არასაპარლამენტო ოპოზიციის წინასაარჩევნო ფაზა მომავალი კვირიდან გააქტიურდება

არასაპარლამენტო ოპოზიციის წინასაარჩევნო ფაზა მომავალი კვირიდან გააქტიურდება

ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე - ამ ლოზუნგით სპორტის სასახლეში ჩატარებული ღონისძიებით 26 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

უფრო ადრე, 12 აპრილს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში, სადაც წარადგინეს მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები.

როგორც ჩანს, თვითმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ თვენახევარს „ოცნება“ და „ნაციონალები“ გეგმაზომიერად იყენებენ. დავით ნარმანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებს ხვდება, თბილისელებს 41 პრობლემის გადაჭრის ამოცანას აცნობს, მზიურის დასალაგებლად მისულს თავისი საქმე გაკეთებული ხვდება...

ამასობაში ნიკა მელიაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ შეჩერებულ მშენებლობას ათვალიერებს და მის მოწინააღმდეგე „ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებსაც“ უმკლავდება, რომლებიც მელიას წინასაარჩევნო შეხვედრებს „აკომპანირებას“ უწევენ. ისმის ნიკა მელიას გამონათქვამებიც  - „მე ხალხს გადავუხდი მადლობას, ნარმანია კი - ბიძინა ივანიშვილს“.

ამ აქტიურობის ფონზე პასიური ჩანს არასაპარლამენტო ოპოზიცია. რატომ აჭიანურებენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას და ხომ არ აძლევს ეს ხელს ნაცმოძრაობას?

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც წესი, ჩვენი პოლიტიკოსები მაშინ იწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას, როცა ცოტა დროა დარჩენილი, რაც გამართლებული არ არის. რაც უფრო დროულად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, მით მეტი შანსი აქვს თითოეულ კანდიდატს, ჩაერთოს პოტენციურ ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ეს არის არჩევნების პრინციპი. ამ ფონზე „ნაცმოძრაობამ“ ბევრად უფრო გონივრულად იმოქმედა, როცა მაშინ გამოჩნდა ბილბორდები და ვიდეორგოლები, სანამ კანდიდატთა სიმრავლე არ იყო და ეს ყველაფერი მათ აღქმადობას ხელს უწყობდა.

„წინასაარჩევნო კამპანიაში ცალკეული პარტიები გვიან ერთვებიან. ეს ალბათ, აიხსნება ზოგიერთი პარტიის ფინანსური რესურსის შედარებითი სიმწირით. ხშირად პარტიები ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია, რაც არაკვალიფიციურმა სპეციალისტებმა ან შიდა რესურსმა არ უნდა განახორციელოს.

ჩვენი ამომრჩევლის თვალში პოლიტიკური მხარეები გაბანკროტებულნი არიან, რამდენადაც საარჩევნო სუბიექტებს ხშირად თვითმიზნად აქვთ მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება და ნაკლებად აღელვებთ სხვა საკითხები, ნაკლები სათქმელი აქვთ ამომრჩეველთან, ამიტომ რაკი ეს სათქმელი არ არსებობს, ისინი ვერც ხვდებიან, როგორ აწარმოონ მთელი ეს პროცესი და რა ილაპარაკონ. ყველაფერი ბანალურ მეთოდზეა დაყვანილი. მათ ჰგონიათ, რომ მოხუცებთან შეხვედრა, სისხლის გაღება, ეკლესიაში სანთლის დანთება, - ეს მარტივი პაპსა-ქცევები შედეგს უზრუნველყოფს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

ექსპერტს არ მოსწონს, როცა საარჩევნო სუბიექტები საკუთარი უპირატესობის ჩვენებაზე კი არიან ორიენტირებულნი, არამედ სხვის დისკრედიტაციას ცდილობენ. მაგალითად, ისმის მოწოდებები, არ აირჩიო „ქართული ოცნება“, ის არ მუშაობს; არ აირჩიო „ნაცმოძრაობა“, ის ჩვენ დაგვანგრევს; არ აირჩიო არასაპარლამენტო ოპოზიცია, რადგან უუნაროა. ამის საპირისპიროდ, საერთაშორისო დონეზე წამყვან ქვეყნებში კანდიდატს ყოველთვის მინუსად ეთვლება სხვისი სისუსტით აპელირება, ჩვენთან კი ეს ეფექტურია. მისივე აზრით, თუკი არასაპარლამენტო პარტიები ეფექტურად წარმართავდნენ თავიანთ კამპანიას, მათი შანსები ბევრად რეალისტური იქნებოდა, მათ შორის, გამარჯვებაზეც ექნებოდათ პრეტენზია.

