საარსებო მინიმუმის შედარებით რეალური ოდენობა დადგენილია. „ალტერნატიული კალათის“ დაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ მინიმუმი არა 150 ლარი, არამედ 270 ლარის ფარგლებშია. სპეციალისტები კვლევის საბოლოო შედეგებს 10 დღეში წარმოადგენენ.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა საარსებო მინიმუმის დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი აცხადებს, შეისწავლეს 5 ქალაქი - ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი და თბილისი, თუმცა ამ ქალაქებს ზუგდიდი, მარნეული და ახალციხეც დაემატება. რამაზ გერლიანის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური კალათა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, 270 ლარს მიაღწია. ახალი მექანიზმის გამოისობით, ამ კალათაში 55% სურსათზე, ხოლო 45% სხვა პირველად საჭიროებებზე უნდა მოდიოდეს.
ცენტრში მიიჩნევენ, რომ გადაიხედოს სადღეისოდ არსებული მეთოდოლოგია და მიდგომები, მათ შორის, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, რომელიც ექსპერტების თქმით, შემოიფარგლება 40 დასახელების პროდუქტით ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი ახალ მეთოდოლოგიას და ორგანიზაციის ჩატარებული კვლევის შედეგებს 15 მაისს წარადგენს.
„ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შრომისუნარიან მამაკაცს სჭირდება მინიმუმ 2500 კილოკალორია, ეს საკმარისი არგუმენტია, რომ გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათა“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. ის მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო კალათის პროცენტული წილები და 70–30 პროცენტის ნაცვლად გადანაწილდეს 55–45 პროცენტად.
რადგან საქართველოში სურსათის ფასს ახასიათებს სეზონურობა და უმჯობესი იქნება თუ იარსებებს სეზონური, ზამთრისა და ზაფხულის მინიმალური სასურსათო კალათა.
„ჩვენ რეკომენდაციებსა და კვლევის შედეგებს წარვუდგენთ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე საკანონმდებლოს, სტატისტიკის დეპარტამენტს. როდესაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა იგეგმება, ეს იქნება პენსია, მინიმალური ხელფასი თუ დაუბეგრავი მინიმუმი, სწორება საარსებო მინიმუმზე უნდა ხდებოდეს“, - ამბობს გერლიანი დასძენს, რომ ახალციხის შემდეგ ბაზრის კვლევის პრაქტიკული ნაწილი დასრულდება.
საქართველოს მთავრობაში აღიარებენ, რომ საარსებო მინიმუმზე მუშაობა საკმაოდ გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეს დაადასტურა კიდეც.
მინისტრის თქმით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების არსებულ მეთოდიკას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახლა ამუშავებს. „სპეციალისტები ასევე მუშაობენ მის დაანგარიშებაზე. ეს საკმაოდ გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
რამდენად სწრაფად შეიცვლება საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და მოცულობა, ძნელი სათქმელია. მინიმუმის გაზრდა, პენსიებისა და დახმარება-შემწეობების გადახედვის აუცილებლობასაც წარმოშობს. საქართველოს ბიუჯეტი კი, სავარაუდოდ, ჯერ ამისთვის მზად არ არის.