ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თაობაზე ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და თამარ კორძაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მმართველი გუნდის წევრებს შორის სადაო მეორე მუხლის მეორე პუნქტი გახდა, რომლის მიხედვითაც, ინიციატივას „საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის“ პუნქტი დაემატა.
საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ცხარე კამათის 112 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცა, მაგრამ ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას წინ სასულიერო პირებთან მოლაპარაკებების გამართვა და უმრავლესობაში კონსულტაციების წარმოება უსწრებდა.
სასულიერო პირებს, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, შალვა თადუმაძე და გია ვოლსკი შეხვდნენ. მხარეები პროექტის კორექტირებაზე შეთანხმდნენ და სესიაზე კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია გავიდა, რაც უმრავლესობაში უთანხმოების მიზეზი გახდა.
კერძოდ, თამარ კორძაიამ და თინა ხიდაშელმა თავდაპირველად, კანონპროექტში არსებული ის ნორმა გააპროტესტეს, სადაც ეწერა, რომ „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“.
პლენარულ სხდომაზე ზემოთ აღნიშნული ნორმის გაჟღერება რესპუბლიკელებმა „სიუპრიზად“ შეაფასეს და რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა. მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები დახურულ ფორმატში გაიმართა, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ბესელია და კორძაია-ხიდაშელი დაუპირისპირდნენ. ხიდაშელმა კანონპროექტიდან აღნიშნული ნორმის დაუყონებლივ ამოღება მოითხოვა, ბესელიამ კი მათ საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მსგავსი ნორმა აღარ იქნებოდა, ის ცვლილებას მხარს არ დაუჭერდა.
მმართველი გუნდის წევრებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ბესელია და ხიდაშელი კი, ცალ-ცალკე სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ. თუ ვისთან, ეს უცნობი რჩება.
სხდომის განახლების შემდეგ, უმრავლესობამ მეორე მუხლის მეორე პუნქტის ჩასწორებული ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც საბოლოო ჯამში დამტკიცდა. კერძოდ, პროექტში ჩაიწერა, რომ „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზოგადოებრივი წესრიგის და ზნეობის დაცვა ხდება და როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება“.
უთანხმოების თაობაზე ინფორმაცია პრესასთან თინა ხიდაშელმა არ დამალა და განაცხადა, რომ თავდაპირველ ვერისას არ ეთანხმებოდა, მაგრამ ჩასწორების შემდეგ, პროექტს ხმა მისცა.
„სხდომის დაწყების წინ, მსგავსი „სიუპრიზი“ არ უნდა გვხვდებოდეს. საბოლოო ჯამში, ეს პატარა გაუგებრობა გამოსწორდა. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას წელში გამართულები უნდა შევხვდეთ“, - დასძინა ხიდაშელმა, ბესელია კი ჩასწორებულ ვერსიაზე აპელირებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტში ინტერპრეტაციები გამოირიცხა, რაც შეიძლება, მომავალში გამოყენებული ყოფილიყო.
„საფრთხეები განეიტრალებულია. ასევე დავამატებ, რომ სასულიერო პირებს რელიგიურ საქმიანობაში ხელი არ შეეშლებათ და ეს პირდაპირ ჩაიწერება მეხუთე მუხლში“, - აღნიშნა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრების მსგავსად, ცვლილებას მხარი დაუჭირეს უმცირესობის წარმომადგენლებმაც, თუმცა, ისინი პროექტს აკრიტიკებენ.
როგორც for.ge-ს ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა, მეორე მოსმენის ტექსტი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე თავდაპირველი.
მისი თქმით, პროექტიდან ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც დისკრიმინაციული გარემოს შექმნას და შევიწროებას კრძალავდა.
