საარჩევნო პროპორციულ სიებთან და მაჟორიტარ კადიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ვინ გახდება მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ეს კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა, ცნობილია, რომ ეს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი არ იქნება.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება. რაც შეეხება ყოფილ „ნაციონალებს“, კალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან. თუმცა, თბილისის საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება.
თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. თბილისში 25 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან - ვაკეში გიორგი მუსხელიშვილი, დიდ დიღომში მაკა გვარამია, ლილოში გულიკო ზუმბაძე, თემქაზე ჯაბა სამუშია, კრწანისში გია კორკოტაშვილი, მთაწმინდაზე ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთში მელორ ვაჩნაძე, ზაჰესში კობა კობალაძე, დიდუბეში კი ზაზა კოლელიშვილი.
თუმცა, კოალიცია „ქართული ოცნება“ არ ადასტურებს ინფორმაციას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით. კოალიციის საარჩევნო შტაბში აცხადებს, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გახდება ცნობილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ ირაკლი შიხიაშვილი საარჩევნო სიაში აღარ იქნება. მისივე ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება კოალიციაში უკვე მიღებულია. გულიკო ზუმბაძე ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის, კახი კალაძის განცხადებას უკავშირებს.
გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, რეგიონების მიმართულებით ეს პროცესი უკვე დასრულებულია. კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას თავისი სია აქვს და ამ დროის მდგომარეობით, კოალიციის საერთო სიის შედგენა მიმდინარეობს.
„შერჩევის პროცესში პრიორიტეტი კანდიდატის კონკურენტუნარიანობას მიენიჭება. სიის პირველი ნომერი ჯერ ცნობილი არ არის. კონსულტაციები მიმდინარეობს და შედეგს საზოგადოება სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის შეიტყობს. რამდენადაც მე ვიცი, ირაკლი შიხიაშვილი გათვალისწინებული არ არის კოალიციის სიაში, ანუ ის წარმოდგენილი არ იქნება საკრებულოში. საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის, კახი კალაძის განცხადება იყო ასეთი, რომ ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოებას კითხვები აქვს, ვერ მოხვდებიან კოალიციის საარჩევნო სიაში. როგორც ჩანს, ამ რანგში მოიხსენიებოდა ირაკლი შიხიაშვილი. ალბათ, ნახავს სხვა სფეროს, სადაც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის უკეთესი საშუალება ექნება“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.
მისი განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საზოგადოებას შიახიაშვილისა და რამდენიმე დეპუტატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აღმოაჩნდა, შესაძლებელია, ტაქტის, შესაძლებელია იმ შეცდომების გამო, რომელსაც ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სჩადიოდა. რაც შეეხება მაჟორიტარებს, თბილისის 10 რაიონი 25 ოლქად იქნება დაყოფილი და ყველა მათგანში ეყოლება კოალიციის თავის მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან, დაახლოებით, 12-13 მანდატი „ქართული ოცნების“ იქნება, დანარჩენი კი კოალიციაში შემავალ პარტიებზე გადანაწილდება.
ვიცე-პრემიერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს საარჩევნო სიაში, თუმცა აცხადებს, რომ ყოფილი „ნაციონალები“ სიაში არ იქნებიან.
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არა მარტო დედაქალაქში არამედ ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ საარჩევნო პროპორციულ სიებს და მაჟორიტარების კანდიდატებს, ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ყოფილ „ნაციონალებს“, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახი კალაძემ.
უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია „ქართლ ოცნებაში“ გადაბარგებული ყოფილი „ნაციონალები“ იხილოს ახალ საკრებულოში.
„ჩვენ გვყავს მთელი წყება ადამიანებისა, რომლებიც ჯერ იყვნენ თავქუდმოგლეჯილი „ნაციონალები“ და ახლა არიან თავქუდმოგლეჯილი „ქართული ოცნების“ წევრები. ეს მარაზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასრულდება კიდეც თბილისიდან დაწყებული ყვარლით დამთავრებული. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვლება“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
თავად შიხიაშვილი ამბობს, რომ შეირჩევა ღირსეული კანდიდატურები.
„საერთოდ არ მიდის საუბარი, ყოფილი, არაყოფილი. შესაბამისად, ვთვლი, რომ შეირჩევა ის ღირსეული კანდიდატურები, ვინც იქნებიან სახე „ქართული ოცნების“. მე მზად ვარ დავიკავო ყოველთვის ის პოზიცია, რა სურვილი ექნება გუნდს“, - განმარტავს ირაკლი შიხიაშვილი.
პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ის აქტივი ვინც 2010 წლიდან 2011 წლამდე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ამ ბრძოლაში, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ეს ადამიანები გარიყულები აღმოჩნდნენ პოლიტიკური სიტუაციიდან და ბუნებრივია, ყოფილი „ნაციონალის“ ყოფნა საარჩევნო სიაში, ამ ხალხის პროტესტს გამოიწვევს.
„ცუდად იმუშავებს ეს საზოგადოების იმ მასაზე, რომელიც პოლიტიკურად აქტიური არაა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ძალიან ბევრი პარამეტრი არსებობს იმისათვის, რომ შიხიაშვილი არ შეეყვანათ საარჩენო სიაში „ქართულ ოცნებას“. არ ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში არასწორად მოიქცა. სწორად არის ყველაფერი გათვლილი. თვითონ შიხიაშვილიც უნდა ხედავდეს, რომ პოლიტიკურად მმართველმა კოალიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა. რომც დარჩენილიყო ის სიაში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია ამაზე იქნებოდა აგებული. სხვა რაიონებშიც დაიწყო გარკვეული დაძაბულობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის. ვთვლი, რომ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ შიხიაშვილი არც მაჟორიტარულ და არც პატრიულ სიაში არაა წარმოდგენილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.