,,არჩევანი სამართლიანობის აღდგენასა და დასავლეთს შორისაა გასაკეთებელი

,,არჩევანი სამართლიანობის აღდგენასა და დასავლეთს შორისაა გასაკეთებელი"

პოლიტიკის დეპოლიტიზაცია

ინტერვიუ ექსპერტ ვაჟა ბერიძესთან


- ბატონო ვაჟა, რა არის ის უმთავრესი, რაც მიმდინარე მომენტის თავისებურებას განაპირობებს, რა ფაქტს თუ მოვლენას გამოარჩევდით მიმდინარე პროცესებიდან?

- ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები არ არის საკმარისი, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბების მავნე პრაქტიკა და ტრადიცია დასრულდა, აღმოიფხვრა და საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ცივილიზებული სამყაროსა და ევროკავშირისკენ. მოგეხსენებათ, იქ ხალხის ნება უზენაესია და, ვთქვათ, საფრანგეთში, შესაძლოა, მთავრობას და პოლიტიკურ კლასს უნდოდეს ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის მიღება, ასევე ჰოლანდიაში და სხვაგან მაგრამ ხალხმა, ელექტორატმა, ამომრჩეველმა უარი თქვას ამაზე და ერთიანი კონსტიტუციის მიღება, ევროკავშირს ვგულისხმობ, გადაიდოს. უკვე ასეა პოსტსოციალისტურ პოლონეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ბალტიის ქვეყნებში და ასე შემდეგ. მაგრამ ასე არ არის ჩვენს პოსტსაბჭოთა სამეზობლოში. საქართველოში სულ ერთი ასეთი არჩევნებია შემდგარი – საპრეზიდენტო, როცა წინასაარჩევნო პერიოდი და საარჩევნო პროცედურები მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა ევროპის სტანდარტებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ თვითონ გულმოდგინედ უნდა დავაკვირდეთ ამ, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის, არჩევნებს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს და თანდათან დავრწმუნდეთ იმაში, რომ ხალხი თავად აკეთებს არჩევანს და მისი ნება უზენაესია. დღეს, სამწუხაროდ, ამის თქმის უფლება ჯერ არ გვაქვს. ეს ერთი გლობალური საკითხი და მეორე: როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას, ვგულისხმობ ,,ქართული ოცნების" მთავრობას და მისსავე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება სამართლიანობის აღდგენასა და დასავლეთს შორის. 

იმაზე, რომ სამართლიანობის აღსადგენად ბიძინა ივანიშვილმა და ,,ქართულმა ოცნებამ" ბევრი გააკეთა, არავინ დაობს, ამნისტიით დაწყებული ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ საზოგადოება მიიჩნევს და მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სამართლიანობის დამკვიდრება, იგივე აღდგენა, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა, ჯერ კიდევ უამრავი მოქალაქე, უამრავი მესაკუთრე, ბიზნესმენი თავს ნაციონალების ხელისუფლებისგან დაჩაგრულად და დაზარალებულად მიიჩნევს. ხალხს არ აქვს აგრესია ახალი ხელისუფლების მიმართ, არ არის მისი უმეტესობა იმედგაცრუებული, რომ სასიკეთოდ არ შეიცვალა მისი პირადი კეთილდღეობა, მყისიერად არ მოხერხდა ეკონომიკის ამუშავება, მაგრამ მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან, რომ ელიტური კორუფციის ,,მამები~ დაუსჯელები დადიან, დაკავებულთა უმეტესობისთვის დასაბუთებული ბრალდების წაყენება ჭირს და სამართლიანი სამართალი ჯერ კიდევ მიუღწეველი და არარეალურია. ამ დროს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, შტატები და ევროპა, მათი ლიდერები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელშეუხებლობას მოითხოვენ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ჩადენილი დანაშაული და სამართლებრივი გადაცდომა. საყურადღებო ფაქტი - ,,ვაშინგტონ პოსტი", მის შესახებ წინააღმდეგობრივი მოსაზრებების არსებობის გათვალისწინებით, ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ობამამ პრემიერ ღარიბაშვილს პირდაპირ მოსთხოვა შეწყვიტოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარება და სამართლებრივი დევნა. შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ამ ეტაპზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხარისხიდან გამომდინარე, `ქართული ოცნების~ ხელისუფლებამ და, უწინარეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა გააკეთოს სწრაფი არჩევანი სამართლიანობის აღდგენასა და დასავლეთთან მეგობრობას შორის. ქართული საზოგადოების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლების პირველი ეშელონის წარმომადგენლებს უამრავი სამართლებრივი გადაცდომა აქვთ ჩადენილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ, რომელიც, ვფიქრობ, იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას, ზურგი შეაქციოს დასავლეთს და პრინციპულად დადგეს სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების პოზიციაზე. თუმცა, დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევით, ,,ქართული ოცნება" ბევრს დაკარგავს ხალხის, ამომრჩევლის თვალში. 

