართველთა მიწა-წყლები

აკადემიკოსი სერგი ჯიქია. 1946 წ. (სტილი დაცულია)

თურქთა მომთაბარე ტომი, ისტორიაში ცნობილი ოსმალო თურქთა სახელწოდებით, აღმოსავლეთიდან მოვიდა და შეცვალა სელჯუკი თურქები, რომელნიც თავის მხრივ პირველად XI საუკუნეში გამოჩნდნენ მცირე აზიაში. ეს ტომი საქართველოში შემოჭრას იწყებს XV საუკუნიდან. 

საქართველოს მაშინ კიდევ ვერ მოესწრო წელში გამართულიყო მონღოლების გამანადგურებელ შემოსევათა შემდეგ და დასუსტებული იყო შინაგანი პოლიტიკური არეულობის გამო. ამიტომ ხანგრძლივი და სისხლის მღვრელი ომების შედეგად ოსმალო თურქებმა შეძლეს თავიანთი ჭარბი ძალებით XVI საუკუნის მეორე ნახევარში ხელში ჩაეგდოთ სამხრეთი საქართველო და იქ დაპყრობილი ქვეყნის მმართველობის მკაცრი რეჟიმი დაამყარეს.

საქართველოს ამ ნაწილის ხელში ჩაგდების მომენტიდან თურქები შეუდგნენ ქართველთა მთელი ეროვნული ყოფის მეთოდურად აღმოფხვრას მოსახლეობის გათურქებისა და ქრისტიანული კულტურის მოწინავე ქვეყანაში ისლამის რელიგიის ძალდატანებით დანერგვის გზით. თურქები ნახევრად ველურ მომთაბარეთა მორალით ხელმძღვანელობდნენ და თავიანთ განზრახვათა განსახორციელებლად არავითარ საშუალებას არ ერიდებოდნენ. თუ რამდენად მკაცრი იყო ეს ღონისძიებანი, ამაზე შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ იმის მიხედვით, რომ საქართველოს დაპყრობილი ოლქების მრავალი მცხოვრები, მშობლიურ წრეს მოწყვეტილი, მასობრივად გარბოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რათა "თავი ეხსნათ თურქების მიერ ფანატიკური დევნისაგან" (დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, გვ. 119) და შეძლებისდაგვარად გადაერჩინათ თავიანთი კულტურის ძეგლები (ხელნაწერები, ხელოვნების საგნები და სხვ.). ცნობილია, მაგალითად, რომ სამცხის ზარზმის მონასტრიდან პატრიოტთა ჯგუფმა თავისი მშობლიური მხარე მიატოვა, თან წაიღო ეროვნული კულტურის ძეგლები და თავშესაფარი პოვა გურიაში, შემოქმედის მონასტერში (დიმიტრი ბაქრაძე, იქვე).

ამ მკაცრ პოლიტიკას, რომელსაც ოსმალო ხელისუფალნი მხარის გასათურქებლად და გასამაჰმადიანებლად ახორციელებდნენ, მოწმობს ის უცილობელი მონაცემებიც, რომლებსაც შეიცავს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული "საქართველოს ვილაიეთის ვრცელი დავთარი". ეს ოფიციალური თურქული დოკუმენტი თურქ ხელისუფალთა წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი საქართველოს ახალდაპყრობილი ნაწილისათვის და ამიტომ წარმოადგენს ობიექტურ წყაროს, საიდანაც შეიძლება ამოღებულ იქნას თურქეთის პოლიტიკის დამახასიათებელი მასალები; დასახლებული პუნქტების ჩამოთვლასთან ერთად იგი შეიცავს აგრეთვე იმ სოფლების გრძელ სიებს, რომლებიც შიშით შეპყრობილ ქართველ მოსახლეობას მიუტოვებია. ეჭვგარეშეა, რომ ეს, "დავთრის" მიხედვით "მოსახლეობისგან თავისუფალი სოფლები" იმ ქართველ პატრიოტთა საცხოვრებელი ადგილები იყო, რომლებმაც, ამაყობდნენ რა თავიანთი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ნახევრად ველურ მომთაბარეებს თავი აბუჩად არ ააგდებინეს. მიუხედავად უდიდესი მატერიალური და მორალური მსხვერპლისა, თავიანთი მშობლიური ადგილები დატოვეს და საქართველოს სხვადასხვა რაიონში გადასახლდნენ. ამ გადასახლების მასშტაბს თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ "მცხოვრებთაგან თავისუფალი სოფლების" რიცხვი საქართველოს მარტო იმ ნაწილში, რომელიც "დავთარშია" შეტანილი, 300-ს აღწევს!