„გააჩნია, მერობის კანდიდატები რას და როგორ გამოიყენებენ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მერობის ერთ-ერთი კანდიდატის  - დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ელექტორატზე მუშაობის კარგი საშუალებაა, დავით ნარმანიამაც დაიწყო შეხვედრები და ერთი დადებითი ტენდენცია აშკარაა, რომ ამჟამინდელ კამპანიაში კანდიდატების მხრიდან უფრო კორექტული დამოკიდებულება მოჩანს. სხვა არჩევნებზე ლიდერები ბევრად უფრო უხეშად გამოდიოდნენ ერთმანეთთან მიმართებით. ნარმანია მოზომილი პოზიციებით გამოდის, ასევეა ნიკა მელიაც, უხეშობით არ გამოირჩევა არც კახა კუკავა. დიმიტრი ლორთქიფანიძე კრიტიკულია, მაგრამ თავისი არსით არ არის უხეში და უშინაარსო“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ, მართალია, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ აქტიურად ცდილობენ, შექმნან ორი პოლუსი და მშვიდად წარმართონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ მომდევნო კვირიდან კოალიცია „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ აქტიურ ფაზას გეგმავს და ისეთი დავარცხნილი საარჩევნო კამპანია, რომელიც აწყობს „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“, აღარ იქნება.

„ჩვენს კოალიციაში არის სირთულეები, თუნდაც საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით. რეგიონებში ახლა იგეგმება შეხვედრები კოალიციის ლიდერ ნინო ბურჯანაძის ჩასვლასთან დაკავშირებით, ყველგან დავასახელეთ მაჟორიტარები, თვითმმართველ ქალაქებში - მერები, რაიონში - გამგებლები და წინასაარჩევნო სამზადისში ვართ. რაც შეეხება რეგიონებს, აქ აქცენტი ცნობად სახეებზე არ კეთდება, ჩვენთვის მთავარია ავტორიტეტული ადამიანები, რომელმაც იციან საკუთარი რაიონის პრობლემები და, რომლისაც სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. რაც ხდებოდა ცხრა წლის მანძილზე, ამას ჩვენი მოსახლეობა ვერ ეგუებოდა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში სრული უძრაობა შეიმჩნევა“, - გვითხრა ზაზა ვეკუამ და განაცხადა, რომ მათ დრო არ დაუკარგავთ და „ნაცმოძრაობა“ ან რომელიმე სხვა პარტია ამით ვერ ისარგებლებდა. მით უფრო, რომ „ნაცმოძრაობას“ ისინი ნამდვილად არ მიიჩნევენ მეორე პოლიტიკურ ძალად.

საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათ უკვე ჰქონდათ გასვლითი შეხვედრა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. მანამდე ისინი იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში რეგიონალურ შეხვედრებზე, სადაც ყველა რაიონსა და ქალაქში შექმნეს საარჩევნო შტაბები. სამ დღეში არასაპარლამენტო ოპოზიცია დაასრულებს ანალოგიური შტაბების ფორმირებას და პირველი ეტაპის შემდეგ დაიწყებენ მოქმედებას. რეალური საარჩევნო პიარ-კამპანია კი დაახლოებით 10-15 მაისიდან დაიწყება, თავისი შეხვედრებით, ღონისძიებებით, კონკრეტული ქმედებებით.

„გასაგებია, რომ ყოფილი და ახალი ხელისუფლება უკვე აქტიურ ფაზაზე გადავიდა. მათ სახელმწიფოს ხარჯზე მიღებული აქვთ რესურსები მედიაში აქტივობის თუ სხვა სახის აქტივობის თვალსაზრისით. მათ ხელს უწყობს საარჩევნო გარემოც, მაგრამ ჩვენი შედარებით მოკრძალებული საარჩევნო რესურსებით შევეცდებით, კონკურენცია გავუწიოთ არა მხოლოდ ახლანდელ ხელისუფლებას, არამედ - წინა ხელისუფლებისგან შემორჩენილ რესურსებს. ყველა სუბიექტი, ვინც ცალ-ცალკე გამოდის არჩევნებში, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ერთმანეთის კონკურენტია. ვფიქრობთ, ეს კამპანია დააფიქსირებს გაცილებით უფრო კონკურენტულ გარემოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიდრე ეს იყო ორპოლუსიანი პოლიტიკის წარმოების დროს საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ და განმარტა, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს სააგიტაციო არეალი გაცილებით შემცირებულია და საარჩევნო კამპანიისთვის ერთი თვე სრულიად საკმარისია. მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ძვირი ჯდება.