,,სააკაშვილი ჩვენებას არ მისცემს"

-თქვენი აზრით, სააკაშვილი მისცემს თუ არა ჩვენებას, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?

- სააკაშვილი ჩვენებას არ მისცემს. ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, ეს არის სასამართლოში გამოცხადება, ,,მისი" სასამართლოს მხრიდან მხარდაჭერის პირობის გარანტიით. არანაირი `სკაიპი~, არანაირი ჩაკითხვა უკრაინაში თუ შტატებში მის დასაკითხად არ შედგება. სააკაშვილი მათი, ამერიკელებისა და ევროპელების, საყვარელი პროდუქტია, ერთადერთი `გამართლებული~ ექსპერიმენტი, ვისითაც თავს იწონებდნენ ოკეანის გაღმა. მას 2008 წლის აგვისტოს ავანტიურაც ეპატია, ეპატია 5 მილიარდიც, რაც დასავლეთმა გადაიხადა, რათა საქართველოს სახელმწიფო, მისი ეკონომიკა, საბანკო სისტემა არ ჩამოშლილიყო. თუმცა იმავე ფაქტმა დასავლეთი პირველად დააფიქრა სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე. სააკაშვილი რომ უღირდეს დასავლეთს, მას ტაფტის უნივერსიტეტში კი არ გაამწესებდა ან უკრაინაში კი არ გამოიყენებდა შიკრიკად, რომელიმე პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიხილავდით მაღალ თანამდებობაზე. სააკაშვილი, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა ადეკვატურად შეაფასა, მაგრამ მის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას მაინც არაგზით არ დაუშვებს. ეს მის მიერ, დასავლეთის მიერ, საკუთარი ბრალეულობის აღიარება იქნებოდა. ეს კი დასავლეთს ხელს არ აძლევს. 

მერიტოკრატია თუ ფავორიტიზმი

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად ყოველივესი, სააკაშვილი მაინც წარსულია, გუშინდელი დღეა. მოდით საარჩევნო კამპანია შევაფასოთ, რომელიც დღითიდღე ძალას იკრებს.

- ნუ იტყვით, ნუ იტყვით, ეს ,,გუშინდელი დღე" მთავარი ოპოზიციური პარტიის - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა, ლიდერია და პარტია, დარწმუნებული ვარ, მის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს. მისი გავლენის ქვეშ არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია - `რუსთავი2~, ის სავარაუდოა, რომ აკონტროლებს სერიოზულ ფინანსურ რესურსებს, რომლებთანაც პირდაპირ შემხებლობაში არ არის. ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისევ ორი ტიტანის – მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ჭიდილის მოწმენი ვართ. ბოლო ბრძოლა – არჩევნები ივანიშვილმა ნოკდაუნით მოიგო, მაგრამ სააკაშვილი დანებებას არ აპირებს. 

