შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. მათ სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. სტუდენტებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ასევე ესაუბრა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

ახალგაზრდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაციას აწვდიან. სტუდენტებს ასევე უჩვენეს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლი. ვიდეორგოლის მეშვეობით მათ იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიო“-ს მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.