"ბევრჯერ მითქვამს, თუ ხელისუფლებამ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, მოქალაქეები თავად შეეცდებიან სამართლის პოვნას-მეთქი. სამწუხაროდ, ნოშრევან ნამორაძეს შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიჰბაძოს და საქართველოში შურისძიების კასკადი ვიხილოთ. თუ ეს პროცესი დაიწყო, მას ვეღარ შევაჩერებთ", - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ ეს პროცესი დაიწყო, მას ვეღარ შევაჩერებთ" / "ნოშრევან ნამორაძეს შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიჰბაძოს და საქართველოში შურისძიების კასკადი ვიხილოთ" / `საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე საუბარი აბსურდულია".
"მოსახლეობაში არის ეჭვი, რომ ამ პროცესს ხელისუფლება შეგნებულად ამუხრუჭებს. კერძოდ, გამოძიებები ობიექტურად რომ წარიმართოს, ნახევარი "ნაციონალური მოძრაობა", შესაძლოა, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ხელისუფლებას კი სურს, მთავარ ოპონენტად სწორედ ეს პარტია ჰყავდეს, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს. საბოლოოდ კი მივიღებთ ასეთ სურათს: დაჩაგრული მოქალაქეები პოლიციაში კი არა, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან მივლენ. დროზე უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება. სხვათა შორის, საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურას დღემდე არ გაუგზავნია საბერძნეთში ექსტრადიციის მოთხოვნა დათა ახალაიაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლებასა და დათა ახალაიას შორის კონტაქტი შედგა, ახალაიამ სამართალდამცველებს გარკვეულ პირებზე მასალები მიაწოდა, თავად კი ინდულგენცია მიიღო - არ არის გამორიცხული, რომ ეს მართალი იყოს და მას შემდეგ, რაც ახალაია ყალბი პასპორტისთვის საბერძნეთში სასჯელს მოიხდის, მას ოთხივე მხრიდან გზა ხსნილი ექნება... თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ათასობით ნოშრევან ნამორაძეს მივიღებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.
"ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ნაჩქარევად მიიღო და საზოგადოებასთან არ ჰქონია კომუნიკაცია. არადა, შეიძლებოდა კონსულტაციების გამართვა არასამთავრობოებთან, სახალხო დამცველთან, სასულიერო პირებთან და ყველა იმ მხარესთან, რომლებსაც შენიშვნები ჰქონდათ კანონპროექტთან დაკავშირებით. კონსულტაციებისას კანონპროექტი დაიხვეწებოდა და ასეთ აჟიოტაჟს აღარ გამოიწვევდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ხელისუფლებისგან, რომ არ აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებზე ლაპარაკობენ, ყურადღებას ამახვილებენ სასულიერო პირებსა და მათ მრევლზე. არადა, კითხვები ამ კანონპროექტის შესახებ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს", - მიიჩნევს ექსპერტი.