რაც შეეხება არჩევნებს, მას ინტრიგა ნამდვილად აქვს. თუ არჩევნები არ გაყალბდა, მე კი ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება, ინტრიგა სერიოზულია. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 10%-იანი მყარი ელექტორატით, 40-45%-იანი ,,ქართული ოცნება", იმედგაცრუებულთა 20%-იანი ელექტორატის მერყეობის პირობებში (40%+20%), ამბიციური, მაგრამ მეტ-ნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია, ,,თავისუფალი საქართველო", ,,პატრიოტთა ალიანსი" და ,,ლეიბორისტები", საკმაოდ საინტერესო ფრონტს გახსნიან. მე არ ვიცი ჯერ ,,ქართული ოცნების" კანდიდატები, მაგრამ ვეჭვობ, თუ ყველგან იმავე პრინციპით იმოქმედებს მმართველი ძალა, როგორითაც მერობის კანდიდატები შეარჩია, ბევრგან მას გაუჭირდება. 

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- თუ არ ჩავთვლით ნარმანიას, მურღულიას და ერმაკოვს მერობის კანდიდატები ძირითადად უცნობები არიან. ისევ ბიძინა ივანიშვილის იმედად ყოფნა საიმედო გარანტია არ არის. ამ არჩევნებსაც მოიგებს ივანიშვილი, მაგრამ სერიოზული ჩავარდნები არ არის გამორიცხული. არაკორუფცირებული და არაკომპრომეტირებული კანდიდატების ძიებაში ,,ოცნებამ" ფაქტობრივად მოახდინა პოლიტიკის დეპოლიტიზაცია. მოხდა პარტიების პროფანაცია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია `ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო~, სადაც პირველი პირები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არიან, ანუ პარტია არ ფუნქციონირებს. დიდი ხანია პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილების არმქონე ადამიანები. ისინი არიან მსახიობები, ბიზნესმენები, ბოტანიკოსები, ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის ახლახანს კურსდამთავრებულები. არამარტო საკადრო პოლიტიკა შეიცვალა, არამედ პოლიტიკის კეთების პრაქტიკა და სტილი. ამგვარი მიდგომით კიდევ უფრო გაღრმავდა საზოგადოებაში არსებული უნდობლობა და ნიჰილიზმი პოლიტიკოსების მიმართ. არადა, პოლიტიკასაც, ისევე როგორც ქირურგიას, მათემატიკას, აგრონომიას და ასე შემდეგ სჭირდება პროფესიონალები, პროფესიონალი პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების ფენა ამა თუ იმ ქვეყანაში არ არის რაღაც ჩაკეტილი კასტა და ის, ბუნებრივია, დროდადრო ივსება პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი მონაცემების მქონე მეცნიერებისგან, ბიზნესმენებისგან, ექიმებისგან... წარუმატებელი და კომპრომეტირებული პოლიტიკოსები კი პოლიტიკიდან მიდიან. მაგრამ დროა, დღეს ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ ფავორიტიზმი და ნეპოტიზმი ჩაანაცვლოს მერიტოკრატიის პრინციპებით. ადამიანები პოლიტიკაში უნდა მოდიოდნენ ხალხის ნებით, ხოლო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ არა მავანთა ფავორიტები ან ნათესავები, არამედ პირადი ნიჭითა და უნარით გამორჩეული ადამიანები, ისინი, ჩვენი რჩეულები, ჩვენი ნდობით აღჭურვილი ადამიანები უნდა იღებდნენ კიდეც მაღალ ხელფასებს, პატივს და მდგომარეობას.

ეკუთვნის თუ არა გიორგი მარგველაშვილს გაორმაგებული ხელფასი

- როგორ ფიქრობთ, პარლამენტარებისა და მინისტრების, სახელმწიფო საწარმოების მენეჯერების მაღალი ხელფასები უნდა გადაისინჯოს თუ არა?

