უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ``ოცნების`` ბათუმის მერობის კანდიდატზე, გიორგი ერმაკოვზე სკანდალურ ფოტოს ავრცელებს

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ``ოცნების`` ბათუმის მერობის კანდიდატზე, გიორგი ერმაკოვზე სკანდალურ ფოტოს ავრცელებს

უფლებადმაცველი მერაბ ბლადაძე "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის ე.წ. ნაციონალურ ბიოგრაფიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ხალხის ნება უგულვებელყოფილია.

„რატომ ავირჩიეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში? რატომ გადადო თავი მთელმა საქართველომ და რატომ ვითხოვდით ხალხის მწამებელი ხელისუფლების შეცვალას? _ იმიტომ, რომ ისევ "ნაცზონდერები" მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, თან როგორ მოსულიყვნენ _ "ნაციონალი" ძალოვანები ქალაქის მერებად? რას და ვის ემსახურება ყველაფერი ეს?" _ წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მერაბ ბლადაძე.

ამასთან, მერაბ ბლადაძის თქმით, "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ბათუმელ ბიზნესმენებს იბარებდა და აიძულებდა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" ფული გადაერიცხათ.

"ერმაკოვის ხსენებაზე ჩვენი თანაქალაქელების რეაქცია ასეთი იყო: "ნაციონალების" წამოყენებულ კანდიდატს ვინ მისცემს ხმას? მერე კი, როცა გაიგეს, რომ ერმაკოვი „ქართული ოცნების" კანდიდატია, ხალხს აგრესია გაუჩნდა. ამ და კიდევ სხვა მსგავსი ფაქტების გამო, „აღდგენილი სამართლიანობა" და „კოაბიტაციის დასასრული" ხალხში მწარე იუმორის საგანი გახდა," _ წერს მერაბ ბლადაძე.

უფლებადამცველი, ამასთან, ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი აჭარაში ძმებ ახალაიების ძირითადი დასაყრდენი იყო.
"ერმაკოვს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს "ნაციონალებთან" და ახლაც მყარად მუსირებს აზრი, რომ ის "ოცნებაში" "ნაციონალების" ჩანერგილია," _ წერს უფლებადამცველი მერბა ბლადაძე და სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს.

"ფოტოზე, მარჯვნიდან მესამე გიორგი ერმაკოვია, მის გვერდით, მარცხნივ, კუდ-ის უფროს პატარიძის მოადგილე უჩა შანიძეა, მარცხნიდან მეხუთე _ სააკაშვილის ერთ-ერთი ბიძა, კომპანია "ორბის" მეწილე ელგუჯა ლომინეიშვილი. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე გახლდათ სააკაშვილის აწგარდაცვლილი ბაბუა გივი ალასანიაც. სააკაშვილის ბიძის გვერდით, მარჯვნივ, დგას "ორბი"-ს კიდევ ერთი მეწილე გია ბიწაძე, დანარჩენი კუდ-ის თანამშრომლები არიან.

და შენ, ახალო, ხალხის მხარდაჭერით მოსულო მთავრობავ, გვეუბნები, რომ ერმაკოვი და მისი მეგობრები დაამყარებენ სამართლიანობას და იღვაწებენ ჩვენი ქალაქისთვის? ბათუმში ყველას კარგად ახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დროს გიორგი ერმაკოვის თავგადაკლული აქტივობა "ნაციონალების" მხარეს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორიობიდან მოხსნილ ერმაკოვს "ნაციონალებმა" დამსახურება არ დაუკარგეს და მათდამი დაქვემდებარებულ კომპანიაში „თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. როგორც ვიცით, „თეგეტა მოტორსი" ნაციონალ თემურ კოხოძეს ეკუთვნის. ერმაკოვის ამ კომპანიში ყოფნასაც არ ჩაუვლია „უკვალოდ" _ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ფილიალიდან 10-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის, 6 თვის ფეხმძიმე, რომელმაც ჩემი ინფორმაციით, უკანონო გათავისუფლება სასამრთლოში გაასაჩივრა და პროცესიც მოიგო. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ თანამშრომელს, ერმაკოვმა აიძულა, დაეწერა განცხადება და დაეტოვებინა სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღს ჩაუდებდა და დაიჭერდნენ! რა ნაცნობი ნაცური სცენარია?!

და თქვენ გვეუბნებით, რომ ერმაკოვია ის კაცი, რომელიც დღეს ბათუმს ასე ძალიან სჭირდება „კეთილი" საქმეების კეთებისთვის? ერმაკოვს უკავშირებენ 2004-2005 წლებში უამრავ უკანონო დაჭერას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, რომელიც, კარგად ვიცით, "ნაციონალების" სადამსჯელო ოპერაციები უფრო იყო! სად წავიდა ერმაკოვის დანაშაულებები, რომელსაც პროკურატურა 1 ოქტომბრის არჩევნების მერე იძიებდა? ყველამ იცის, რომ სწორედ ერმაკოვის საქმეების თაობაზე იბარებდნენ საგადასახადო დეპარტამენტის რიგით თანამშრომლებს და სთხოვდნენ ჩვენებების მიცემას მის მიერ ჩადენილი დანაშულების შესახებ.

და მაინც, საიდან მოხვდა "ნაციონალი" ერმაკოვი ბათუმის მერიაში? როგორც ამბობენ, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის პროტეჟეა. რა დამსახურებისთის შეჩერდა არჩევანი სწორედ ერმაკოვზე, _ ეს ბათუმში, „ქართულ ოცნების" წევრებს შორის დავის და კონფლიქტის საგანია. რამდენად აცნობიერებს „ქართული ოცნება", რომ მარტო „ოცნების" კანდიდატობა არაა საკმარისი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებისთვის და 50 %-იანი ბარიერის გადალახვისთვის მერის არჩევნებზე, სრულიად გაუგებარია. 

ვერ ვიჯერებთ, რომ აჭარის და, კერძოდ, ბათუმის „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ, აქაურმა ხელისუფლებამ მიაწოდა სწორი ინფორმაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ერმაკოვის შესახებ და, მიუხედავად ყველაფერისა, პრემიერმა მიიღო ჩვენი თანაქალაქელებისთვის ეს საშინელი გადაწყვეტილება!" _ წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც გიორგი ერმაკოვის ბათუმის მერობის კანდიდატობას "კოშმარების ფილმს" უწოდებს.

ამასთან, ბლადაძე ერმაკოვის ბიოგრაფიასაც აქვეყნებს: 
"გიორგი ერმაკოვის თანამდებობები "ნაციონალური" მთავრობის პერიოდში: 
2011-2012 წლები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
2011 წელი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2010-2011 წლები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულის ცენტრის უფროსის მოადგილე;
2005-2008 წლები _ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 
2004-2005 წლები _ საქართველოს შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი;
2002-2004 წლები _ საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო, განყოფილების უფროსი."