იმ ძალადობას, რასაც თურქები დაპყრობილ მხარეში ჩადიოდნენ, აღნიშნავს XVIII საუკუნის ცნობილი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონიც, როცა ამბობს, რომ დაპყრობილი მხარის წარჩინებულ ქართველთა წოდება თურქულ ენაზე გადავიდა, "დამჭირნეობისათვის ოსმალთა" (იხ. ვახუშტი, "აღწერა სამეფოსა საქართველოისა", გვ. 131).

მაგრამ თურქი ხელისუფალნი პირდაპირი რეპრესიების გარდა, რასაც ქართველი მოსახლეობა სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა, მიმართავდნენ არაპირდაპირი ზემოქმედების ზომებსაც იმისათვის, რომ დაპყრობილი მოსახლეობა იძულებული გაეხადათ ხელი აეღო თავის საუკუნეობრივ ეროვნულ ტრადიციებზე. ეს იყო ეკონომიკური ზეგავლენა, რაც გამოიხატებოდა აუტანელი გადასახადების შეწერით, რომლებითაც სპეციალურად დაბეგრეს არამუსლიმანი მოსახლეობა. იმავე "დავთარში" არის მასალები, რომლებიც ახასიათებენ ხალხის ჩაგვრის ამ ხერხს. "დავთრის" მიხედვით, მრავალ სხვა გადასახადს გარდა, არამუსლიმანი, ამ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობა, იხდის კომლობრივ გადასახადს, ეგრეთ წოდებულ "ისფენჯს" 25 ახჩის ოდენობით, რაც იმ დროის მიხედვით მძიმე ტვირთს წარმოადგენდა განსაკუთრებით იმ მოსახლეობისათვის, რომელიც თავდადებულად იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად და გაღატაკებული იყო მომთაბარეთა ურდოების ხანგრძლივი თავდასხმებით. ამავე დროს კი, მუსლიმანი გაცილებით ნაკლებს იხდიდა: ეგრეთ წოდებულ "ბენაქს" და "მუჯერეთს", 18 ან 12 ახჩს. "დავთარში" 127, 262, 274, 358, 365 და სხვა გვერდებზე მუსლიმის ყოველ სახელთან არის სპეციალური აღნიშვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პირი მუსლიმანია და ამიტომ შეღავათიან გადასახადს იხდის.

ასევე მკაცრი იყო თურქეთის პოლიტიკა თურქების მიერ დაპყრობილ მეორე სექტორში - ჭანეთში (ლაზთა ქვეყანაში). დამპყრობი თურქების დაჟინებით მისწრაფებას - ჩაეხშოთ ლაზებში საუკუნეობით განმტკიცებული ეროვნული თვითმყოფობის ყოველგვარი გამოვლინება - ლაზები უპირისპირებდნენ მტკიცე ეროვნულ თვითშეგნებას და, მიუხედავად სრული იზოლაციისა და მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტისა, დღემდე შეინარჩუნეს მშობლიური ლაზური ენა. ლაზებისადმი თურქების მხრივ ზიზღით აღსავსე და ეროვნულად შეურაცხმყოფ დამოკიდებულებას მოწმობს თურქული ანდაზა: "ლაზლარინ თერმონი-მისლიმან იემეზ ონი", ე.ი. "ლაზური ფელამუში მუსლიმანს არ ეჭმევაო" (ნიკო მარი, თურქეთის ლაზისტანში მოგზაურობიდან, გვ. 627).