- ეს აურზაური სალხინეთში მე სასაცილოდ მეჩვენება. პრიმიტიული პოპულიზმით ხალხის გულს ვერ მოიგებ. როცა უზარმაზარი კომპანიის, ვთქვათ ,,საქართველოს რკინიგზის" მენეჯერად მოგყავს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც შვეიცარიაში დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლა წელიწადში 80 ათასი ევრო ღირს და წინა თანამდებობაზე ჰქონდა ყოველთვიური გასაშუალოებული ხელფასი, პირობითად, 30-40 ათასი დოლარი, რა უნდა დაუნიშნო ხელფასად? 1000 ლარი? შენ გჭირდება სახელმწიფო საწარმოში ეფექტური მენეჯმენტი და კვალიფიციური მმართველი, თორემ მას ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვს და ასეა მთელ მსოფლიოში. ლამის 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისი საბანკო-საფინანსო სექტორის მაღალი მენეჯმენტის ასტრონომიული ციფრებით გამოსახულ ანაზღაურებას დაბრალდა. დიახ, მაღალი რანგის მენეჯერს, თუნდაც სახელწიფო საწარმოსი, უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი. ასევე ზომიერად მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, სახელმწიფო მოხელეებს. ისინი ოჯახის რჩენის პრობლემაზე, თითოეული ჩვენთაგანივით არ უნდა ფიქრობდნენ და ამის უფლებას, უფლებას ჰქონდეთ მაღალი ხელფასები ჩვენ ვაძლევთ, ხალხი, როცა ვირჩევთ და არჩეულებს ვაძლევთ სახელწიფო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ღირსეული კადრების მიღების უფლებას. ოღონდ არა ფავორიტების და არა ნათესავების, არამედ ობიექტური კონკურსის მეშვეობით შერჩეულების. 
ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ გიორგი მარგველაშვილი შეაქო – ჩემი მრჩევლობის პერიოდში, მრჩევლობისთვის ხელფასი არ აიღოო. ჩანს ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული მარაგები ბატონ გიორგის. როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ხელფასი გაიორმაგა. ალბათ ესეც არ მოეწონა ყოფილ პრემიერს, როცა მარგველაშვილი შერისხა. მე სხვა რამის გამო გავიხსენე ეს ფაქტი – ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ საგარეო პოლიტიკის მთავარი კოორდინატორი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, დღევანდელი ცხოვრების დონის გათვალისწინებით საქართველოში, მინიმუმ 20 000 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ხელფასი. რეალურად ხელზე აღებული 7 000 ლარი გაწვდება პრეზიდენტის საარსებო საჭიროებებს? ეს თვალთმაქცობა და ბლეფია.

დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში

- ბატონო ვაჟა, გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ თქვენ მის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

- გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას. ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ყოფნა რომ მიეჩნია მიზანშეწონილად და შესაძლებლად, ასე მალე არ წავიდოდა პრემიერის პოსტიდან და პოლიტიკიდან. ეს უფრო მისი მომხრეების მიერ გავრცელებული ჭორი მგონია, რადგან `ქართულ ოცნებას~ ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერის გარეშე ყველა მომდევნო არჩევნებში გაუჭირდება. ისედაც, პოლიტიკის გარეშეც, ივანიშვილი დღეს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და თუ რომელიმე ავტორიტეტული სოციოლოგიური ჯგუფი კვლევას ჩაატარებს, გარწმუნებთ, გავლენის რეიტინგის სათავეში პირველ ადგილზე ბიძინა ივანიშვილს ვიხილავთ. თუმცა მე არ მიმაჩნია გამართლებულად და მისაღებად არაუფლებამოსილი და არაანგარიშვალდებული პირის მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისი სიმპტომებიც აქა-იქ ჩანს ხოლმე. პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" შეკრებაზე სპორტის სასახლეში მისი ყოფნა ლოგიკურია, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის სამუშაო თათბირზე ბატონ ბიძინას პრეზიდიუმში ყოფნა ლოგიკას და პოლიტიკური ცხოვრების დასავლეთში მიღებულ ნორმებს არ ეთანადება. მე ადრევე მივუთითებდი ამგვარი პესპექტივის არასახარბიელო ხასიათზე და ვურჩევდი ბატონ ბიძინას თითონ ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. შეკვეცილი უფლებების მქონე ავტორიტეტული პრეზიდენტი ივანიშვილი საქართველოს უდაოდ გამოადგებოდა.