წელს ზაფხულის ტურისტული სეზონი იქამდე გაიხსნება, ვიდრე კალენდარული ზაფხული დადგება. მთელი ტურისტული სფერო დიდი მოლოდინით მოელის საზღვაო სეზონის დაწყებას. შესაძლოა, წლევანდელი წელი ისტორიულად სარეკორდო აღმოჩნდეს.
ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად თვის ბოლოს გაიხსნება და მასთან დაკავშირებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, შაორის ტბასა და ბორჯომში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
„გახსნის ღონისძიებები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციის ადგილას. ბათუმში საწყლოსნო, საპარაშუტო და სხვადასახვა სახალისო აქტივობები იქნება. რაჭაში იქნება ორდღიანი ლაშქრობა, ტბაზე კი წყლის თხილამურებით შეჯიბრებები, ბორჯომის პარკში იქნება კოსტიუმირებული წარმოდგენა, ქუთაისში იქნება ყვავილების ფესტივალი, კონცერტი, ბოდიარტი და სხვა ღონისძიებები.
ამ ყველაფერის დაგვირგვინება კი მოხდება თბილისში, სადაც საღამოს ლისის ტბაზე იქნება გრანდიოზული ღონისძიება. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა პროდუქტი რაც შევქმენით, მათ შორის, იქნება პრეზენტაცია მთავარი საბრენდო ნიშნის „მასკოტი გიო“, რომელიც იქნება ლოგო, სავიზიტო ბარათი და ყველა ტურისტის თანამგზავრი, საინფორმაციო დაფებიდან“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ასეთი მასშტაბური მზადება უკავშირდება იმას, რომ წელს ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. მას შემდეგ, რაც უკრაინელებისათვის ყირიმში ჩასასვლელი გზები დაიხშო, ამ ქვეყნის ტურისტების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გეზს საქართვლოსკენ აიღებს. სწორედ ამის ეიმედება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც ყირიმში ჩამსვლელი ტურისტების საქართველოში „გადმოქაჩვას“ აპირებს.
გიორგი სიგუას თქმით, ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს.
„4 მილიონზე მეტი შიდა ტურისტი ჩადიოდა ყირიმში ყოველწლიურად. გასაგები მიზეზების გამო, ეს ნაკადი ყირიმში აღარ ჩავა. ყოველ შემთხვევაში წელს, ჩვენ ვგეგმავთ ამ ტურისტების ნაწილის გადმოქაჩვას საქართველოში. ამ ზაფხულს გათვლა გვაქვს იმაზე, რომ 100% გავზარდოთ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა და ამისთვის შემუშავებულია 80-გვერდიანი სტრატეგია.
სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, სულ საუბარია 11 რეისზე კვირაში. ასე რომ, გაიზრდება დატვირთვა არსებულ რეისებზე“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოში გაიმართება „კრიმფესტისა“ და „კაზანტიპის“ ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა. „ყირიმში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ტარდებოდა - „კრიმფესტისა“ და „კაზანტიპის“. უკრაინულ პრომოუტერულ კომპანიებთან შეთანხმება მიღწეულია, რომ „კაზანტიპის“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში, ხოლო „კრიმფესტის“ ორდღიანი ანალოგი ფესტივალი ჩატარდება ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ევროპელი მომღერალი ვარსკვლავი“, - განაცხადა სიგუამ.
უკრაინელი ტურისტების აქტიურობაზე უკვე საუბრობენ შავი ზღვისპირა კურორტებზე მდებარე სასტუმროების მფლობელები. სასტუმრო „მირაჟის“ მეპატრონე თამაზ ჯინჭარაძის თქმით, სამზადისი სასტუმრო 1 თვის წინ დაიწყო და რამდენიმე ადგილი უკვე დაჯავშნულია.
„სამზადისი მარტიდან დავიწყეთ. სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ეს პროცესი 20 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც სტუმრების მიღებას შევძლებთ. უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვინც აქამდე ყირიმში ისვენებდა, წელს აქცენტს საქართველოს კურორტებზე აკეთებს. არასდროს ყოფილა შემთხვევა, ადრიანი გაზაფხულიდან ეაქტიურათ“, - ამბობს ქობულეთელი ბიზნესმენი.