ვფიქრობ, აქ უადგილო არ იქნება ცოტა რამ ვთქვათ ლაზთა ტერიტორიული გავრცელების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ლაზთა ქართველური ტომის ქვეყანა ვრცელდებოდა შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით სამსუნის ვილაიეთამდე ჩათვლით. ამის შესახებ ინგლისელი კონსულის ჯიფორდ პალგრევის ანგარიში, რომელიც მოყვანილია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას და აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სტატიაში (იხ. გაზეთი "კომუნისტი", 1945 წლის 14 დეკემბერი) სხვა ფაქტითაც დასტურდება. საქმე ის არის, რომ მსოფლიო სპეციალურ ლიტერატურაში შავი ზღვის სანაპიროს ყველა თურქული დიალექტი, მათ შორის სამსუნის ვილაიეთის დიალექტებიც, უსაფუძვლოდ როდია ცნობილი "ლაზურ-თურქულის" სახელწოდებით (გერმანულად - Lazisch - Türkisch, იხ. მაგალითად, პოლონელი პროფესორის, ტადეუშ კოვალსკის სამიმოხილვო სტატია Enzuklopädie des Islam-ის IV ტომში, გვ. 996 და სხვ.). ცხადია, რომ ანატოლიის ამ ნაწილში გაბატონებული ლაზური ენობრივი სუბსტრატი ფრიად ქმედითი ფაქტორი იყო, რაც სპეციფიკურ ლაზურ ელფერს აძლევდა ლაზთა ამ ტერიტორიაზე ძალდატანებით გავრცელებულ თურქულ ენას. 

ეს გარემოება მოწმობს არა მარტო ლაზთა ტერიტორიულ გავრცელებას აღნიშნულ ფარგლებამდე, არამედ ლაზებისა და საერთოდ ქართველთა ტომების კულტურულ უპირატესობასაც დამპყრობ თურქებთან შედარებით.

და მართლაც, ოსმალო თურქები, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთში შემოიჭრნენ, ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდისთვის მომთაბარე ტომების ტიპური წარმომადგენლები იყვნენ. მცირე აზიისა და კავკასიის ცივილიზებულ სახელმწიფოებს რომ შეეჯახნენ, ისინი ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდნენ მაღალი კულტურის მქონე ხალხებს. თურქებმა ჯერ ბიზანტია დაამარცხეს და შემდეგ ხელი მიჰყვეს საქართველოს, ჩამოაშორეს იგი ევროპას და გაბატონდნენ მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დაპყრობილ ქართველთა ტომებს თურქებმა შემდგომი განვითარების გზა დაუხშეს და ფეხი მოიკიდეს ანატოლიაში, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა, რომ მათ არ განეცადათ ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და სულიერი კულტურის კეთილმყოფელი გავლენა. ამ მდგომარეობის დამახასიათებელ ფაქტებს არაერთხელ მიუპყრიათ ყურადღება სპეციალურ ლიტერატურაში. ცნობილია, მაგალითად, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ქართველებმა, მათ შორის ლაზებმაც, რომლებსაც იმ დროისათვის მაღალი სამიწათმოქმედო კულტურა ჰქონდათ, აღმოსავლეთ ანატოლიაში გაავრცელეს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ისე მიწის დამუშავების გაუმჯობესებული მეთოდები. უეჭველია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ერთ-ერთი უმთავრესი სასოფლო-სამეურნეო კულტურა - სიმინდი ანატოლიის ამ ნაწილის თურქებმა ლაზებისგან გადაიღეს. ამაზე მიუთითებს სიმინდის თურქული სახელწოდება - "ლაზოთი, ლაზუთი", რაც ნიშნავს "ლაზურ მცენარეს" (იხ. რედჰაუსი, თურქულ-ინგლისური ლექსიკონი, გვ. 1619, აჰმედ ვეფიკ-ფაშა, ლეხჯე-ი ოსმანი გვ. 748 და შრომა "სიტყვა ლაზუტ-ის წარმოშობისათვის" საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უწყებებში, ტ. V, # 2 გვ. 227).

აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა "საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში" გამოარკვია, რომ მთელი რიგი გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო იარაღები (გუთანი, ჯილღა) აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებმა ქართველებისგან გადაიღეს (იხ. დასახელებული შრომა, I, გვ. 248 და სხვ.).

თურქების მიერ უსამართლოდ მიტაცებული სამცხის მხარე საქართველოსათვის იყო არა "განაპირა მხარე, არა პერიფერია, არამედ ცენტრი" ქართული კულტურისა. ამ კულტურის შემოქმედნი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ხალხური და ფილოსოფიური შემოქმედების შედევრები, სამხრეთ საქართველოდან წარმოსდგებოდნენ. აქვე იქმნებოდა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების ცნობილი შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც მოსულ დამპყრობთა მიერ მოსპობის, დანგრევისა და აბუჩად აგდების საგანი გახდა. აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელიც ამ მხარეებში 1904 წელს მოგზაურობდა, ყველგან ხედავდა მატერიალური კულტურის ქართული ძეგლების "ულმობლად გაძარცულ კედლებს"; ეკლესიები გადაკეთებული იყო მეჩეთებად. "მუეძინის ძახილი ბერთის საყდართან, - ამბობს აკადემიკოსი ნიკო მარი, - ახლა მე იმდენად სევდის მომგვრელი არ მეჩვენება, რამდენადაც დაბისა და ჯმერქის ეკლესიების, სამონასტრო ტაძრების ახლანდელი უბადრუკი მდგომარეობა" ("მოგზაურობის დღიური", გვ. 182). ისტორიის უკუღმართობაზე, თურქთა ძალადობაზე აკადემიკოსი ნიკო მარი "მოგზაურობის დღიურში" ამბობს: "სევდის მომგვრელი იყო ოდესღაც ცოცხალი ქრისტიანობის ბურჯზე ისლამის გამარჯვებული ხმის მოსმენა... იმათი ღვიძლი შვილები, ვინც ქრისტიანობის ეს ძეგლები ააგო, მიისწრაფოდნენ მაღლა ტაძარში, რათა თავიანთი ლოცვა აღევლინათ ისეთ ფორმებში, რაც უცხოა ბერთის მშენებელთათვის. სევდის მომგვრელი იყო ამის დანახვა, სევდის მომგვრელი იყო ამის მოსმენა".

სურათი ნათელია. უაღრესად განვითარებული კულტურისა და აყვავებული ეკონომიური კეთილდღეობის ქვეყანა გაპარტახდა და "დღემდე გაყინულია გაველურებაში". ამ ქვეყნის ასეთი სავალალო მდგომარეობა (მისი დაპყრობის შედეგად) მკაფიოდ დაახასიათა მისმა საუკეთესო მცოდნემ, აკადემიკოსმა ნიკო მარმა: "მალე (ქართველებისაგან მოწყვეტის შემდეგ) ამ მხარეში ჩაიფერფლა და ჩაქრა ყოფილი ცხოვრების უკანასკნელი შუქი, და ახალი შუქი აღარ ამობრწყინებულა. მხარის კულტურული ცხოვრება ჩაკვდა. ადამიანი მოკვდა" (ნიკო მარი, ბათუმი - არტაანი - ყარსი, გვ. 47).

