სტომატოლოგიურ რეგულაციებზე რეაგირება ერთი წლით გადავადდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტებს შორის საბოლოო შეთანხმება უნდა მოხდეს. სტომატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან გოგელაშვილის ინფორმაციით, ტექნიკური მიმართულებით კლინიკების შემოწმება წელს აღარ მოხდება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამინისტროში პაციენტის საჩივარი შევა.
სტომატოლოგთა ასოციაციამ ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა და რეგულაციებისა და დეფინიციების შესამუშავებლად შექმნილ სტომატოლოგთა სამუშაო ჯგუფში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა სთხოვა. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები - სტომატოლოგები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები და უფლებადამცველი შედიან.
„უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა სტანდარტებზე, ვეცნობით ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებას. ბევრი დეფინიციის ხელახალი გადახედვა გვმართებს. მაგალითად, არსად არ არის განმარტება, რა არის სტომატოლოგიური კლინიკა“, - აღნიშნა გოგელაშვილმა.
სტომატოლოგთა სამუშაო ჯგუფი 2-3 თვეში სამინისტროს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების პაკეტს წარუდგენს.
სტომატოლოგიური საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად განვითარდა. ამ სფეროში პირდაპირ თუ ირიბად ათასობით ადამიანია დასაქმებული - როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე სხვადასხვა მასალების, მედიკამენტებისა თუ ინვენტარის მომწოდებელი. ახალი წესები შეეხება როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვ/მ-მდე გაზრდას. სწორედ ეს არის სადავო საკითხი სპეცილისტებსა და ჯანდაცვის უწყებას შორის.
სტომატოლოგთა ასოციაციაში სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემოღების პირველი ნაბიჯი სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვ/მ-მდე გაზრდა არ უნდა იყოს. ქეთევან გოგელაშვილი ამბობს, რომ სფეროში ბოლო 10 წელია უკონტროლო ვითარებაა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მომსახურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მისასალმებელია.
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მტკიცებით, სტომატოლოგიური კაბინეტის მინიმუმ 14 კვ/მ ფართობის ცნება მოძველებულია. წამყვან ევროპულ ქვეყნებში სტომატოლოგიური კაბინეტისთვის დადგენილი სტანდარტი მინიმუმ 8 კვ/მ-დან იწყება.
სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი რეგულაციების გადავადების საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც „კომერსანტს“ „დენტასტილში“ განუცხადეს, მათი კლინიკა რეგულაციების ამოქმედებამდეც წესრიგში იყო და არავითარი პრობლემა არ შექმნიათ.
სტომატოლოგიურ კლინიკა „ლაივდენტში“ კი ამბობენ, რომ ისინი ფართის შეცვლას ორ თვეში აპირებენ და ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს.
საქართველოში, ექსპერტების გათვლებით 200000 ადამიანია „ცე“ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სწორედ სტომატოლოგიური საქმიანობის უკონტროლობას ასახელებენ.