ზურაბ აბაშიძე: შეუძლიათ აკრიტიკონ - მოედანი თავისუფალია!

ზურაბ აბაშიძე: შეუძლიათ აკრიტიკონ - მოედანი თავისუფალია!

წინასაარჩევნო პერიოდში, „შავი პიარს“,  ჩვეულებრივ  მოვლენად აღიქვამენ.  ასეთ დროს პოლიტიკოსები  იმედოვნებენ, რომ მტყუან-მართალს საზოგადოება თავად გაარკვევს. თუმცა, ვინაიდან ინტრიგა პოლიტიკაში, როგორც წესი, ყოველთვის დაფარული რჩება - გაურკვევლობაში რჩება საზოგადოებაც. ასეთ დროს კი, ჯერი პოლიტიკოსებზეა - მათ უნდა აუხსნან  საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხის შავ-თეთრი მხარეები.

ბოლო პერიოდში, თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებულმა „შავმა პიარმა“ პიკს მიაღწია, მის განცხადებებს კი „არაფრისმომცემ, ამავდროულად, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო დამინისტრის  პირად პიარ–ინტერესებზე მორგებულ  განცხადებად“ აფასებენ.

როგორ იღებენ  ირაკლი ალასანიას მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს  პარტიის შიგნით,  განიხილავს თუ არა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი,   ალასანიას პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს,   განიხილება თუ არა,  პარტიაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, „რეპორტიორი“ პოლიტიკური პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა:

-         ბატონო ზურაბ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებას -საქართველოში NATO –ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი  მიიჩნევს, რომ  ალასანიას  განცხადება,წინასაარჩევნოდ, ქვეყნისთვის საფრთხისშემცველია.  ექსპერტთა მეორე ნაწილი   ამას გამორიცხავსდა მიიჩნევს, რომ ალასანიას განცხადება დროული, თუმცა,  არარელევანტური იყო. რას უპასუხებდით მათ?

-         ირაკლი ალასანია - პოლიტიკური ლიდერია, არის თავდაცვის მინისტრი და ბუნებრივია პოლიტიკურ განცახდებებს აკეთებს. მისი ყველა  საგარეო ვიზიტი თუ პოლიტიკურ განცხადებებს მოიცავს, ამაში ახალი არაფერია. მისი ზემოთაღნიშნული განცხადება სახელმწიფოს პოლიტიკას, მის უსაფრთხოებას და გაძლიერებას უკავშირდება. ვერ გავიზიარებ იმ ადამაინების შეფასებებს, რომლებსაც არ მოსწონთ ირაკლი ალასანია. ეს მათი ნებაა  და ბუნებრივია,  შეუძლიათ აკრიტიკონ - მოედანი თავსიუფალია!

-         სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის  შეფასებით, აღნიშნული განცხადებაარაფრისმომცემი, ამავდროულად, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და თავდაცვის მინისტრის,ირაკლი ალასანიას  პირად პიარ–ინტერესებზე მორგებული განცხადება იყო...“

-         როცა ირაკლი ალასანია განცხადებას აკეთებს, ის აჟღერებს კოალიციის ინტერესებს. საუბრობს იმაზე, რაც კოალიციის მიერ არის დეკლარირებული. ჩვენ, უნდა გავხდეთ NATO-ს წევრი სახელმწიფო, უნდა მივიღით პროგრესი NATO-გან, უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ეს კოალიციის მიერ განცხადებული  პოლიტიკური გზავნილებია, როგორც ქვეყნის შიგით, ასევე  ქვეყნის გარეთ.

-         ბატონო ზურაბ, წინასაარჩევნო პერიოდში „შავი პიარი“  ჩვეულებრივ  მოვლენადაა მიჩნეული, თუმცა, ბოლო  პერიოდში, სხვადასხვა მედია-საშუალების მეშვეობით,  ირაკლი ალასანიას მისამართით აგორებული „შავი პიარი“ პიკს აღწევს...

-         ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, როგორც მთავრობის წევრს და  წარმატებულ მინისტრს,  აქვს ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულოს. თუ ვინმეს არ მოსწონს, შეუძლიათ ისაუბრონ ამაზე, საზოგადოება არჩევნებზე წყვეტს  ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ბედს. სწორედ ისინი გადაწყვეტენ სამომავლოდაც უნდა იყოს თუ არა ირაკლი ალასანია ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი და საერთოდ, უნდა იყოს პლიტიკაში თუ არა. ამ შემთხვევაში კი, ვიღაც ანალიტიკოსების და კონკრეტული პიროვნებების შეფასებების ოპონენტად ვერ გამოვდგები.

-         ბატონო ზურაბ, არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი,   ალასანიას პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს ამზადებს...

-         ეს საკითხი, რაზეც თქვენ ბრძანებთ, არ დგას კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღის წესრიგში. ეს არის  გარკვეული ჭორი. მისი  შეცვლა დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.

-         კულუარებში საუბრობენ, რომ  მრავალჯერ „ჩამოლაბორანტებულ“ ირაკლი  ალასანიას ჩრდილში ყოფნა მობეზრდა და ის ოპოზიციაში გადაბარგებისთვის აქტიურად ემზადება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  თავდაცვის მინისტრმა  ევროპაში რამდენიმე დასავლელ ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე კოალიციასთან  „გაყრაზეც“ ღიად მიანიშნა... განიხილება თუ არა,  პარტიის შიგნით, კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხი ?

-         ეს საკითხი, არც განიხილებოდა და არც განიხილება. არ განვიხილავთ მომავალშიც - ვსაუბრობ იმ პერიოდამდე, სადამდეც მანდატი გაგვაჩნია. კოალიცია  მრავალფეროვანია და სხვადასხვა ძალებისგან შედგება,  სხვადასხვა გემოვნება გაგვაჩნია ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ გვაერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი მიზანი  - ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება, რომელთა გადასაჭრელადაც კოალიციასთან ერთად ვმოქმედებთ.

-         ექსპერტები  ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების ტემპს გიწუნებთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი დოზით უნდა აწვდიდეთ ინფორმაციას განსახორციელებელი  სიახლეების თაობაზე?

-         საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისგან“  აბსურდში გადასულ  PR-ს მიეჩვია. დღევანდელი მთავრობა მოვლენების შესაბამისად მოქმედებს, ზომიერად აპიარებს იმას, რაც გასაპიარებელია. გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, თუმცა, წინ არჩევნებია და ვნახოთ, საზოგადოება რა გადაწყევტილებას მიიღებს, თუ  ჩვენ  არ ვაპიარებთ ჩვენს გაკეთებულს და არ ვაკეთბეთ იმას, რაც ჩვენი გასაკეთბელია - არჩევნების შედეგები გამოაჩენს.

P.S.   რას გამოაჩენს მოსალოდნელი შედეგები, პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე - რთულია. საზოგადოებამ თავად  უნდა განსაჯოს და გადაწყვიტოს, როგორ ხელისუფალს  იმსახურებს - გადაწყვეტილების მიღებამდე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  კი,  სულ რაღაც ერთი თვეა ...