მაგრამ თურქთა ტყვეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობაში მუდამ იყვნენ პატრიოტთა ცალკეული ჯგუფები, რომელთა გულშიც ღვიოდა ჩაუქრობელი სიყვარული სამშობლოსადმი. ეს პატრიოტები, ამა თუ იმ საშუალებით, თაობიდან თაობას გადასცემდნენ მშობლიურ მეტყველებასა და მშობლიურ დამწერლობას. ერთეული როდი იყო იმის შემთხვევები, რომ ისმებოდა მიტაცებულ ტერიტორიებზე სკოლებში მშობლიური ენის შესწავლის შემოღების საკითხი. მაგრამ ასეთ ცდებს სულთნის მთავრობა ყოველთვის ახშობდა. ცნობილია, თუ რა ბედი ეწია ლაზ ფაიკეფენდის, რომელმაც სცადა "გამოეგონებინა ჭანური (ლაზური) ანბანი: იგი გადაასახლეს და საპყრობილეში ჩასვეს, მისი სახლი გაჩხრიკეს და მთელი მისი ნაშრომები და წიგნები დასწვეს" (ნიკო მარი, მოგზაურობიდან, გვ. 626). მშობლიურ ენაზე დაბრუნების ასეთსავე ცდებს ეკუთვნის სტამბოლში ქართული ენის სახელმძღვანელოს გამოცემის ცდა. თურქეთის ქართველთა ჯგუფის ინიციატივით, XX საუკუნის 20-იან წლებში, ბავშვებისთვის ქართული ენის სასწავლებლად ქართველ კათოლიკეთა კოლონიამ სტამბოლში სახელმძღვანელო გამოსცა. მაგრამ საქმე იმით დამთავრდა, რომ მთავრობამ ძირშივე აღკვეთა ეს ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისკენ.

თურქეთის ქართველთა სიყვარულს სამშობლოსადმი შემდეგი ფაქტიც მოწმობს: სტამბოლში შევხვდი ერთ შუახნის ქართველ მაჰმადიანს, რომელიც ცენტრალურ ანატოლიაში ცხოვრობდა და საქართველოში არასოდეს ყოფილა. მას თავისი მამისგან ესწავლა ქართული კითხვა და მოეხერხებინა რამდენიმე ქართული წიგნის წაკითხვა. მას აინტერესებდა საქართველო და მისი ისტორია და დიდი სურვილი ჰქონდა საქართველოში წამოსულიყო. მე სავსებით დავრწმუნდი მისი სურვილის გულწრფელობაში, როდესაც მან ჯიბიდან ამოიღო ქართული წიგნი, აკაკი წერეთლის "რჩეული ლექსები". რამდენიმე ლექსი ზეპირად დაესწავლა.

დღეს, როდესაც დემოკრატიამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა ფაშიზმზე, რომელიც ხალხთა მონობასა და ჩაგვრას ქადაგებდა, - საქართველოს, ჩვენის აზრით, იმდენად ის კი არ სჭირდება, რომ დაამტკიცოს თავისი შეურყეველი უფლებები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მშობლიურ, მიტაცებულ მიწა-წყალზე, რამდენადაც ის, რომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის წინაშე აღიმაღლოს ხმა თავის სამართლიან პრეტენზიებზე თურქეთის მიმართ.
ამ პრეტენზიათა სამართლიანობა კარგად ცნობილია ობიექტურად მოაზროვნე კულტურული სამყაროსთვის, ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და ყველაზე უკეთესად თვით თურქებისთვის, რომლებიც ასე უსახელოდ გამოვიდნენ დემოკრატიული ქვეყნების დიდი ომიდან კულტურისა და ჰუმანიზმის მტრების წინააღმდეგ. საქართველოს მიწა-წყლის დაპყრობა არც იმდენად შორეულ წარსულში მომხდარა. თურქებმა ან მოსპეს, ან მშობლიური ადგილებიდან განდევნეს მთელი ხალხები. მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო არათუ შეენარჩუნებინა თავისი ფიზიკური არსებობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ კიდეც გაეგრძელებინა მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაგვირგვინებული ტრადიციები თავისი წინაპრებისა, რომლებიც დიდ შემოქმედებითს მუშაობას ეწეოდნენ სწორედ იმ პროვინციებში, ახლა რომ მოწყვეტილნი არიან საქართველოს. საქართველო სისხლხორცეულად დაინტერესებულია ამ პროვინციების მიღებით და კიდევაც უნდა მიიღოს ისინი.