"მეტსაც გეტყვით, საზოგადოების დიდი ნაწილი შიშობს - ხომ არ არის ანტიდისკრიმინაციული კანონი იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს?! საზოგადოების შიშს აქვს ახსნა. ჩვენს თანამოქალაქეებს აინტერესებთ, - კონსტიტუცია ისედაც არეგულირებს, რომ ყველა სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია და რატომ გახდა საჭირო ცალკე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება?! ასევე, რიგ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდა, ლოკომოტივი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჭირო იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების მჭიდრო კომუნიკაცია. ხელისუფლებას ზემოხსენებულ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი და აეხსნა მოქალაქეებისთვის, რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება, რა რეგულაციები იდება მასში და ა.შ.", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ადამიანის დისკრიმინაცია ნებისმიერი, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაუშვებელია და ასეთი რეგულაციების მიღება მისასალმებელია. თუმცა არის მედლის მეორე მხარე - კანონმა უნდა არეგულიროს ისიც, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავისი ცხოვრების წესის პროპაგანდა არ დაიწყონ და ეს წესი საზოგადოებას არ მოახვიონ თავზე. ეს ნორმები სანქციებს აწესებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარყვნილი ქმედებებისთვის. ანტიდისკრიმინაციულ კანონში უნდა ჩადებულიყო ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა, რომ სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციის აღკვეთის პარალელურად, ასეთი უმცირესობის წარმომადგენლებმა თავს არ მოახვიონ თავისი ცხოვრების წესი უმრავლესობას", - დასძენს კახი კახიშვილი და შეკითხვას - "ხედავთ ამის საფრთხეს?" - პასუხობს:
"ყოველ შემთხვევაში, უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული აქტიურობა შეინიშნება. თუ ისინი შეეცდებიან თავისი ცხოვრების წესის პროპაგანდას, არ გამოირიცხება, რომ ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ძალადობა მოჰყვეს. ეს კი არავის გვსურს. ზემოხსენებული ჩანაწერი ამის საფრთხესაც მოხსნიდა და საზოგადოებაში ეჭვებსაც გააქრობდა. არ მინდა საგანგაშო პროგნოზების გაკეთება და ვიმედოვნებ, საქმე არ მივა იქამდე, რომ კანონში მოგვიანებით დამატებითი ცვლილებების განხორციელება დაგვჭირდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოხდეს ასეთი ფაქტებიც, მაგალითად, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი არ მიიღონ სამსახურში ნაკლები კვალიფიკაციის გამო, მან კი ჩათვალოს, რომ დისკრიმინაციას აქვს ადგილი და იჩივლოს. ესეც გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, - ძნელია ასეთი საქმეების განხილვისას სამართლიანობის პრინციპი შენარჩუნდეს..."
"ეს აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების აჩქარებამ. სურთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გააფორმონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ ეს გამოიყენონ საარჩევნო კამპანიის თემად. სჯობს, მიებაძათ მოლდავეთისთვის. იქ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე, ხელისუფლებამ გაიარა კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან და კანონის დამტკიცებას ასეთი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. სხვათა შორის, მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციაზე კეთდება აქცენტი და საინტერესოა, ამ კანონიდან გამომდინარე, როგორ უზრუნველყოფს ხელისუფლება იმას, რომ უნარშეზღუდულებმა არ იგრძნონ თავი განსხვავებულად. ზოგადად კი, საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, სჯობს დისკრიმინაციის სხვა ფორმებსაც ებრძოლოს. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ქონებაწართმეულებმა რომ ვერ მიაღწიეს სამართლიანობის აღდგენას, არ არის ეს დისკრიმინაცია?!" - ამბობს კახი კახიშვილი.
"რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას - დღეს საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე საუბარი აბსურდულია და ეს კარგად იცის თავად ალასანიამ. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ალასანიას განცხადება საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე ემსახურება მის პირად პიარს. როგორც ჩანს, მართლაც სერიოზული უთანხმოებაა ხელისუფლებაში და გარკვეული ჯგუფები პიარს იკეთებენ. თუმცა მთავარია სხვა რამ - უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რატომ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთზე ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი?! ამას გარდა, ალასანიამ ამერიკელებს ამ ჟესტით მიანიშნა, თუ მიიჩნევთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი არ არის პროდასავლელი, ან თქვენს "სტანდარტებში" არ ჯდება, აგერ, მე აქ ვარო", - განმარტავს რესპონდენტი.
"ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ჯერ ჰყოფნით ლავირების უნარი, რომ მდგომარეობა არ გაამწვავონ. თუმცა როგორც კი ეს უნარი აღარ ეყოფათ და ღიად ეტყვიან ალასანიას - წადი თანამდებობიდანო, კოალიცია "ქართული ოცნება" რღვევას დაიწყებს. ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სხვები მანამდე დარჩებიან კოალიციაში, სანამ ექნებათ განცდა, რომ ხელისუფლებაში იქნებიან. დარწმუნებული ვარ, რომ დავით უსუფაშვილს არ მოსწონს ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგრამ ითმენს. როგორც კი ეს განცდა აღარ ექნებათ, წავლენ კოალიციიდან და შეეცდებიან, დაიკავონ მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია ასეთი სახით აღარ იარსებებს", - დაასკვნის ექსპერტი.