უკრაინის პარლამენტი სამშაბათს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტარებმა დახურულ კარს მიღმა მოუსმინეს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებს. იმავე დღეს ვენაში გაიმართა ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ასევე მიეძღვნა უკრაინის კრიზისს.
„უკრაინელი სამხედროები ვერ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას! აი, ეს არის შეზღუდვა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს მტერი“, - ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, რომელიც ორშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკთან იმყოფებოდა რუსეთის მომხრე მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის ჯარებმა სლავიანსკთან ბრძოლის დროს მოკლეს 30 მეამბოხე. სლავიანსკთან შეტაკებებისას 5 მაისს დაიღუპა ოთხი უკრაინელი ჯარისკაციც. ამას გარდა, რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა უკრაინის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. უკრაინის არმია ცდილობს კონტროლი აღადგინოს აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის მომხრე აქტივისტებმა დაიპყრეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები და პოლიციის განყოფილებები, სულ ცოტა, 10 ქალაქში.
უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს ძალადობის ორგანიზებაში. ავაკოვის ინფორმაციით, სლავიანსკში რუსეთის მომხრე მებრძოლებს შორის არიან რუსები და ჩეჩნები. „ჩვენ წინააღმდეგ მიდის ომი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს იმის გამო, რომ გარშემო მშვიდობიანი მოსახლეობაა. ვიღაც გვემხრობა, ვიღაც არ გვემხრობა. ვიღაც ემხრობა რუსულ ენას, ვიღაც რუსული ენის წინააღმდეგია. მთავარი ეს არ არის. უკრაინელი სამხედროები ვერ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას! აი, ეს არის შეზღუდვა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს მტერი. მტერი მათ უკან იმალება და იქიდან ისვრის. აი, ეს არის მთავარი თეზისი“, - უთხრა ორშაბათს ჟურნალისტებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი სპეცშენაერთები მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში და, თავის მხრივ, კიევს უყენებს ბრალდებებს - მათ შორის, ძალიან მძიმე ბრალდებას... სერგეი ნარიშკინი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ამბობს, რომ უკრაინაში „მოსახლეობის გენოციდი“ მიმდინარეობს.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქმე გვაქვს ნამდვილ გენოციდთან - როგორც რუსი, ისე უკრაინელი ხალხის გენოციდთან - უკვე 21-ე საუკუნეში!“, - განაცხადა ნარიშკინმა 6 მაისს ბელგრადში, სერბიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას.
შედარებით თავშეკავებული იყო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი, რომელმაც კიევს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან.
„დარწმუნებული ვართ, რომ არსებობს გამოსავალი უკრაინაში ამჟამინდელი კრიზისიდან. მისი მოძებნა შესაძლებელია მხოლოდ საერთო ეროვნული დიალოგის საფუძველზე, კონსტიტუციური რეფორმის კონტექსტის ჩათვლით - დიალოგისა, რომელშიც სრულფასოვნად გაჟღერდება როგორც სამხრეთის, ისე აღმოსავლეთის ხმა და უკრაინის ყველა რეგიონის ხმა“, - განაცხადა ლავროვმა ვენაში, 6 მაისს ევროსაბჭოს საგარო საქმეთა მინისტრთა შეხვედრასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაგრამ ლავროვის მოთხოვნას, უკრაინაში კრიზისზე ახალი საერთაშორისო მოლაპარაკების შემთხვევაში, მასში მონაწილეობა მიიღონ სეპარატისტებმა, უკვე უარყოფითად უპასუხა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი დეშჩიციამ. როგორც უკრაინის კანონიერი მთავრობა, ვარ უკრაინის ყველა რეგიონის წარმომადგენელიო, აღნიშნა დეშჩიციამ ვენაში, ჟურნალისტებთან საუბრისას, და დასძინა: სხვაგვარად რომ იყოს, შესაძლებელი იქნებოდა რუსეთისთვის გვეთხოვა ჩეჩნეთისა და დაღესტნის წარმომადგენლების გამოგზავნაო...
ვენაში სერგეი ლავროვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. კერძოდ, ის შეეხო უკრაინაში 25 მაისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც: „არჩევნების ჩატარება ვითარებაში, როცა არმიას იყენებენ მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგ, ეს საკმაოდ უჩვეულოა. ეს ხომ არ არის ავღანეთი, სადაც ომია და სადაც მაინც ჩატარდა არჩევნები. და რაც შეეხება 25 მაისს, ვნახავთ, როგორ დამთავრდება ეს პროცედურა“.
ვენაში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ჩაშალოს უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები.