საქართველოში 13 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებიან. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინარე პერიოდში, ფრანსუა ოლადნის ვიზიტს სპეციფიური დატვრითვა აქვს. ეს ვიზიტი საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერისა და მისდამი სოლიდარობის ნათელი დემონსტრირებაა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ინტენსიობით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში.
For.ge. ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტი ქვეყანაში თავისთავად პოლიტიკური მნიშვნელობის არის. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მხარდაჭერის ღია დემოსტრირება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან? მითუმეტეს, რომ საფრანგეთის პირველი პირი არაა ერთადერთი გავლენიანი ფიგურა, რომელიც ჩამოდის საქართველოში, მაისის განმავლობაში ძალიან მაღალი დონის ვიზიტებია დაგეგმილი...
ალექსი პეტრიაშვილი: ყოველვარი გადაჭარბების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ინტენსივობით, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. რამდენიმე დღეში ჩამოდის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. დიახ, 13 მაისს ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდნეტი, მეორე დღეს, უკვე ჩამოდის ევროკავშირის პრეზიდენტი ბატონი ვან რომპოი. ივნისში ამ ყველაფერს შევკრავთ უკვე ასოცირების ხელშეკრულებით.
1-2 ივნისს უმნიშვნელოვანესი ვიზიტი აქვს გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოდის ბატონი ბაროზო. ეს საკმარისია იმისათვის, აღინიშნოს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ჩევნი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციას, რამხელა მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებს.
ასოცირების შეთანხმების წინ ეს პოლიტიკური შეხვედრები, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სექტემბერში გველოდება ნატოს სამიტი.
გზავნილები იქნება ასოცირების ხელშეკრულება და შემდგომი პროცესები?
- საფრანგეთის პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წონის ფიგურა. რა თქმა უნდა, ყველას თავისი წონა აქვს, მაგრამ დამატებითი წონა აქვს, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტია და ბუნებრივია, რომ მის პოზიციას დიდი გავლენა ექნება რეალურად საბოოლო გადაწყვეტილებასთნ. გზავნილები იქნება ასოცირების ხელშეკრულება და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ პროცესებზე. ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც ყურადღების მიღმა რჩება ეს ფაქტი, რომ ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს უვიზო რეჟიმის მიმოსვლის გადაწყვეტილების თაობაზე. ეს მართლაც ისტორიული იქნება ჩვენთვის. ასევე, ნატოსთან მიმართებაში ისინი წაიღებენ ჩვენს გზავნილებს და გაგვიზიარებენ თავის პოზიციებს, რეალურად როგორი ხედვა აქვთ.
სულ ცოტა რჩება, ძალიან სწრაფად მიდის დრო. სამწუხაროდ, ძალიან სწარფად და მძიმედ ვითარდება მოვლენები უკრაინაში, რეალუარად უკვე აშკარად სახეზეა საბრძოლო სამხედრო მოქმედებები. ვთვლი, რომ ამ ფონზე ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ისტორიული მნიშვნელობისაა.
უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოში გავლენიანი ქვეყნის პირველი პირების ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ ეს არის ქვეყნა, რომელსაც ეროკავშირის მხარდაჭერა აქვს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ ევროპა აქ არის. ეს ჩვენი მოთხოვნა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველა დონეზე აყენებს ამ საკითხს. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი უწყება ძალიან აქტიურად ვმუშაობდით იმაზე, რომ ასეთი ტიპის ვიზიტების ინტენსივობა ყოფილიყო. ვინაიდან, ეს არის დემონსტრირება, რომ ევროპა აქ არის და არა სადღაც, შორს.
ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მათი გზავნილი მიდის შემდგომ ადრესატამდე - რუსეთამდე, რომ ევროპა მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რათა საქართველოში იყოს სტაბილურობა, უსაფრთხოება. ჩვენ საფრანგეთან ერთად, კიდევ, დამატებითი მნიშნვნელობის, ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამშვიდომო მისიაში მივიღებთ მონაწილეობას.
ამას დამატებითი პოლიტიკური და უაღრესად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, როგორც გითხარით, ფაქტობრივად გაწერილია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე განრიგი. შემდგომ უკვე 10-11 ივლისს გაიმართება ტრადიციული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ძალიან წარმომადგენლობითი იქნება და არაფრით არ ჩამოუვარდება ცნობილ ფორუმებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში იმართება.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, თავისთავად ძალისხმევა მიმართული იქნება ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, მაგრამ ეს რამდენად რთული და გრძელვადიანი პროცესი იქნება? მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ევრაზიული კავშირის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესები არ მოჰყვება...
- მათ სერიოზულად არ აღვიქვამ, ეს ხმაც კი არაა, სუსტი, მინავლებული კნავილია ადამიანების პატარა ჯგუფისა. მე არ ვთვლი, რომ მათი მხრიდან შეიძლება რაიმე საფრთხე მოდიოდეს. მთავარი შეკითხვა რომელიც თქვენ დასვით და ძალიან სწორად ეს შემდგომი პროცესს ეხება. შემდეგომი პროცესი იქნება არანაკლებ რთული, ვიდრე მოლაპარაკების პროცესი. იმიტომ, რომ ეს საჭიროებს მთელი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის და ყველა შესაბამისი უწყების. რეალურად, ეს არის საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა. შეიძლება პირველი ორი თვე არ ჰქონდეს კონკრეტული ეფექტი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ, როდესაც ინვესტიციები გაიზრდება საქართველოში, როდესაც ჩვენი საკანონმდებლო ბაზა აბსოლუტურად ჰარმონიზირებული იქნება და ამის იმპლემენტაცია მოხდება უკვე შესაბამის უწყებებში.
ჩვენ ვნახავთ და მივიღებთ კონკრეტულ ეფექტს და შედეგს. რეალურად ეს არის გზა, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე. სწორედაც რომ ახლა, შემდგომი ჩვენი ძალისხმევა არის ევროპული პრესპექტივის გამოცხადება, ანუ ქვეყანას კონკრეტულად ექნება შესაძლებლობა რაღაცა პერიოდის შემდგომ გააკეთოს განაცხადი. შეიძლება ეს ძალიან მალე მოხდეს.
ერთი წლის უკან მოვლენები სულ სხვანაირად ვითარდებოდა, სულ სხვა დინამიკა იყო, სულ სხვა ჭრილში ჩანდა ეს ასოცირების შეთანხმებაც. დღეს ამან სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო. რა თქმა უნდა, ეს განაპირობა უკრაინაში განხორციელებულმა აგრესიამ. ძალიან სერიოზული გადახედვა მოხდა ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის დამოკიდებულების რუსეთისადმი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ნატო იძულებულია რუსეთი განიხილოს მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად. ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ შემობრუნებას, ძალიან სერიოზულ გადაწყობას თვითონ ნატოს შიგნით და მათ სამომავლო გეგმებს ახალ პარტნიორებთან მიმართებაში.
რუსეთში თუ ესმით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის?
- რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს არანაირი პრობლემების შექმნას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად იზრდება ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მაგრამ საქართველო არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას, რომ 500 მილიონი ევროკავშირის ბაზრის პერსპექტივა დაიხუროს. რა თქმა უნდა, კარგია, ეფექტურია და მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის როდესაც რუსეთის 145 მილიონიანი ბაზარი ღიაა ჩვენთვის, თუმცა ჩვენ პრინციპულობა ვაჩვენეთ. ყოველთვის, ყველა ჩვენს განცხადებებში ვამბობდით, რომ ვერაფერი ვერ შეაჩერებს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირთან და ეს გზავნილი საბოლოო ჯამში მივიდა ადრესატამდე. სამწუხაროა ის, რაც ხდება უკრაინაში და ჩვენ, ჩვენი პოზიცია ძალიან პრინციპულად დავაფიქსირეთ, მაგრამ ჩვენთვის ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეიქმნას რაღაცა საშუალოვადიანი სატაბილურობის და სიმშვიდის ნიშნები რუსეთთან მიმართებაში.
დიალოგს რუსეთთან ალტერნატივა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რომ ადგილი აქვს პროვოკაციებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არა მარტო მხარს უჭერს, არამედ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასეთი მოვლენები ხდება უკრაინაში, იგივე მოლდოვაში, საქართველო ახერხებს რუსეთთან ილაპარაკოს და იმავდროულად, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიიწევს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების ხელმოწერისკენ.
ასევე წინ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, უელსის სამიტი. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების პროცესში რუსეთის ფაქტორი ხომ არ გახდება შემაფერხებელი?
- ამის თაობაზე ყოველთვის აცხადებდა ნატო და ახლაც ძალიან პრინციპულები არიან, რომ მესამე მხარეს არ ექნება ვეტოს უფლება და შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ახლა მიმდინარებს ძალიან სერიოზული კონსულტაციები და ძალიან აქტიურ ფაზაშია ეს კონსულტაციები ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.
საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში და ჩვენ გვაქვს ძალიან სამართლიანი ამბიცია მივიღოთ სერიოზული პროგრესის დაფიქსირება. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ნატოში არის ერთსულოვნება, რომ ეს ახალი ხელშესახები პროგრესი უნდა დაფიქსირდეს. ოღონდ რა დაერქმება ამას და რა იქნება, ამაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტს. საკმაოდ დიდხნიანი პაუზის მერე, ამ სახელმწიფოსთან ორმხრივი ურთიერთობის განვითრება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ასოცირების ხელშეკრულების წინ, არამედ ნატოს მინისტერიალის წინ და ალბათ, ამ ვიზტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა...
- ბატონი ირაკლის პრემიერად დანიშვნის შემდეგ ასე სწრაფად ასეთი მაღალი დონის კონტაქტები, ასეთი მოწვევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე გარწმუნებთ, რომ ეს იქნება უსერიოზულესი და უმნიშვნელოვანესი ვიზიტი თავისი დატვირთულობით. ეს მართლაც არის სერიოზული სიგნალი, სერიოზული გზავნილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები გადაწყდება, ყოველ შემთხვევაში, წინ წაიწევს ამ ვიზიტის დროს.
თავდაცვის მინისტრმა ალიანსს საქართველოში ნატო-ს სამხედრო თავდაცვითი სისტემების განთავსებისკენ მოუწოდა. ალასანიას განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და საქართველომ დაინახოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა. როგორი იქნება ალიანსის პასუხი?
- ბატონმა აპატურაიმ ციტირება გაუკეთა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას, რომ გზავნილი ნატოში მიღებულია და აუცილებლად განიხილება. ბატობი ირაკლი ვიზიტით იმყოფება აშშ-ი, მას აქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი ჩემზე და ბევრზე გაცილებით უფრო კომპეტენტურია ამ საკითხების კონკრეტულად განხილვის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ ოდნავი ინფორმაცია მაინც გახდება ჩვენთვის ცნობილი.
საქართველოს პრეზიდენტმა სააგენტო „Associated Press“ -სთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ვფიქრობ, რომ რუსეთის გარიყვა იყო სწორი არჩევანიო, თქვენ რას ფიქრობთ?
- ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი რუსეთთან, ერთი - ჟენევის ფორმატი და მეორე - ბატონი ზურაბ აბაშიძის და კარასინის შეხვედრა, ეს არის ის ორი ძირიათადი არხი და მიმართულება, რომლითაც უნდა გავაგრძელოთ საუბარი.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება კონტექსტიდან არის ამოღებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ ერთი რამ - ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანემეგობრობამ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების აღსადგენად და უზრუნველსაყოფად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, დაწყებული სანქციებიდან, დამთავრებული თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებით თვითონ ნატოს წევრებისთვის.