„ასევე შევიდა მითითება „ზნეობრივი ნორმების“ დაცვის აუცილებლობაზე. ეს ფორმულირება იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ნამდვილად არ არის დახვეწილი. სინამდვილეში ინიციატივის მიზანი უმცირესობების უფლებების დაცვა კი არ არის, არამედ ამოცანა უმრავლესობის გულის მოგებაა. ამ შემთხვევაში საუბარია ეკლესიის წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ. ჩასწორებული ჩანაწერით პრაქტიკაში, სასამართლოს ექნება პასუხისმგებლობა, რომ ცალკეულ შემთხვევებზე იმსჯელოს, მაგრამ როდესაც პირი დააყენებს, რომ არის დისკრიმინაციის მსხვერპლი, დისკრიმინაცია გამართლებული იქნება იმით, რომ მათი საქციელი „ზნეობრივ ნორმებთან“ შეუსაბამო იყო“, - განმარტავს თაქთაქიშვილი, რომლის გუნდმაც, for.ge-ს ინფორმაციით, სადაო მუხლზე კონსულტაციები გიგა ბოკერიასთან გაიარა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გუბაზ სანიკიძე გამოვიდა, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა.
დეპუტატის შეფასებით, კანონპროექტის შესახებ ხალხის უმრავლესობა ინფორმირებული არ არის და ეს ხელისუფლების ბრალია, რადგან რაზეა საუბარი სათანადოდ არ არის ახსნილი.
მისი მოსაზრებით, ის რასაც უყურებს, ქართული ეკლესიის „ბომბარდირება მიდის“ - შეგნებული თუ შეუგნებელი, მისი კოლეგების და არამხოლოდ კოლეგების მხრიდან.
„მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ამ კანონპროექტში რაიმე ახალი ჩაწერილი არაფერია. თუ ვინმეს ამ კანონის ეშინია, ნუ ეშინია და თუ ვინმეს იმედი აქვს რაღაცის, იმედი ნუ ექნება! ეს საკითხი საქართველოში იხურება, რადგან უფლებები თანასწორი ხდება. თუ ვინმე მერე რაღაცეებს გეგმავს, ამაზე შეიძლება პრინციპულად ვეღარ შევთანხმდეთ. ამ კანონის მიღება აუცილებელია, მაგრამ ხანდახან, აუცილებლობა სასიამოვნო არ არის. აუცილებელია ასოცირების ხელშეკრულება და პოლიტიკურ ფლუგერიზმს თავი უნდა დავანებოთ“, - განაცხადა გამოსვლისას სანიკიძემ.
კანონმდებელმა ყურადღება ეკლესიის როლზეც გაამახვილა.
„რაც შეეხება ქვეყნის საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობას, თუ რომელიმე მხარე დასუსტდა, ქვეყანა ხეიბარი იქნება. არასამათვრობო ორგანიზაცისიებს მივმართავ, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ნუ წარმოვაჩენთ, რომ ეკლესიაში არის ბნელი ძალები და ასე შემდეგ. 2008 წლის ომის დროს, არასამთვაროები ცხინვალში არ მახსოვს, მღვდლები კი მახსოვს, რომელთაც გვამები და დაჭრილები გამოჰყავდათ. კიდევ ის მღვდლები მახსოვს, რომლებიც პოლიციის სამართველოსთან დარბევისას მომიტინგეებს იცავდნენ. ეკლესია არის ჩვენი სინდისი და ხანდახან, ბატონებო შეგვაწუხებს და შევწუხდეთ! „ეროვნული ფორუმი“ კანონპროექტს ხმას იმიტომ აძლევს, რომ ეკლესიას დარტყმა ავაცილოთ - პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხსაც ვაგებთ“, - აღნიშნა სანიკიძემ, რომელმაც დავით ბერძენიშვილის გამოსვლა გააკრიტიკა.
თავის მხრივ, ბერძენიშვილი იმ ადამიანებს აკრიტიკებდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალ ხელისუფლებას სექსუალური უმცირესობის მოხსენიებით ხმას არავინ მისცემდა.
„შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, კანონებში მრავლად არის სექსუალური ორიენტაციის შემცვლელი სიტყვები. ხანდახან გვეუბნებიან, რომ სექსუალური უმცირესობის მოხსენიებით ხმას ვინ მოგცემდათო?! მინდა შეგახსენოთ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, ის თავიდანვე აღნიშნავდა, რომ რელიგიური და სექსუალური უმცირესობის ინტერესები დაცული უნდა იყოს და თქვენ აუცილებლად იქნებით დაცული ამ კანონით. საზოგდოების ვნებათაღელვა მესმის, თუმცა, ევროპული არჩევანი არის ალტერნატივა რუსეთის სფეროში დარჩენის. მინდა, ერთი ცნობილი სიტყვა გავიხსენო, რომ სუსტი სახელმწიფო ძლიერ ეკლესიას ნიშნავს. სუსტი სახელმწიფო, პირიქით ეკლესიის სიძლიერეს ნამდვილად არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაუჭირა მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, უმცირესობიდან სხდომას ვინც ესწრებოდა, მათ კანონპროექტს ხმა მისცეს, უმრავლესობიდან კი, for.ge-ს ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში იყვნენ დიმიტრი ხუნდაძე, გია ჯაფარიძე, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი გია გაჩეჩილაძე, მაგრამ მათ საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს და თავი შეიკავეს. ასევე აღსანიშნავია, გოგი თოფაძის პოზიცია, რომელიც დღეს პარლამენტში იყო, მაგრამ როგორც პირველი მოსმენის დროს, ასევე ახლაც, ის ან სხდომათა დარბაზში არ იყო, ან ისევ თავი შეიკავა. როგორც ჩანს, მან საკუთარი პოზიცია დაიცვა და ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. თოფაძის განწყობის შესახებ, რომ „ამ ცვლილებების გამო ხელისუფლებას საარჩევნოდ დაარტყამდნენ და გადაუვლიდნენ“ for.ge იუწყებოდა.
ცვლილებებს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა - ბიძინა გუჯაბიძემ, გიგა ბუკიამ, პაატა კვიჟინაძემ, მერაბ კაჭახიძემ, რევაზ შავლოხაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა, სერგო ხაბულიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, კახა ოქრიაშილმა, გოდერძი ბუკიამ, ანი მიროტაძემ, შალვა კიკნაველიძემ, თემურ მაისურაძემ, მალხაზ ვახტანგიშილმა, გუბაზ სანიკიძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, იაშა შერვაშიძემ, გურამ მისაბიშვილმა, მარიკა ვერულაშილმა, აზნორ ბოლქვაძემ, გოჩა ენუქიძემ, ზურაბ ტყემალაძემ, დემურ ბაშალეიშვილმა, გიორგი კახიანმა, პაატა კიკნაველიძემ, თამაზ ყაჭეიშვილმა, ფრიდონ საყვარელიძემ, დავით უსუფაშვილმა, გიგლა აგულაშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ნოდარ ებანოიძემ, გოგი ქავთარაძემ, ვახტანგ ხმალაძემ, თინა ხიდაშელმა, ნუკრი ქანთარიამ, ზაქარია ქუცნაშვილმა, შალვა შავგულიძემ, ელისო ჩაფიძემ, ოთარ ჩრდილელმა, თეიმურა ჩხაიძემ, დარეჯან ჩხეტიანმა, თეიმურაზ ჭკუასელმა, შოთა ხაბარელმა, ლერი ხაბელოვმა, როსტომ ხალვაშმა, მირიან წიკლაურმა, თენგიზ ხუბულურმა, თედო ჯაფარიძემ, სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, რუსლან პოღოსიანმა, ომარ ნიშნიანიძემ, გუგული მაღრაძემ, თამარ კორძაიამ, დათო ლორთქიფანიძემ, კარლო კოპალიანმა, მანანა კობახიძემ, ივანე კიღურაძემ, ალექსანდრე თამაზაშვილმა, ზურაბ ზვიადაურმა, გია ვოლსკიმ, ალი მამედოვმა, მურმან დუმბაძემ, მახირ დარზიევმა, ვალერი გელაშილმა, ეკა ბესელიამ, თამაზ ავდალიანმა, პაატა ბარათაშვილმა, გოგლა ჟვანიამ, გია ჟორჟოლიანმა, დავით საგანელიძემ.
ასევე პროექტს ხმა მისცეს უმცირესობის წევრებმა - დავით დარჩიაშვილმა, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი თევდორაძემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გივი თარგამაძემ, გიორგი კანდელაკმა, პაატა ლეჟავამ, ირმა ნადირაშვილმა, სამველ პეტროსიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ზურაბ მელიქიშვილმა, მიხეილ მახარაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, გიგი წერეთელმა, ნუგზარ წიკალურმა და გიორგი ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიღების ვალდებულება გამოწვეულია, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით.
ცვლილებებით კი, კანონპროექტის მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.